ნანა ღონღაძე – 90-იანი წლების ექსკლუზივები, ცხოვრება კადრში და კადრს მიღმა

© FB/ Nana Gongadzeნანა ღონღაძე
ნანა ღონღაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს ამერიკაში მცხოვრებ ცნობილ ქართველ ჟურნალისტზე ნანა ღონღაძეზე მოგითხრობთ.

ნანა ღონღაძე — 70-80-იანი წლების ქართული ტელევიზიის გამორჩეული სახე, იგი ჯერ კიდევ მაშინ ამზადებდა კრეატიულ მასალებს, როცა ამ სიტყვის მნიშვნელობაც არავინ იცოდა. მის მიერ მომზადებული სიუჟეტები იმდროინდელი ცენტრალური ტელევიზიის ოქროს ფონდშია შესული. ქალბატონი ნანა პროგრამა "ვრემიას" სპეცკორესპონდენტიც იყო და მრავალმილიონიან მაყურებელს საინტერესო ქართულ თემებსა და პიროვნებებს განსხვავებული კუთხით აცნობდა. დღეს აშშ-ში ცხოვრობს და წარმატებულად ამჯერად უკვე ამერიკულ სატელევიზიო სივრცეში მოღვაწეობს.

© FB / Nana Gongadzeნანა ღონღაძე ჯონ–მალხაზ შალიკაშვილთან ერთად
ნანა ღონღაძე ჯონ–მალხაზ შალიკაშვილთან ერთად - Sputnik საქართველო
ნანა ღონღაძე ჯონ–მალხაზ შალიკაშვილთან ერთად

– ქალბატონო ნანა, ალბათ ბევრმა არ იცის, რომ თქვენ ტელევიზიაში ჟურნალისტობამდე ქორეოგრაფიულ ანსამბლში ცეკვავდით და სცენაზე წარმატებით გამოდიოდით, მაყურებლის წინაშეც პირველად სწორედ ცეკვით წარდექით…

— დიახ, ასეა. 16 წლის ვიყავი, როცა ტელევიზიაში მივედი, მაგრამ არა ჟურნალისტის რანგში. მაშინ დილაობით შუადღემდე ტროლებუსების პარკში დისპეტჩერად ვმუშაობდი. ოთხ საათამდე თბილისის სატრანსპორტო სამმართველოს ანსამბლში ვცეკვავდი და სკოლაში საღამოობით დავდიოდი. ანსამბლის ხელმძღვანელი, ცნობილი ქორეოგრაფი ბუხუტი დარახველიძე ჩვენი მეზობელი იყო. მამა ადრე გარდამეცვალა, დედა ავადმყოფობდა. ბატონმა ბუხუტიმ ანსამბლში ამიყვანა, ცეკვა შემასწავლა და ხელფასიც დამინიშნა. მკაცრი და მომთხოვნი პიროვნება იყო, მაგრამ გული კეთილი ჰქონდა. მან ბევრი ნიჭიერი მოცეკვავე გამოზარდა. ერთხელ ახალი ცეკვა “ფრესკა” დადგა. მას სამი გოგონა – ნატა სეხნიშვილი, გუგული დარახველიძე და მე ვასრულებდით. ცეკვის პრემიერა საქართველოს ტელევიზიის გადაცემაში შედგა. სატელევიზიო სტუდიაში სოლიკო ლაფაურმა მიგვიწვია. მაშინ მუსიკალური რედაქცია არ არსებობდა, ტელევიზია კი ფუნიკულიორზე მდებარეობდა და მას ეკავა ერთი პატარა ოთახი, სადაც მხოლოდ ერთი კამერა იდგა, თან ისე ახლო, რომ ცეკვის დროს ძლივს ვმოძრაობდით. მახსოვს, რომ იმ გამოსვლის შემდეგ უკმაყოფილების გრძნობა დამეუფლა, რადგან სცენა, მაყურებელი და ტაში დამაკლდა.

