თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს სამი მოქალაქე იმ 23 პირიდან, რომლებიც ისრაელის მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს, სამშობლოში სამშაბათს გამოფრინდებიან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი–გრუზია“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
ისრაელში მიმავალი საქართველოს 23 მოქალაქე მესაზღვრეებმა 23 იანვარს თელ–ავივში, დავით ბენ გურიონის სახელობის აეროპორტში დააკავეს. მათ ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვათ და ისინი დეპორტაციის განყოფილებაში მოათავსეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში უკანონოდ დარჩენას გეგმავდნენ. თავდაპირველი მონაცემებით, ისინი საქართველოში 26 იანვარს უნდა დაებრუნებინათ.
„კონსული დღესვე მივიდა შესაბამის დაწესებულებაში. მან ყველა ქართველი მოინახულა, რომლებიც დეპორტაციას ელოდებიან და ესაუბრა მათ. მათ სერიოზული საჩივრები არ აქვთ. ერთადერთი მათ სთხოვეს, ოჯახებთან ტელეფონით დაკავშირებაში დახმარებოდა და მან ეს საკითხი ადმინისტრაციასთან მოაგვარა… ექიმის რეკომენდაციით გადაწყდა, რომ დაწესებულებაში სამი პირის ყოფნა მიზანშეწონილი არ იყო. ისრაელის მხარემ მათთვის ბილეთები შეიძინა და სამი ადამიანი დღეს თბილისში დაბრუნდება“, — განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა.
განრიგის მიხედვით, ავიაკომპანია Georgian Airways–ის თვითმფრინავი ტელ–ავივიდან თბილისის მიმართულებით ადგილობრივი დროით 21:15 საათზე უნდა გამოფრინდეს (თბილისის დროით 23:15 საათზე). საქართველოს დედაქალაქში ის 1:50 საათზე ჩამოფრინდება.
ისრაელსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ეს გადაწყვეტილება ისრაელის მთავრობამ 2013 წელს მიიღო, რამაც ქვეყნებს შორის ტურისტული ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას ხელი შეუწყო.