თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხუთშაბათს რიგით 47-ე საყოველთაო ნათლობას ჩაატარებს.
ამ დღეს — 19 იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვანს — ნათლისღებას აღნიშნავს.
საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება. დღეს ილია მეორის ნათლული 770-ზე მეტი პატარა გახდება, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ საპატრიარქოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
საქართველოს პატრიარქი ყველა იმ ოჯახის მესამე შვილს ნათლავს, რომლებიც ჯვარდაწერილნი არიან. აღნიშნული ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაა.
საქართველოში პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.
დღევანდელი მდგომარეობით დაახლოებით 30 238 ათასი ბავშვი ილია მეორის ნათლულია.
ნათლისღებას სხვაგვარად ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ამ დღეს ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. წმ. სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".
ნათლისღების დღესასწაულზე მართლმადიდებლურ ტაძრებში წყალკურთხევის რიტუალი სრულდება.