© FB/ Nana Gongadzeნანა ღონღაძე
ნანა ღონღაძე  - Sputnik საქართველო
ნანა ღონღაძე

– თქვენი მორიგი შეხება ტელევიზასთან მოდელის რანგში შედგა, იმ დროს, როცა ჟურნალისტის პროფესიას ეუფლებოდით, რომელი წელი იყო?

— ეს მოხდა სტუდენტობის დროს, 1966 წლის 10 იანვარს. იმ დროს თბილისის უნივერსიტეტში ჟურნალისტის პროფესიას ვეუფლებოდი და საქართველოს მოდელების სახლში დემონსტრატორად ვმუშაობდი. მეტროს სადგურ „რუსთაველის“ გახსნამდე ფოიეში ქართველი მხატვარი-მოდელიერების კოლექციის ჩვენება გაიმართა. ამ ღონისძიებაში სხვა მოდელებთან ერთად მონაწილეობას მეც ვიღებდი. ტანსაცმლის ახალი კოლექციის ჩვენებას საქინფორმისა და ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემათა რედაქციის მუშაკებიც ესწრებოდნენ. მათ სანახაობა ფირზე აღბეჭდეს და მაყურებელს იმავე კვირას, ღამის ახალ ამბებში აჩვენეს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამსახური ვერ ვიშოვე და გადავწყვიტე ბედი სუხიშვილის ანსამბლში მეცადა. ორ კვირაში რეპერტუარი ავითვისე და ყველა ცეკვაში ჩავდექი. სუხიშვილის ანსამბლის ცეკვებს არაერთხელ იყენებდნენ სატელევიზიო გადაცემებში, ამიტომ მეც ტელევიზიის ჩამწერი სტუდიის ხშირი სტუმარი გავხდი.

© FB / Nana Gongadzeნანა ღონღაძე მარჩელო მასტროიანის გადაღების დროს
ნანა ღონღაძე მარჩელო მასტროიანის გადაღების დროს - Sputnik საქართველო
ნანა ღონღაძე მარჩელო მასტროიანის გადაღების დროს

– რამდენადაც ვიცი, მოგვიანებით ჟურნალისტის პროფესიის გამო ცეკვის ანსამბლიდან წამოხვედით, ამის შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება?

— ამ სახელგანთქმულ ქორეოგრაფიულ კოლქტივში ოთხი წელი დავყავი, ბევრი ვიმოგზაურე, მრავალ კონცერტში ვმონაწილეობდი, მაგრამ სულ ის მადარდება, რომ ჩემს სპეციალობას არ მივდევდი და პროფესიულად ვერ განვვითარდი. რასაკვირველია, გამიჭირდა ასეთი სახელგანთქმული კოლექტივის დატოვება, მაგრამ საკუთარ თავს ვძლიე, განცხადება დავწერე და იქიდან წამოვედი. ინტუიცია მკარნახობდა, რომ მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ სად? უკვე დაოჯახებული ვიყავი, მეუღლე და პატარა ქალიშვილი მყავდა. სამსახური საქართველოს „სპორტლოტოს“ სამმართველოს სარეკლამო განყოფილებაში ვიშოვე. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობების დამყარება და სარეკლამო პროდუქციის გავრცელება მევალებოდა. ხშირად ინფორმაცია და სარეკლამო სტატიები „მოამბის“ რედაქციაში მიმქონდა.

ერთხელ დერეფანში რეჟისორი მერაბ ჯალიაშვილი შევნიშნე, გამიხარდა, მას კარგად ვიცნობდი. მან მითხრა, შენ ტელევიზიაში უნდა იმუშაოო. მოკლედ, კონკურსის სამივე ტური წარმატებით გავიარე. როცა შედეგებს ველოდებოდი, დედა გარდამეცვალა და შუათანა და ლოგინად ჩავარდა. საკმაოდ მძიმე დღეები გავიარე. როცა ტელევიზიის კანცელარიაში შედეგების გასაგებად მივედი, გამარჯვება მომილოცეს, მაგრამ იქვე მაცნობეს, რომ ჩემ ადგილზე უკვე სხვა ადამიანი აუყვანიათ. არც ჩივილი და არც საქმის გარკვევა არ დამიწყია, უბრალოდ ტელევიზიის თავმჯდომარეს, ბატონ კარლო გარდაფხაძეს ვთხოვე, რომ ჩემთვის ეთერში გასვლის უფლება მოეცა.

