ვინ წარადგენს საქართველოს კიევში "ევროვიზია 2017"-ზე: Sputnik-ის პროგნოზები

© RIA Novosti . РИА Новости მოდელი კიევში სპორტის სასახლესთან "ევროვიზიის" კონკურსის ფინალის წინ
მოდელი კიევში სპორტის სასახლესთან ევროვიზიის კონკურსის ფინალის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორი უნდა იყო, რომ "ევროვიზიაზე" საქართველო წარადგინო – ცნობილი, მდიდარი, ლამაზი, ნიჭიერი, გაპიარებული თუ, უბრალოდ, იღბლიანი?

სულ მალე უკვე ყველაფერი ნათელი გახდება — 20 იანვარს ეროვნული შესარჩევი კონკურსის ფინალი გაიმართება, სადაც 25 შემსრულებელი და ჯგუფი მონაწილეობს. სწორედ მაშინ გახდება ცნობილი, თუ ვინ წარადგენს საქართველოს სიმღერის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე კიევში.

"Sputnik–საქართველოს" მიმომხილველმა ანასტასია შრაიბერმა შემსრულებელთა საკუთარი ტოპ–ათეული შეადგინა, რომლებიც, მისი აზრით, ყურადღებას ყველაზე მეტად იმსახურებენ. 

მიშო სულუხია სიმღერით Magic

28 წლის თბილისელ მიშო სულუხიას კლასიკური ვოკალური განათლება აქვს, მან ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორია დაამთავრა. მოგვიანებით იტალიაში Academia di Lirica "Mario Binci"-სა და შვეიცარიაში Schola Cantorum Basiliensis-ში სწავლობდა. 2012-2014 წლებში გერმანელ მომღერალ ანდრეას შოლთან და მუსიკალურ პროდიუსერ სტინგ რიჩარდ ლევიტთან მასტერ-კლასები გაიარა.

საქართველოში სულუხია მონაწილეობდა ისეთ ვოკალურ ტელეპროექტებში, როგორებიცაა "ვარსკვლავების აკადემია", X-Factor, "ნუცას სკოლა". "ევროვიზიის" ეროვნულ შესარჩევ კონკურსში მიშო შარშანაც მონაწილეობდა. მიშო ექსტრავაგანტული, ნიჭიერი და საკმაოდ ამბიციური ადამიანია. მისი სიმღერა Magic – მისტიკაზე და ადამიანის ზებუნებრივ უნარებზე – პოპის, როკისა და პოპ-ოპერის ნაზავია. მიშოს კომპოზიცია და შესრულება თითქოს მოგვაგონებს რუმინელი მომღერლის ჩეზარის სიმღერას It’s My Life, რომელიც 2013 წელს "ევროვიზიაზე" რუმინეთს წარმოადგენდა.

მალიბუ სიმღერით We Live Once

მალიბუ ტუღუში — 19 წლის ბათუმელი გოგონაა, ანდრია ბალანჩივაძის სახელობის ექსპერიმენტული მუსიკალური სკოლისა (ფორტეპიანოს კლასი) და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლის (აკადემიური ვოკალის მიმართულებით) კურსდამთავრებული. მღეროდა წმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ბათუმის საკათედრო ტაძრის ბავშვთა გუნდში. ათი წლიდან მღერის და ასრულებს საკუთარ მუსიკას.

2009 წელს მალიბუ აჭარის ტელევიზიის მუსიკალური პროექტი "ახალი ტალღის" ფინალისტი გახდა. 2016 წელს მონაწილეობდა "რუსთავი 2"-ის პროექტში "Х-ფაქტორი". ერთი სიტყვით, ეს საკმაოდ კაშკაშა, პერსპექტიული და ორიგინალური ახალგაზრდა მომღერალია. ამჟამად სადებიუტო ალბომზე მუშაობს. "ევროვიზიისთვის" სიმღერა We Live Once მოამზადა — ეს არის ტრანსცედენტული ბალადა, რომელიც იმას ამტკიცებს, რომ უნდა იცხოვრო და არა – იარსებო.

დუეტი Asea Sool სიმღერით Nature

2011 წელს შექმნილი დუეტი Asea Sool — და-ძმა ბექა და ათინა ჯანუაშვილები ბათუმიდან. 2013 წელს მათ ნანა ჯორჯაძის ფილმის "ჩემო ქალთევზა, ჩემო ლორელაი" საუნდტრეკი დაწერეს. დუეტი Asea Sool სხვადასხვა მუსიკალურ კონცერტებსა და ფესტივალებზე მონაწილეობს როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ამ დროისთვის Asea Sool თბილისის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და უჩვეულო კოლექტივია. დუეტის საკონკურსო სიმღერა Nature — ძალიან დრამატული, ლამაზი და არტისტული კომპოზიციაა, რომლის მოსმენის დროს სცენაზე არანაკლებ მშვენიერი პერფორმანსის ნახვის სურვილი გიჩნდება.

