თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე მოკლეს იტალიის საპორტო ქალაქ ბარიში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, 45 წლის მამაკაცის სხეული ცეცხლსასროლი იარაღით ზურგში მიყენებული ჭრილობით ქალაქის ერთ-ერთ სკვერში იპოვეს. ადგილზე სისხლის კვალი არ აღმოჩნდა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ მამაკაცი სხვა ადგილზე მოკლეს, ხოლო შემდეგ სხეული სკვერში დააგდეს.
„საქართველოს საელჩო და საკონსულო იტალიაში ინფორმირებულია ამ ტრაგედიის შესახებ. როგორც კი დაღუპულის ოჯახი შეიტანს განცხადებას საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, დაიწყება დაღუპულის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურა“, — თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
გადმოსვენების პროცესთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სახელმწიფო გაიღებს.