© FB / Nana Gongadzeნანა ღონღაძე დულსინეას სამოსში ტელეგადაღების დროს
ნანა ღონღაძე დულსინეას სამოსში ტელეგადაღების დროს - Sputnik საქართველო
ნანა ღონღაძე დულსინეას სამოსში ტელეგადაღების დროს

– ქალბატონო ნანა, თანდათან ქართულ ტელევიზიაში მნიშვნელოვანი გადაცემების მომზადება მოგანდეს, რომელი გამორჩეული რესპონდენტები გახსენდებათ?

— ამ წლებს უშედეგოდ არ ჩაუვლია და მეც მივეჩვიე პირდაპირ ეთერში გამოსვლას, დავხვეწე კითხვის სტილი და მანერა, უფრო თავდაჯერებული და უშიშარი გავხდი. თავისუფლად მიმყავდა დიდი კონცერტები, რომლებშიც პარტნიორობას გამოცდილი დიქტორები ომარ ტივაძე და თემურ შენგელია მიწევდნენ. არ შემიძლია არ აღვნიშნო ტელევიზიის დიქტორების ნუგზარ ჯუღელის, თენგიზ ნათაძის, ირინე თიკანაძის და ჟანეტა არჩვაძის თბილი და გულიანი დამოკიდებულება ჩემ მიმართ. ნელ-ნელა რედაქციებთან დავიწყე თანამშრომლობა, მუსიკალურ განყოფილებაში მუდმივი გადაცემა “თბილისის საკონცერტო დარბაზებში" მომცეს. დაუვიწყარია რეჟისორ იგორ არაყიშვილთან და რედაქტორ გალინა ნესტერენკოსთან ერთად მომზადებული გადაცემა „ოსკარ პიტერსონი". შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჯაზის შესახებ მომზადებული პირველი ქართული გადაცემა იყო. თბილისში ძალიან ბევრ გამორჩეულ ადამიანს ვიცნობდი, მაგალითად, მერაბ მამარდაშვილს, რამაზ ჩხიკვაძეს ოჯახით. ჩემს საყვარელ რესპონდენტებს შორის იყვნენ მიხეილ თუმანიშვილი, ზურაბ ჟვანია, ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, კოტე მახარაძე, სოფიკო ჭიაურელი, სერგო ფარაჯანოვი, რომელსაც საოცრად უყვარდა საქართველო, მეუბნებოდა, დედაჩემი ქართველი, გვარად ბეჟუაშვილი, სოფელ ბორჩალოდან იყოო. ჩაწერილი მყავს თბილისში ჩამოსული ცნობილი იტალიელი მსახიობი მარჩელო მასტროიანი, რომელიც სასტუმრო „ივერიის“ მემილიონე სტუმარი აღმოჩნდა.

– საკავშირო ტელევიზიისთვის რეპორტაჟების მომზადების პრივილეგიაც თქვენ მოგანიჭეს. როდის და როგორ მოხდა ეს?

— როდესაც შევარდნაძემ პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატობა გადაწყვიტა. საამისოდ უფრო ხშირად უნდა გამოჩენილიყო ეკრანზე, რომ კრემლში მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგები ენახათ. საქართველოს ტელევიზიაში ახალი თავმჯდომარე გურამ ენუქიძე დაინიშნა. მან, ეტყობა, კარგი თვალით შემომხედა, ჯერ საპირველმაისო კონცერტის წაყვანა დამავალა. როცა გაიგო, თითქმის ოთხი წელი უშტატოდ ვიყავი, გაუკვირდა და მითხრა, რუსულ რედაქციას ვხსნი და სწორედ შენნაირი მუშაკი მჭირდებაო. თავიდან მხოლოდ კომუნისტური პარტიის ყრილობებს, უზენაესი საბჭოს პლენუმებს, შევარდნაძის მშრომელებთან შეხვედრებს, მის სიტყვით გამოსვლებს ვაშუქებდით. ტექსტი გამზადებული მოდიოდა, ფირებს მოსკოვში თვითმფრინავით ვაგზავნიდით.