ალისა დანელია სიმღერით We Are Eternity

ალისა დანელია — 24 წლის ქართველი მომღერალი მოსკოვიდან. ალისა ბათუმში დაიბადა, მოსკოვში მუსიკალური ხელოვნების ჯაზის კოლეჯი დაამთავრა, ამჟამად რუსეთის გნესინების სახელობის მუსიკის  აკადემიის სტუდენტია. 2016 წელს გიორგი ნადიბაიძესთან ერთად საქართველოს სახელით "ახალი ტალღის" კონკურსზე გამოვიდა, სადაც მე-11 ადგილი დაიკავა. რუსეთში მონაწილეობდა პროექტებში Главная сцена და Х-Фактор.

ალისა დანელიას სიმღერა We Are Eternity — უკვდავების ოდაა, კაცობრიობისადმი გაგზავნილი მესიჯი იმის შესახებ, რომ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და ჩვენ ირგვლივ არსებული სამყარო უფრო კეთილი და ნათელი გავხადოთ.

ნუცა ბუზალაძე სიმღერით White Horses Run

ოცი წლის ნუცა ბუზალაძეს მსმენელი იცნობს რუსული ვოკალური კონკურსიდან Новая волна 2014, სადაც მან ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. ხუთი წლიდან ნუცა ანსამბლ "მართვეში" მღეროდა, შემდეგ კი "მზიურში" მთავარი სოლისტი იყო. უკრავს გიტარასა და ფორტეპიანოზე. ამერიკელ პედაგოგებთან Georgian Dream Studio-ში ვოკალს, ცეკვასა და სცენურ ოსტატობას 14 წლიდან ეუფლებოდა. 

ნუცა ბუზალაძე მონაწილეობდა სატელევიზიო პროექტებში "ნიჭიერი", "ცეკვავენ ვარსკვლავები", "ორი ვარსკვლავი" და "ერთი ერთში", ასევე სტამბულში გამართულ კონკურსში "ახალი ხმა", სადაც ნახევარფინალისტი გახდა. ნუცას ძლიერი და მელოდიური ვოკალი და სცენური ქარიზმა ახასიათებს. ნუცა ბუზალაძის სიმღერას White Horses Run სოულის ელემენტებით ერთგვარი ტეხასური და ვესტსაიდური იერი დაჰკრავს.

ტრიო "მანდილი" სიმღერით "მე და შენ" 

ტრიო "მანდილი" — გოგონების გახმაურებული ფოლკ-ტრიო. გოგონებმა მსოფლიოში სახელი გაითქვეს მუსიკალური ვიდეოჩანაწერის წყალობით, რომელიც მათ 2014 წელს გადაიღეს და Youtube-ზე ატვირთეს. ვიდეორგოლი გადაღებულია სოფლის გზაზე, ცხვარიჭამიასთან ახლოს. ორ კვირაში ვიდეოჩანაწერმა, რომელზეც გოგონები ქართულ ხალხურ სიმღერას "აპარეკას" ასრულებენ, მილიონი ნახვა დააგროვა. ახლა კი ამ ვიდეორგოლს უკვე ოთხ-ნახევარი მილიონი ნახვა აქვს.      

იმ დროიდან კოლექტივის სოლისტები ბევრჯერ შეიცვალნენ: ამჟამად ჯგუფის შემადგენლობაში არიან თათული მგელაძე, თამარ წიკლაური და ირინა მიდელაური. ამ დროისთვის "მანდილს" აქვს ალბომი With Love, რომელშიც შედის ორიგინალური კომპოზიციები და ქავერები საქართველოსა და სიყვარულზე. ტრიო გამოვიდა კონცერტებით რუსეთში, ბელგიაში, პოლონეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და თურქეთში. სიმღერის "მე და შენ" ავტორები არიან ვადიმ ესტერმანი და როსტისლავ მასლოვიჩი, უკანასკნელი ტრიოს პროდიუსერია. "ევროვიზიის" შესარჩევ ეროვნულ კონკურსში "მანდილი" შეიძლება მომგებიან პროექტად იქცეს არა იმდენად ვოკალური თვალსაზრისით, რამდენადაც ცნობილი სახელის თვალსაზრისით, ქართული ფოლკლორის ელფერით. 

 

მარიკო ლეჟავა სიმღერით Light It Up

მარიკო ლეჟავა 21 წლისაა, მონაწილეობდა ტელეარხ "რუსთავი 2"-ის პროექტში "საქართველოს ვარსკვლავი". თანამშრომლობს ქართულ ხმის ჩამწერ სტუდიასთან Bravo Records, სადაც საკუთარ სიმღერებს იწერს. მარიკო ლეჟავას ტრეკი სახელწოდებით Light It Up — საცეკვაო კლუბური მუსიკის კლასიკური ევროპული ჰიტია, რომელიც "ევროვიზიაზე" ან გაისვრის, ან ვერ გაისვრის. მარტივი, დასამახსოვრებელი მოტივი ელექტრო, რეივისა და ბასის ელემენტებით, სადა ტექსტითა და უზარმაზარი ინსტრუმენტული ნაწილით. რით დაკავდება მომღერალი სცენაზე — ეს კითხვა ჯერჯერობით ღიად რჩება.  

