ერთხელ გაგრაში და რეჟისორის ყველაზე დიდი გამარჯვება ცხოვრებაში

© FB/ Badri Tseredianiბადრი წერედიანი
ბადრი წერედიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „საუბრები პირისპირ“ ნიჭიერ რეჟისორს, ბადრი წერედიანს წარმოგიდგენთ, რომელიც ცხოვრებაში მუდმივად ეძებს საკუთარი არსის გამოხატვის ფორმებს და მერე სცენაზე ნამდვილ ხელოვნებას ქმნის.

ბადრი წერედიანი პროფესიით დრამის რეჟისორია. დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტი და სარეჟისორო მასტერ-კლასი თემურ ჩხეიძის შემოქმედებით სახელოსნოში გაიარა. სხვადასხვა თეატრის სცენაზე საინტერესო სპექტაკლები აქვს დადგმული. 2013 წლიდან დღემდე ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. გულწრფელი დიალოგი რეჟისორ ბადრი წერედიანთან, ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ, რადგან ის ფაქტი, თუ როგორი პიროვნებაა რეჟისორი, მისი საქმიანობის ხარისხსაც ბევრად განსაზღვრავს… 

© FB/ Badri Tseredianiსცენა მონო-სპექტაკლიდან „დამსჯელი 14"
სცენა მონო-სპექტაკლიდან „დამსჯელი 14 - Sputnik საქართველო
სცენა მონო-სპექტაკლიდან „დამსჯელი 14"

– ბატონო ბადრი, სანამ პროფესიულ თეატრში მოხვიდოდით, როდის მიხვდით, რომ თეატრი ცხოვრებაა და ცხოვრება კი თამაში?

— როგორც შექსპირმა ბრძანა, „ცხოვრება თამაშია“. ცხოვრება მართლა თამაშია, ოღონდ ამ გამონათქვამის პრიმიტიულად აღქმა არ ღირს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი რაღაცას თამაშობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ცხოვრება მუდმივად რაღაც ფორმას იძენს და ამ ფორმის თამაში სამყაროში მუდმივადაა. ჩვენ მუდმივად ვეძებთ საკუთარი არსის გამოხატვის ფორმას და ამან შექმნა თავის დროზე პირველყოფილი ადამიანის თეატრიც და მერე ხელოვნებაც. ჩვენ მუდმივად ვეძებთ შინაარსის გამოხატვის ფორმებს, და ესაა თეატრი. როცა ვცდილობთ ადამიანს რაღაც ავუხსნათ, შესაბამის სიტყვებს და მოქმედებას ვეძებთ. სიტყვა ხომ რაღაც ნაწილში ფორმაა? ამიტომ, რა თქმა უნდა, ცხოვრება თამაშია, ოღონდ, ვიმეორებ, თამაში არა პრიმიტიული გაგებით…

– საკმაოდ საინტერესო შემოქმედებითი გზა გაიარეთ, დადგმული გაქვთ სპექტაკლები „ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი“ — სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრში, „აქ, ამ სავანეში“ — სამეფო უბნის თეატრში, „ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში“ — რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, „ზღვა, რომელიც შორია“ — სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრში და სხვ. მინდა გკითხოთ, ცხოვრებაში საიდან დაიწყო თეატრი თქვენთვის? 

— თეატრი ჩემთვის დაიწყო სოხუმის თეატრიდან, იქიდან, სადაც ამ თეატრის მსახიობი, ბიძაჩემი ნუგზარ წერედიანი მუშაობდა, რომელსაც სპექტაკლებსა და რეპეტიციებზე დავყავდით… სწორედ მაშინ მივხვდი, რომ თეატრი მიყვარს და ისინი, ვინც სცენაზე იდგა, უბედნიერეს ადამიანებად მიმაჩნდა. ბავშვობაში მსახიობობა მინდოდა, მაგრამ დადგა მომენტი, როცა მივხვდი, რომ მე ამ ყველაფრის ორგანიზება უფრო მაინტერესებდა. თუმცა დღემდე მიმაჩნია, რომ ბედნიერებაა, როცა მსახიობი სცენაზე დგას, ჩვენ, რეჟისორები კი კულისებში ვართ და ვნერვიულობთ…  

© FB/ Badri Tseredianiსარეჟისორო მასტერ-კლასი
სარეჟისორო მასტერ-კლასი - Sputnik საქართველო
სარეჟისორო მასტერ-კლასი

– პროფესიული ნათლობა ვისგან მიიღეთ?

