სანამ რუსულ გუნდებში მოასპარეზე ქართველი ლეგიონერები საკუთარ კლუბებთან ერთად თბილ ქვეყნებში შეკრებებზე იმყოფებიან, მათი დასავლეთევროპელი კოლეგები ეროვნული პირველობების მეორე ნაწილში ჩართვას განაგრძობენ. გასული საფეხბურთო უქმეები განსაკუთრებით წარმატებული ლევან მჭედლიძისთვის და გიორგი მაკარიძისთვის გამოდგა.
მჭედლიძემ „ემპოლის“ მოგება მოუტანა
იტალიური სერია A-ს 21-ე ტურის მატჩში „ემპოლის“ და „უდინეზეს“ შორის შეხვედრის ბედი 82-ე წუთზე ერთადერთმა ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა. და ეს დარტყმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ლევან მჭედლიძის ანგარიშზეა.
იტალიის წლევანდელ ჩემპიონატში ქართველი თავდამსხმელისთვის ეს გოლი მეოთხეა. 2014/2015 სეზონშიც მჭედლიძემ ოთხი გოლი გაიტანა. მაგრამ მაშინ მან 25 მატჩი ითამაშა, ახლა კი ამ შედეგს მან 10 მატჩის განმავლობაში მიაღწია.
ამ გამარჯვების წყალობით ტოსკანას კლუბმა 21 ქულა მოაგროვა და გასავარდნ ზონას 11 ქულით ჩამოშორდა.
მაკარიძემ პენალტი მოიგერია
პორტუგალიური პრემიერ-ლიგის მე-18 ტურში „პასუშ ფერეირას“ და „მორეირენსეს“ შორის გამართულ მატჩს მონაწილეთათვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. ორივე კლუბი გასავარდნ ზონასთან ახლოს იმყოფება და მათთვის თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს.
რობერტოს ზუსტი დარტყმის შემდეგ მე–15 წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ. „პასუშ ფერეირას“ ფეხბურთელების ყოველ შეტევას საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე იგერიებდა.
თავიდან 26 წლის მეკარემ პედრინიოს შორეული დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი მასვე პენალტი აუღო.
საბოლოო ჯამში „მორეირენსემ“ გასვლითი გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 2:0 და 17 ქულა დააგროვა. შედეგად კლუბი სატურნირო ცხრილის მე–14 ადგილზე ამოიწია და გასავარდნ ზონას ხუთი პუნქტით დაშორდა.
სეზონის განმავლობაში კაშია პირველად შეცვალეს
ჰოლანდიური „ვიტესის“ კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ ამ სეზონში პირველად მატჩი ბოლომდე არ ითამაშა.
ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-19 ტურის გასვლით თამაშში „გრონინგენის“ წინააღმდეგ „ვიტესის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰენკ ფრეზერმა გადაწყვიტა არ გამოეშვა კაშია მინდორზე შესვენების შემდეგ. ამ გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია, თანაც ქართველ მცველს ტრავმა არ მიუღია.
რაც შეეხება მატჩს, ის ანგარიშით 1:1 დასრულდა. „ვიტესის“ აქტივში 27 ქულაა და ის ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებს.
„გეზტეპეს“ სახელით კობახიძემ სადებიუტო მატჩი ითამაშა
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სანდრომ კობახიძემ, რომელიც უკრაინული „ვორსკლიდან“ თურქულ „გეზტეპეში“ გადავიდა, სადებიუტო მატჩი ითამაშა.
თურქული ჩემპიონატის მე-18 ტურის საშინაო მატჩში „გაზიანტეპის“ წინააღმდეგ ქართველი ნახევარმცველი მინდორზე შესვენების შემდეგ გამოვიდა. იმ დროისთვის ანგარიში 1:0 იყო.
კობახიძე თამაშში წარმატებით ჩაერთო და კლუბს ანგარიშის გათანაბრებაში და გამარჯვების მოპოვებაშიც დაეხმარა. თუმცა უპირატესობის შენარჩუნება „გეზტეპემ“ ვერ შეძლო და თამაში ანგარიშით 2:2 დაასრულა. იზმირის კლუბი მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.
მარცხის მიუხედავად „გეზტეპეს“ აქტივში 32 ქულაა და ის ჩემპიონატის ლიდერს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.
კანკავას „რეიმსი“ ისევ „ბუქსაობს“
ფრანგული „რეიმსი“, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა გამოდის, ისევ „ბუქსაობს“. მე-20 ტურში გუნდმა გასვლითი თამაში „ბურთან“ წააგო (0:1), პარასკევს კი „ვალანსიენთან“ ფრე ითამაშა (0:0).
ორივე შეხვედრა კანკავამ თავიდან ბოლომდე მინდორზე გაატარა, მაგრამ აქტიური მოქმედებებით არ გამოირჩეოდა.
„რეიმსი“ ფრანგულ „ლიგა 1“–ში დასაბრუნებლად ბრძოლას განაგრძობს და ამჟამად მეორე დივიზიონში მესამე ადგილს იკავებს. 21 ტურის შემდეგ კლუბს 34 ქულა აქვს მოპოვებული.