თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, საქართველოს სკოლებში ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებს საგაზაფხულო არდადეგებიც დაემატება.
საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და 15 რიცხვამდე გასტანს, რაც, ჯეჯელავას სიტყვებით, დადებითად აისახება ბავშვებზე.
„ჩვენ რაღაც მომენტში დაგვავიწყდა, რომ თუ ბავშვები ჯანმრთელები არ იქნებიან, ფიზიკა და ქიმია ვერ უშველით… მარტში ჩვენს მოსწავლეებსა და მშობლებს შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, რომ ზამთრის ან ნებისმიერ სხვა კურორტზე დაისვენონ და ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას“, — განაცხადა ჯეჯელავამ დამსახურებულ პედაგოგებთან თბილისში გამართული შეხვედრისას.
აღნიშნული ინიციატივა, მინისტრის აზრით, მოსწავლეთა მოსწრებაზე უარყოფითად არ აისახება.
საქართველოში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გრძელდება, საზაფხულო კი 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე.