მართალია, ქალებს ცოტა გაგვიჭირდება ამ დღის ჩვენთვის არატრადიციული ფორმით აღნიშვნა, ჩვენთვის ხომ ხშირად დუმილზე მეტად სიტყვა, უფრო სწორედ სიტყვებია მნიშვნელოვანი?!… თუკი სიჩუმის ფენომენზე, ცნობილი ფრაზის: „დუმილი ოქროაო“-მიხედვით ვიმსჯელებთ, მაშინ ის ერთადერთი ოქრო გამოდის, რასაც ქალების გარკვეული ნაწილი საერთოდ არ ცნობს — მის არც ერთ უნციას!….
თუმცა დუმილის სასარგებლოდ ერთ გავრცელებულ ბრძნულ რჩევას მოვიშველიებ: დადუმდი, ან სთქვი დუმილზე უკეთესიო… მართლაც, თუკი სათქმელი არაფერი გაქვთ, ამ შემთხვევაში, დუმილი ყველაზე საუკეთესო და ბრძნული გადაწყვეტილება იქნება, უბრალოდ დადუმდით და დარწმუნებული იყავით, მოწინააღმდეგე თქვენს დუმილში, ზუსტად იმ აზრს ამოიკითხავს, რაც ყველაზე ნაკლებად აწყობს და რაც შესაძლოა, თავში აზრადაც არ მოგსვლიათ…
„სიტყვები, სიტყვები, სიტყვები“- წარმოთქვა ერთხელ შექსპირმა და ამით მათ უსუსურობას გაუსვა ხაზი, რა თქმა უნდა, მან ის სიტყვები იგულისხმა, რასაც ადამიანის ქცევებთან საერთო არაფერი აქვს და ჩვენი გრძნობების გამოხატვისთვის მხოლოდ ცარიელი ფასადია…
ინდური სიბრძე გვასწავლის: იმისთვის, რომ საკუთარი თავი უკეთ აღვიქვათ- სიჩუმის დღეები უნდა მოვუწყოთ საკუთარ თავსო. ჩვენში ამ კალენდარული დღის აღნიშვნა მარტო ქალებს კი არა, მამაკაცებსაც გაუჭირდებოდათ. საერთოდ ზოგჯერ მაინც, სიტყვებს არსს უკეთ რომ ჩავუღრმავდეთ, დუმილი მართლა არ გვაწყენდა- ის ჩვენი პრობლემების პროფილაქტიკისთვის მართლაც აუცილებელია.
როგორ და რომელი ფაქტის შემდეგ გაჩნდა მსოფლიო კალენდარში ეს დღე არავინ იცის, ერთ —ერთი ვერსიით, ის ამერიკაში სტუდენტების მიერ ძალადობის წინააღმდეგ მოწყობილი იმ საპროტესტო აქციის (Day of Silence) შედეგია, რომელიც 1996 წლიდან ამერიკაში, ხოლო, ევროპაში კი-2006 წლიდან იმართებოდა. ეს ყოველგვარი, ფიზიკური და მორალური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული დუმილის აქცია იყო.
ასეა თუ ისე, ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ალბათ იმის მიხედვით აღნიშნავენ, როგორც აწყობთ. მე ვფიქრობ, ჩვენთვის, ქართველებისთვის, პროტესტის გამოხატვის ამგვარი ფორმა- ჩვენივე ტემპერამენტიდან გამომდინარე, კატეგორიულად მიუღებელი იქნება!… რადგან უარყოფითი ემოციები, რაც მაინცადამიანც ვერბალურად უნდა აისახოს,- ყოველ ნაბიჯზეა „ჩასაფრებული“… მაგალითად წარმოგიდგენიათ, თბილისის ქუჩებში ავტომობილით მოძრაობის დროს, საკუთარ თავში დარწმუნებული თავხედი სახიფათოდ რომ გადაგიჭრით გზას… მის მიმართ იმ წუთებში გაჩენილ აზრს დიდი მცდელობის შემთხვევაშიც კი ვერ აქცევთ… ხუთსართულიან დუმილად და მართალიც იქნებით!!!
თუკი მაინც მოუხმობთ მოთმინებას და გაცხარებული, უაზრო კამათის დროს უბრალოდ დადუმდებით, ხშირს შემთხვევაში ეს კამათში მოგების შანსს მიგაახლოვებთ, რადგან დუმილი ხომ სამყაროში ყველაზე რთულად შესაწინააღმდეგებელი არგუმენტია?…
და კიდევ, დუმილის გასამართლებლად ყველაზე მეტად ალბათ ის ფაქტი გამოდგება, რომ სამყაროში ძალიან რთულია იმ ადამიანის მოძებნა, რომელთანაც სიტყვებს კი არა, უფრო დუმილს ექნება აზრი…