დოქტორი ანდრეი კურპატოვი – ცნობილი ფსიქოთერაპევტი, ფილოსოფოსი, მწერალი, ასზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიაში, შვიდ ენაზე გამოცემული 30 პოპულარული წიგნის ავტორი… ერთი სიტყვით, ადამიანი, რომლის რჩევებისთვის ყურის მიგდებაც ნამდვილად ღირს.

აი, რა რეკომენდაციებს გვაძლევს ის იმისთვის, რომ ცხოვრება ლაღად და სასიამოვნოდ ვიქციოთ:
• არასდროს არავის აჰკიდოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც თქვენ ცხოვრებაში ხდება. მესმის, რომ ცდუნება დიდია, მაგრამ დაინდეთ საკუთარი თავი. ძალას მხოლოდ მაშინ მოიკრებთ, როდესაც გააცნობიერებთ, რომ საკუთარი წარუმატებლობის ავტორიცა და წარმატებების შემოქმედიც თავად ხართ.
• მიიღეთ ფაქტი, რომ წარსულს ვერ შეცვლით, ყველაფერი დამთავრდა. მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ საკუთარი მომავალი შევქმნათ, რომელიც პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, რასაც ახლა ვაკეთებთ — დღეს, ამ წუთას. ნუ გგონიათ, რომ მომავალი აუცილებლად გაგიღიმებთ. მოიქეცით ისე, რომ არ შეიძლებოდეს, არ გაგვიღიმოს.
• განაგდეთ ილუზია, თითქოს სხვების შეცვლა შეგიძლიათ. ქვეცნობიერად ყველას გვჭირს ეს მიამიტობა, შედეგად კი მხოლოდ თავად ვზარალდებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ადამიანებს მხოლოდ ვითარების შეცვლა ძალუძთ, სხვა არაფრისა. ნება მიეცით ადამიანებს, იყვნენ სხვანაირები და რაღაც მომენტში ეს სიამოვნებასაც კი მოგანიჭებთ.
• სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: ირგვლივ მყოფებს ძლიერები ვჭირდებით. სუსტები, დაღლილები, შეწუხებულები და უბედურები არავის ვუნდივართ. თუ სხვაგვარად გაჩვენებენ თავს, იცოდეთ, რომ გატყუებენ. ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა! გაიაზრეთ ეს, ღრმად ჩაისუნთქეთ, მხრები შეიბერტყეთ და მიხვდებით, რომ საწუხარი არაფერია.
• ყველა ჩვენს ნაბიჯს მოსდევს შედეგი. არსებითად, ჩვენ ყოველთვის ვირჩევთ არა საკეთებელს, არამედ შედეგს, რომელსაც ესა თუ ის ნაბიჯი მოგვიტანს. ამიტომ სანამ რაიმე სისულელეს ჩაიდენთ, კარგად გაიაზრეთ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მას და სისულელეებიც თქვენ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად შემცირდება.
• ლამის ყოველი მეორე ოცნებობს, შეძლებისდაგვარად მალე გავიდეს მაძღარ და უზრუნველყოფილ პენსიაზე. მთლად უკეთესი, თუ ეს ახლა, დღესვე მოხდება და ისიც მუშაობის ნაცვლად დასვენებასა და განცხრომას მიეცემა. დაიხსომეთ: ეს ქიმერაა! არა იმიტომ, რომ მაძღარი პენსია არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ადამიანმა უნდა იშრომოს. როგორც კი ამას გააცნობიერებთ, მუშაობა სატანჯველიდან სიამოვნებად გექცევათ.
• ყველანი მოკვდავები ვართ. ეს გარდაუვალი სამედიცინო ფაქტია. არ ღირს ამაზე დარდი და წუხილი. დაატანეთ თავს ძალა და მიატოვეთ ამ თემაზე ფიქრი ერთხელ და სამუდამოდ. ნუ იცხოვრეთ ნურც ისე, თითქოს უკვდავი ხართ, და ნურც ისე, თითქოს ხვალ დგება თქვენი აღსასრულის დღე. თუ ორივე ვარიანტს კარგად გაიაზრებთ, აუცილებლად იპოვით ბედნიერი ცხოვრების საკუთარ რეცეპტს.
• თუ ცხოვრების აზრზე ფიქრს იწყებთ, ესე იგი, დეპრესიასთან გაქვთ საქმე. მნიშვნელოვანია არა კონკრეტული „ცხოვრების აზრი“, არამედ იმის შეგრძნება, რომ გააზრებულად ცხოვრობთ. გააკეთეთ ის, რაც შინაგანად მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად. არ დაგავიწყდეთ ამის ხშირად გამეორება საკუთარი თავისთვის. და ნუ გამოეკიდებით წარმატებას. უბრალოდ, გააკეთეთ ის, რაც მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ და წარმატება თვითონ დაგეწევათ.
• ნურასდროს დახარჯავთ დროსა და ენერგიას მათზე, ვისთვისაც სულ ერთი ხართ, ან, კიდევ უარესი, ვისაც არ უყვარხართ. სამყაროში უამრავი ისეთი ადამიანი არსებობს, რომლებთან ცხოვრებაც სიხარულს მოგგვრით. უბრალოდ, გახსენით გული, ნუ იქნებით ჩაკეტილი და ეჭვიანი. მერწმუნეთ, ამით არაფერს დაკარგავთ.