© FB / Nana Gongadzeნანა ღონღაძე მოსკოვის სატირის თეატრის მსახიობებთან გადაღების დროს
ნანა ღონღაძე მოსკოვის სატირის თეატრის მსახიობებთან გადაღების დროს - Sputnik საქართველო
ნანა ღონღაძე მოსკოვის სატირის თეატრის მსახიობებთან გადაღების დროს

– ამ პერიოდიდან რომელი რეპორტაჟი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

— ეს იყო ენგურჰესის გახსნა, 1978 წელს, როცა მე პირველად გავახმოვანე ჩემი ტექსტი და კადრშიც გამოვჩნდი. უზარმაზარი ცარიელი წყალსაცავის ფსკერზე ვიდექი და ვამბობდი, მალე ეს ყველაფერი წყლით დაიფარება და ადამიანის ფეხი აქ ვეღარ დაიდგმება–მეთქი. ისე ციოდა, რომ ტუჩები ერთმანეთზე მეკვროდა და ძლივს ვლაპარაკობდი. შემდეგ იმ წყალსაცავის ფსკერზე დარჩა – დასახლებები, ცარიელი სახლები, ქუჩები… დღემდე თვალწინ მიდგას ეს სევდიანი სურათი. წარმოვიდგინე, რამდენ ოჯახს მოუწია თავისი წინაპრების მიწის იძულებით დატოვება.

გამორჩეული რეპორტაჟებიდან 1975 წლის შემოდგომაზე თბილისში სახელგანთქმული მოსკოვის სატირის თეატრის თბილისში ჩამოსვლა მახსენდება.
ამ გადაცემის რუსულად წაყვანა მე შემომთავაზეს. ძალიან ვღელავდი, როდესაც სტუდიაში თეატრის მთავარი რეჟისორი ვალენტინ პლუჩეკი და ცნობილი მსახიობები ანდრეი მირონოვი, ანატოლი პაპანოვი, ალექსანდრ შირვინდტი და მიხეილ დერჟავინი დავინახე. მათ გულთბილად მივესალმე, ანდრეი მირონოვს ხელი რომ გაუწოდე, არ ჩამომართვა, გალანტურად დაიხარა და ზედ მეამბორა. გადაცემის შემდეგ სტუდიის ოპერატორები ხუმრობდნენ, ასეთი კაცი ხელზე რომ გაკოცებს, როგორ უნდა დაიბანოო?!. როცა 1981 წელს ტელევიზიის თავმჯდომარედ ნუგზარ ფოფხაძე დაინიშნა, მან ქართული ტელევიზია, შეიძლება ითქვას, ფეხზე დააყენა. მან ახალი ტექნიკით აღჭურვა რედაქცია და მუშაობა ფერად კამერაზე და ვიწრო ფირზე დავიწყეთ.

© FB/ Nana Gongadzeნანა ღონღაძე გადაღების დროს
ნანა ღონღაძე გადაღების დროს - Sputnik საქართველო
ნანა ღონღაძე გადაღების დროს

– ზოგჯერ ეკრანზე ეფექტის მისაღწევად, როგორც დღეს ამბობენ ჟურნალისტები, საინტერესო Stend up-სთვის სხვადასხვა უჩვეულო ფორმას ეძებდით, ამასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული სიუჟეტი ხომ არ გახსენდებათ?