— ბატონ გიზო ჟორდანიას დიდი დამსახურებაა, რომ, ასე ვთქვათ, არაფრიდან მოსული ადამიანი ამიყვანა და თეატრალურში უფასო განყოფილებაზე დამსვა. რადგან მან ჩათვალა, რომ ამ პროფესიაში რაღაცის შექმნა შემეძლო. ასევე ვუმადლი ქართველ რეჟისორ ქეთი ხარშილაძეს, რომელიც დღეს ამერიკაშია. მისი დამსახურებაა ის, რომ მაშინ პრაქტიკულ რეჟისურაზე ელემენტარული წარმოდგენა შემექმნა.

– „ერთხელ გაგრაში“ — რა ემოცია, რა მოგონებები მოაქვს ამ თემას თქვენთვის, ვინ და რა გახსენდებათ?

— ერთხელ გაგრაში — ეს თემა ძალიან ბევრ რამეს მახსენებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა გავიხსენო ერთი ეპიზოდი, რაც მე არ მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ ნამდვილად მოხდა. როდესაც გაგრას ქართველები ვეღარ აკონტროლებდნენ, ჩემი მშობლები მაშინ გაგრაში იყვნენ. დადგა ახალი წელი, წარმოიდგინეთ, როგორი ახალი წელი იქნებოდა?.. ასეთ რთულ პირობებში, როცა ფიზიკური განადგურების საშიშროებაც არსებობდა, ახალი წლის ღამეს ჩვენი აფხაზი მეზობელი მოვიდა მამაჩემთან და უთხრა, ამ ღამეს შენთან დავრჩები და ახალ წელს შენთან ერთად შევხვდებიო. მერე მთელი ღამის განმავლობაში მამაჩემთან ერთად მღეროდა ქართულ სიმღერებს და სუფთა ქართული ახალი წელი ჰქონდათ. აი, ესა ჩემთვის „ერთხელ გაგრაში“. ეს კაცი ამჟამად ცოცხალი არ არის, მაგრამ მისი ოჯახი ჩემთვის ყველაზე ახლობელია… 

© FB/ Badri Tseredianiბადრი წერედიანი
ბადრი წერედიანი - Sputnik საქართველო
ბადრი წერედიანი

– არ გაგჩენიათ სურვილი, ამ თემაზე სპექტაკლი დაგედგათ და მასში ეს ეპიზოდიც შეგეტანათ?

— მე და ძალიან კარგ რეჟისორს, ჩემ მეგობარ ნიკა საბაშვილს (მან ჩვენთან სპექტაკლი „შვლის ნუკრის ნაამბობი“ დადგა) სურვილი გაგვიჩნდა, რომ რაიმე სპექტაკლი ერთად გავაკეთოთ, სადაც ამ მოვლენებს აღვწერთ. იცით, იმდენად ჩემი თემაა, რომ მას ზოგჯერ პირიქით, გავურბივარ კიდეც, იმიტომ რომ არ მინდა, ამ თემას ჩემში მუდმივად ვატრიალებდე. რადგან მასზე ვსაუბრობთ, ბავშვობიდან მინდა ერთი ნათელი მოგონებაც გავიხსენო: ჩვენი სახლიდან სკოლამდე ფეხით გავდიოდით, იმდენად ახლოს იყო. იქვე აფხაზური სკოლაც იყო, სადაც მეგობრები მყავდა. გზაზე ისინიც გვიერთდებოდნენ და მერე ყველანი ერთად მივდიოდით… რომელი ერთი გავიხსენო? გაგრასთან იმდენი კარგი მოგონება მაკავშირებს, იმდენი ამბავი ამოტივტივდება, ალბათ ძნელია მათ თავი მოვუყარო. ეს მოგონებების მთელი წყებაა… იცით, რომ არ მახსოვს საერთოდ როდის ვისწავლე ცურვა? იმიტომ რომ ზღვის სანაპირო ჩემთვის ძალიან ახლობელი ადგილი იყო და სულ იქ ვიყავი… აფხაზეთის მერე ზღვაზე დიდხანს ვერ გავდიოდი, იმდენად მახსენებდა იმას, რომ ეს არ იყო ჩემი ნაპირი. მე ხომ ჩემი საყვარელი ნაპირი მქონდა გაგრაში, სადაც მუდმივად ვიყავი… ზღვასთან ურთიერთობის ფსიქოლოგიური ბარიერი დიდხანს მქონდა. ბათუმში,ზღვაზე ვერ ჩავდიოდი, რადგან ვიცოდი, ბათუმის ნაპირს რომ გაჰყვე, აფხაზეთში ჩახვალ, იქ, რაც ძალიან შენია და რისგანაც შენი ბავშვობა შედგება. შენია, თუმცა იქ ვერ მიდიხარ და ვერ ჩახვალ… 

– ამ თემაზე თემურ ჩხეიძესთან ერთად მწერალ გურამ ოდიშარიას მოთხრობის „ზღვა, რომელიც შორია“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე მუშაობდით.

