თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ბოლო 5 წლის განმავლობაში მოსამართლეების საცხოვრებელის ქირისთვის ბიუჯეტიდან 1 048 141 ლარი დაიხარჯა, განაცხადა „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა მარიამ ფირცხალაიშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს საერთო სასამართლოთა სისტემაში მოსამართლეთა საცხოვრებელი ბინის დაქირავებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების მონიტორინგი ჩაატარეს. მათ შეისწავლეს 2012 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი და ის გეოგრაფიული არეალი, სადაც მოსამართლეებს სახელმწიფოს ხარჯზე საცხოვრებელი ფართები სჭირდებათ.
„ამჟამად საცხოვრებელი ბინის დასაქირავებლად საჭირო თანხით უზრუნველყოფილია საერთო სასამართლოების 46 მოსამართლე. მათგან, გეოგრაფიული არეალის მიხედვით, 12 მოსამართლე საქმიანობს ქუთაისში, ექვსი — თბილისში, ოთხ-ოთხი — სიღნაღში, გორსა და ბათუმში, სამი — ზუგდიდში, ორ-ორი — თელავში, ოზურგეთსა და გურჯაანში, ხოლო თითო — ბორჯომში, ახალციხეში, ახალქალაქში, სენაკში, ცაგერში, ლენტეხსა და ფოთში“, — აღნიშნა მარიამ ფირცხალაიშვილმა.
მოსამართლეთა ბინის ქირით უზრუნველყოფის ხარჯებმა შეადგინა:
• 2012 წელს — 297 302 ლარი,
• 2013 წელს — 274 579 ლარი,
• 2014 წელს — 286 169 ლარი,
• 2015 წელს — 260 828 ლარი,
• 2016 წელს — 190 091 ლარი.
იმისათვის, რომ სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯები გაცილებით ეფექტური იყოს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის რეკომენდაციებიც შეიმუშავეს.
იურისტ ფირცხალაიშვილის თქმით, საქართველოს იმ ქალაქებში, სადაც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ათზე მეტი მოსამართლის უზრუნველყოფა ხდება, საჭიროა კამპუსის მშენებლობა; თვითმმართველ ქალაქებში კი კარგი იქნება, თუ სახელმწიფო საცხოვრებელ ფართებს შეიძენს, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბალანსზე დარეგისტრირდება და დროებით სარგებლობაში გადაეცემა მოსამართლეებს.