თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ევროპარლამენტის წევრის ნორიკ ნიკოლაის ორგანიზებით აზერბაიჯანის ევროპული საზოგადოებისა (TEAS) და ევროკავშირში აზერბაიჯანისა და საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობით ბრიუსელში 8 მარტს ფილმის „ალი და ნინო“ ევროპული პრემიერა გაიმართება. ფილმი შექმნილია მწერალ გურბან საიდის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“ TEAS-ის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაზე დაყრდნობით.
საპრემიერო ჩვენებას დაესწრებიან აზერბაიჯანის ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფუად ისკენდეროვი, საქართველოს ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, ევროკავშირში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე, ბელგიაში TEAS-ის წარმომადგენლობის დირექტორი მარკ ვერვილგენი.
„ალი და ნინოს“ აღმასრულებელი პროდიუსერია ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი ლეილა ალიევა, პროდიუსერი — კრის ტიკიე, რეჟისორი — BAFTA-ს პრემიის მფლობელი ასიფ კაპადია, სცენარის ავტორი — Academy Award-ის პრემიის ლაურეატი კრისტოფერ ჰემპტონი.
ფილმში აღწერილია 1910-იანი წლების ბოლოს მომხდარი მოვლენები. არისტოკრატიული მუსლიმური გვარის მემკვიდრე ალი და ქართველი ქრისტიანი თავადის ქალი ნინო თავიანთი ბედნიერების უფლების მოსაპოვებლად ებრძვიან გარესამყაროს, სადაც ომი მძვინვარებს ქვეყნებს, რელიგიებს, იდეოლოგიებს და კულტურებს შორის. ფილმის მოქმედება კავკასიასა და ირანში ვითარდება პირველი მსოფლიო ომის მოვლენების ფონზე.
ალის როლს ფილმში მსახიობი ადამ ბაკრი განასახიერებს, რომელიც კინომანებისთვის ცნობილია ხანი აბუ-ასადის ფილმიდან „ომარი“, რომელმაც 2014 წელს „ოსკარი“ მიიღო.
ხოლო ნინოს როლს ესპანელი მსახიობი მარია ვალვერდე ასრულებს, რომელიც ასევე ცნობილია მთავარი როლით ფილმში „სამი მეტრი ცის დონიდან“.
სურათის მსოფლიო პრემიერა გასული წლის 27 იანვარს აშშ-ში, პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალის Sundance ფარგლებში გაიმართა.