— სპექტაკლი „ზღვა, რომელიც შორია“ იყო ჩემი სადიპლომო ნამუშევარი, რომელიც, ფაქტორივად, ჩემთვის ერთი დიდი მასტერ-კლასი იყო. მომეცა ბედნიერი საშუალება, რომ ამ პროცესისთვის სულ თავიდან, პირველი დღიდან დაწყებული, ბოლომდე თვალი მიმედევნებინა. ბატონი თემური ამ დროს საქართველოში არ იმყოფებოდა, იყო რაღაც პერიოდი, როცა მასთან  მუდმივად მქონდა კავშირი და სამაგიდო რეპეტიციები ინდივიდუალურად მიმყავდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც იგი ჩამობრძანდა და უშუალოდ შეეხო რეპეტიციებს, რამდენიმე დღეში სცენაზე გადავედით და იქ უკვე ცალკე მასტერ-კლასი იყო. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ბატონ გურამ ოდიშარიასთან, რომელთანაც სახლში ავდიოდით. ეს პიესა თორმეტჯერ არის გადაწერილი და ეს პროცესიც ძალიან საინტერესო იყო. ამ დროს იგებ დრამატურგი როგორ მუშაობს. თანაც ბატონი გურამი დაუზარელი ადამიანი იყო. ჩემი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარი სოხუმის დრამატულ თეატრში იყო. ეს გახლდათ ლუიჯი პირანდელოს „ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი“. ძალიან მიყვარს ეს პიესაც და ავტორიც. მიმაჩნია, რომ ის სპექტაკლი ძალიან საინტერესო იყო არა მარტო ჩემთვის…  

© FB/ Badri Tseredianiდაჯილდოების ცერემონია
დაჯილდოების ცერემონია - Sputnik საქართველო
დაჯილდოების ცერემონია

– როგორ ფიქრობთ, ჩვენში არსებული მოსაზრების თანახმად, მართლა ტირანი უნდა იყოს რეჟისორი?

— რეჟისორი ტირანი არ უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ რეჟისორს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. როდესაც სპექტაკლი იმარჯვებს, ყველას უხარია მისი გამარჯვება. როდესაც სპექტაკლი მარცხდება — რეჟისორია ლოგიკურად ამაზე პასუხისმგებელი, მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორზე, სამწუხაროდ, ბევრი რამ არ არის დამოკიდებული. ზოგადად, მიდგომა ასეთი უნდა იყოს: რეჟისურა ძალაუფლება არ არის, ის — პასუხისმგებლობაა. რეჟისორს ზოგჯერ უწევს ხისტი გადაწყვეტილების მიღება იმისთვის, რომ სპექტაკლი გადაარჩინოს და თეატრში რაღაც პროცესი წარმართოს. მიმაჩნია, რომ რეჟისორი უნდა იყოს მაქსიმალურად მართალი, სამართლიანობის დიდი დოზა უნდა გააჩნდეს. ჯერ შენ თავთან უნდა იყო მართალი, შემდეგ მაყურებელთან. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს სუბიექტურად ყოველთვის ამართლებდე. 

– სცენის მიღმა თქვენ ყველაზე დიდ გამარჯვებად რა მიგაჩნიათ?

— ძნელია საკუთარ თავზე ილაპარაკო, მაგრამ, ალბათ, ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება ისაა, რომ არ გავბოროტდი ცხოვრებაში. ჩვენი გამარჯვებები ყოველთვის მაინც ადამიანურია. პროფესიული გამარჯვება, მით უფრო ჩემ პროფესიაში, რაღაც პიროვნული მცნებაა: რაღაცაში იმარჯვებ, რაღაცაში მარცხდები. აი, რაც შეეხება ადამიანურ გამარჯვებას, ისევ განვმეორდები და ვიტყვი, რომ მიმაჩნია, მიუხედავად ყველაფრისა, მოვახერხე და არ გავბოროტდი… ალბათ ნებისმიერ სიტუაციაში პირველ რიგში მაინც ის უნდა გაიხსენო, რომ ადამიანი ხარ…

ყველა ახალი ამბავი
0