ბრენდონ სტოუნისა და ეთერ ბერიაშვილის დუეტი სიმღერით Heyo Song

კომპოზიტორი და შემსრულებელი ბრენდონ სტოუნი (იგივე ბესიკ შპეტიშვილი) 8 წლის განმავლობაში კონკურს "ახალი ტალღის" პროდიუსერი იყო. დაამთავრა ბერლინის კონსერვატორია ჯაზ–ფორტეპიანოს კლასით, ასრულებს სიმღერებს სხვადასხვა ენაზე. ეთერ ბერიაშვილი — ჯაზისა და ესტრადის მომღერალია, სახელი გაითქვა რუსულ პროექტში Голос. ბრენდონი და ეთერი ერთად დიდი ხანია მღერიან. "ევროვიზიისთვის" შექმნილ სიმღერაში სახელწოდებით Heyo Song ბევრი მუსიკალური სტილია შერწყმული და, რაც მთავარია, არის გემოვნება, ხარისხი და პოზიტივი. დუეტი კონკურსზე გამოსვლას ცნობილ ბიტბოქსერ ვახტანგ კალანდაძესთან ერთად გეგმავს. 

 

Sparkle სიმღერით On The Top

გოგონათა ჯგუფ Sparkle-ის წევრებმა ერთმანეთი გაიცნეს ქართულ ვოკალურ პროექტზე "ახალი ხმა", სადაც კონკურენტები იყვნენ. მაგრამ ისინი მალე დამეგობრნენ და 2014 წელს სპეციალურად "Х-ფაქტორისთვის" კოლექტივი Sparkle დაარსეს და პროექტში მეორე ადგილი დაიკავეს. მაშინ პრიზის სახით გოგონებს ლონდონში მასტერ-კლასი ერგოთ. 2015 წელს ტრიო Sparkle X-Factor-ის უკრაინულ ანალოგზე წარმატებით წარდგა და იმ დროიდან ტელეარხ СТБ-სთან მჭიდროდ თანამშრომლობს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჯგუფმა სოლო ალბომზე მუშაობა გააგრძელა.

"ევროვიზიისთვის" ჯგუფმა Sparkle მოამზადა სიმღერა On The TOP — ეს არის საცეკვაო პოპ-კომპოზიცია. ნომერი და საერთოდ ქართული ჯგუფი ქალთა კოლექტივ O’G3NE-ს წააგავს, რომელიც "ევროვიზიაზე" წელს ჰოლანდიას წარადგენს.

ჯგუფი The Mins სიმღერით Crime

ალტერნატიული ჯგუფი The Mins 2011 წელს ვოკალისტმა და გიტარისტმა ზვიად მღებრიშვილმა დააარსა. ქართულად კოლექტივის სახელწოდება ითარგმნება როგორც "წუთები". The Mins-ის დებიუტი 2011 წელს ფესტივალზე Altervision პროგრამაში Newcomers შედგა. საწყის ეტაპზე ჯგუფი პროგრესივ-როკით იყო გატაცებული. მათზე დიდი გავლენა მოახდინეს ჯგუფებმა Muse, Porcupine Tree, 65 Days Of Static, Pink Floyd, Placebo და სხვა. შარშან ქართველი როკ-მუსიკოსები ბათუმში ცნობილი ბრიტანული როკ-ჯგუფის The Qemists-ის კონცერტზე მაყურებლის "გასახურებლად" გამოვიდნენ. სიმღერა Crime — კარგი საუნდის მქონე მშვენიერი მელოდიური ინდი-როკ–ნამუშევარია. 

შემსრულებელთა ამ ათეულის გარდა, "ევროვიზიაში" მონაწილეობის მისაღებად 20 იანვარს ეროვნული შესარჩევი კონკურსის ფინალში მონაწილეობენ ნანუკა გიორგობიანი, გიორგი ჩიქოვანი, დავით შანიძე, ელენე მიქიაშვილი, ანდრია გველესიანი, რატი დურგლიშვილი, თორნიკე ყიფიანი და გიორგი ბოლოთაშვილი, ჯგუფი EOS, დიმა კობეშავიძე, თაკო გაჩეჩილაძე, ოთო ნემსაძე და ჯგუფი Limbo, მარიამ ჩაჩხიანი, ნინო ბაშარული, თემო საჯაია და საბინა ჭანტურია.

ფინალური კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) სცენაზე 20:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებულს გამოავლენს საერთაშორისო ჟიური და sms-ების მეშვეობით მაყურებელთა კენჭისყრა. კენჭისყრის შედეგები დაითვლება პრინციპით — ჟიურის ხმების 60% და მაყურებელთა ხმების 40%.

გასულ წელს „ევროვიზიაზე“ საქართველო წარადგინა ნიკა კოჩაროვმა & Young Georgian Lolitaz. ქართველმა შემსრულებლებმა მეოცე ადგილი დაიკავეს. კონკურსზე გაიმარჯვა უკრაინელმა შემსრულებელმა ჯამალამ სიმღერით "1944". კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა „ევროვიზიის“ ჩატარება კიევში გადაწყვიტა. კონკურსის ფინალი 13 მაისს, ხოლო ნახევარფინალები 9 და 11 მაისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0