რატომ არ უხდება ქართულ სიმღერას ამბიცია – კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

© FB/ Maia Mikaberidzeმაია მიქაბერიძე
მაია მიქაბერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაია მიქაბერიძე – ბიჭუნათა ანსამბლ „მართვეს“ ერთადერთი სოლისტი გოგო, ამჟამად ანსამბლ „საგალობელის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი და თეატრალური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ენერგიულ და ხალისიან ქალბატონს ხუთი შვილი და ორი შვილიშვილი ჰყავს. დეკემბერში ანსამბლი „საგალობელი“ ესპანეთის საერთაშორისო მრავალჟანრობრივ ფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც პირველი ადგილი აიღო.

© FB/ Maia Mikaberidzeმაია მიქაბერიძე
მაია მიქაბერიძე - Sputnik საქართველო
მაია მიქაბერიძე

– ქალბატონო მაია, ესპანეთში გამარჯვების შემდეგ თქვენმა ანსამბლმა, როგორც ჩანს, პატარა ტაიმ-აუტი აიღო?

— ამ ეტაპზე „საგალობელში“ ქართულ ხალხურ სიმღერებს ასი ბავშვი ეუფლება. ამ ეტაზე მართლა შესვენება გვაქვს, რადგან ბავშვებს გარდატეხის ასაკი აქვთ და მათი ხმა ცვლილებას განიცდის. ამიტომ ცოტა შესვენება საჭიროა. ალბათ იცით, დეკემბერში საახალწლო-საანგარიშო კონცერტი გვქონდა. ანგარიში ჩვენს მაყურებელს ჩავაბარეთ. მეორე დიდ კონცერტს სასწავლო წლის ბოლოს, მაისისთვის ვგეგმავთ. ახალი პროგრამა ცნობილ ქართულ კინოფილმებში გაჟღერებულ ქართულ სიმღერებზე გვექნება აგებული. ეს სიმღერები ფოლკლორთან, ქართულ სულთან ახლოსაა. მე ისეთ სიმღერებს ვგულისხმობ, როგორიცაა, მაგალითად ჩვენი საამაყო კომპოზიტორის რევაზ ლაღიძის სიმღერები. ისინი თავის დროზე ფილმებისთვის დაიწერა. ეს პროექტი იმითაცაა საინტერესო, რომ ბავშვებს ფილმები, სადაც ეს სიმღერებია, ნანახიც არ აქვთ. როდესაც ამ სიმღერებს ეცნობიან, მერე ინტერესს გამოთქვამენ, რომ ფილმებიც ნახონ. ყველაზე მთავარი კი ის არის, ეს ფილმები რომ არა, ასეთი სიმღერებიც არ შეიქმნებოდა. მოკლედ, ამ პროექტზე უკვე მუშაობას ვიწყებთ. როცა ჩვენს საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, მერე თქვენ სამსჯავროზეც გამოვიტანთ და შეგვაფასეთ.

© FB/ Maia Mikaberidzeმაია და რამინ მიქაბერიძეები
მაია და რამინ მიქაბერიძეები - Sputnik საქართველო
მაია და რამინ მიქაბერიძეები

– ალბათ რთულია, როდესაც საკუთარი მამა საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, „ხელოვნების ქურუმი“, ფალიაშვილის პრემიის ლაურეატი, ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი და „მართვეს“ დამაარსებელი რამინ მიქაბერიძეა, რადგან ეს ორმაგ პასუხისმგებლობას გაკისრებთ…

— დღეს მამა ისეთ კარგ ფორმაშია, რომ თავის საქმიანობას შესაშური ახალგაზრდული ენერგიით აგრძელებს. მისი თაოსნობით გაკეთდა სიმღერის მოყვარულთა გუნდი, სადაც სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ხალხია, რომელსაც სიმღერის სურვილი ჰქონდა. ისინი კვირაში ორი დღე იკრიბებიან და უკვე საინტერესო პროგრამაც აქვთ. თურმე, ქართულ ხალხურ სიმღერას ამბიცია არ უხდება, ამაშია საქმე!.. ხალხური სიმღერა ამიტომაცაა მოკრძალებული და თავმდაბალი. ეს ჭეშმარიტება წლების შემდეგ აღმოვაჩინე. როცა ქართულ სიმღერას ამბიციას ჩამოაშორებ, ის მშვიდი, ყველასთვის მისაღები და მისაწვდომი ხდება, იმიტომ რომ ყველასია, ხალხმა შექმნა და ისევ მასთან დაბრუნდა. როცა ის ხალხში გადადის, უფრო ბუნებრივი ხდება. ეს ადამიანები 5-6 სიმღერით სცენაზე ავიდნენ, იმღერეს და ყველაფერი ძალიან ლამაზად მოიტანეს. იმით, რომ თავის საქმეს აკეთებს, მამა უზომოდ ბედნიერია. ასე რომ, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდით და იმღერეთ!

© FB/ Maia Mikaberidzeანსამბლი მართვე
ანსამბლი მართვე - Sputnik საქართველო
ანსამბლი მართვე

– სურვილის გარდა სმენაც ხომ უნდა ჰქონდეს?

— მოდი, მაინც სურვილიდან დავიწყოთ… როცა გონება ადგილზეა და მუშაობს, სმენა თანდათან მოვა. თუ ძალიან უიმედო მდგომარეობა არ არის, მაგასაც ეშველება. სწორედ გუნდს აქვს ეს პრივილეგია, გვერდზე რომ კარგი მომღერალი გიდგას, იგი, ასე ვთქვათ, გასუფთავებს.

– და კიდევ ქართული სიმღერის პრინციპიც – „თუ გვერდით მდგომი არ გიყვარს, კარგად ვერ იმღერებ“ – უნდა იყოს დაცული, არა?

— სწორედ ასეა! აბა, სოლისტობა ადვილია.

– ქალბატონო მაია, მრავალშვილიანი დედა ხართ და სულ მიკვირს, როგორ ასწრებთ ყველაფერს?

— „ერთადერთი“ ქმარი მყავს, ხუთი შვილი და ჯერჯერობით ორი შვილიშვილი. აწი შვილებმა უნდა ივაჟკაცონ და გამრავლდნენ. ყველაფერს ვასწრებ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მიყვარს სიცოცხლე, ჩემი საქმე, ადამიანები და ის, რასაც ქართული ხელოვნება ჰქვია!..

ყველა ახალი ამბავი
0