თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს იმ კლინიკებში, სადაც საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში, პაციენტების მკურნალობისათვის არასწორად ითხოვენ თანხებს, თანამშრომლებს ხელფასებს ჩამოაჭრიან. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სეგრეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს. მინისტრის განმარტებით, წლების მანძილზე ძალიან ხშირი იყო მსგავსი შემთხვევები. ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ადმინისტრაციულ აქტს ადგენდა, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში საქმე სასამართლო პროცესით წყდებოდა, რომელიც ხშირად ერთი წლის მანძილზეც კი გრძელდებოდა.
„ამ ხნის მანძილზე, ეს თანხები გაყინული იყო, რაც სერიოზული პრობლემა იყო… დღეს ჩვენ მივიღეთ დადგენილება, რომლის თანახმადაც სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ჯანდაცვის სამინისტროს ეძლევა საშუალება აწარმოოს ე.წ. ჩათვლები არასწორად მოთხოვნილი თანხების და დაქვითოს ეს თანხები მომდევნო თვის ანაზღაურებიდან“, — განაცხადა სერგეენკომ.
მან აღნიშნა, რომ ასეთ საკითხებზე სასამართლო დავების 95%-ზე მეტი ჯანდაცვის სამინისტროს მოგებული აქვს.
„გასაგებია, რომ კლინიკების ნაწილს ეს არ მოეწონებათ, რადგან გამოკვეთილები არიან კლინიკები, რომლებიც ფაქტობრივად, უსასრულოს ხდიან ამ სასამართლო დავებს. ამ დადგენილებით ჩვენ საშუალება მოგვეცემა, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და პირველ რიგში, პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით განვახორციელოთ ეს ცვლილებები“, — განაცხადა სერგეენკომ.
საყიველთაო ჯანდაცვის პროგრამა (სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა), რომელიც 2013 წელს ამუშავდა, გულისხმობს ოჯახის ექიმისა და გეგმიური ამბულატორიული კვლევის დაფინანსებას. სახელმწიფო ასევე ანაზღაურებს ოპერაციის ღირებულების 70%-ს, ონკოლოგიური დაავადებებისა და მშობიარობის 80%-ს. გარდა ამისა, სახელმწიფო აფინანსებს 12 სხვადასხვა ჯგუფის დაავადებების მკურნალობის დაფინანსებას.