— ჩემთვის დაუვიწყარია ვოლოდია მოლჩანოვის პროგრამაში “დო ი პოსლე პოლუნოჩი" ქართულ-ესპანური ფილმის “დონ კიხოტის” გადასაღები მოედნიდან მომზადებული მასალა. თბილისიდან ამ გადაცემაში პირდაპირი ჩართვის იმიტაცია გავაკეთეთ. მე დულცინეას კოსტიუმი ჩავიცვი, რომელიც ფილმში ანასტასია ვერტინსკაიას ეცვა და მოედანზე ისე შევედი. იქ ყველა თავისი საქმით იყო გართული: რეზო ჩხეიძე კახი კავსაძეს და მამუკა კიკალეიშვილს მითითებებს აძლევდა, კამერასთან ოპერატორი ლომერ ახვლედიანი რაღაცას ასწორებდა, ჩემ გამოჩენას, თან ასეთ სამოსში არავინ ელოდა, ამიტომ მათი რეაქცია ძალიან ბუნებრივი და სასაცილოც კი იყო. ხოლო საუბარი და კომენტარები მხიარული გამოვიდა. მე ფოტოებიც მაქვს ამ გადაღებიდან… ლამაზი და ეროვნული გამომივიდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალი წლის შეხვედრის ამსახველი რეპორტაჟი, სხვათა შორის, ჩვენებური საახალწლო ჩიჩილაკები მაშინ რუსეთის მაყურებელმა პირველად აღმოაჩინა.

© FB / Nana Gongadzeნანა ღონღაძე ილიკო სუხიშვილის ოჯახში
ნანა ღონღაძე ილიკო სუხიშვილის ოჯახში - Sputnik საქართველო
ნანა ღონღაძე ილიკო სუხიშვილის ოჯახში

– თქვენ ერთ-ერთი პირველი ქართველი ჟურნალისტი ხართ, ვინც მსოფლიო ლიდერების შეხვედრებს აშუქებდა, მომიყევით ამის შესახებ…

— მოსკოვში ევროკავშირის ოფისი იყო გახსნილი და იქიდან სამიტზე მიწვევა მომივიდა. სამიტი პორტუგალიაში, ლისაბონში გაიმართა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დახმარების საკითხს განიხილავდა. კავშირის დანგრევის შემდეგ ხალხი სურსათის, პროდუქტების დიდ ნაკლებობას განიცდიდა. პურის ქარხნებს შეიარაღებული პოლიცია იცავდა. ამ კონფერენციაზე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხუთმა მეთაურმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელშიც თავის ტერიტორიაზე განლაგებულ ბირთულ იარაღზე უარი განაცხადეს. მოკლედ, ისტორიული მოვლენის მოწმე გავხდი. ვაშუქებდი პრეზიდენტ შევარდნაძის ოფიციალურ ვიზიტებს ირანში, ჩინეთში, ყაზახეთში, კრემლშიც გახლდით შევარდნაძე-ელცინის შეხვედრაზე. აღტაცებაზე მეტი გრძნობა დამეუფლა, როდესაც ლისაბონიდან თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის თვითმრინავით ჩამოვფრინდი. ჯეიმს ბეიკერს თან მისი პრეს-მდივანი მარგარეტ ტატუაილერი და გენერალი ჯონ შალიკაშვილი ახლდნენ. თავი სიზმარში მეგონა. მხოლოდ ახლა მივხვდი, თბილისამდე ვისთან ერთად უნდა მემგზავრა. მაშინ გენერალ შალიკაშვილთან ინტერვიუს აღების საშუალება მომეცა. როცა საქართველოზე და თავის შორეულ წინაპრებზე საუბრობდა, თვალებზე ცრემლები მოადგა.

– ემიგრაციაში წასვლის აუცილებლობაში 90-იან წლებში დარწმუნდით? აისახა თქვენ საქმიანობაზე  ეგრეთ წოდებული პერესტროიკა?

— გეტყვით, რომ ჯოჯოხეთი 1991 წლის 2 სექტემბრის შემდეგ დაიწყო. მოსკოვი ყოველდღე ითხოვდა რეპორტაჟს, ხალხი დაუმორჩილებელი გახდა, ორად გაიყო, დღემდე ვერ გამიგია, საიდან დაიბუდა ჩვენ საზოგადოებაში ასეთმა სიძულვილმა და ზიზღმა, ნუთუ არ შეიძლებოდა მშვიდობიანად მოგვარებულიყო ყველა სადავო საკითხი, ნუთუ ომი სჯობდა კომპრომისს?! მაყურებელიც უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა.

19 დეკემბერს შვებულებაში გავედი და შვილთან ნიუ-იორკში გავემგზავრე. თებერვლის ბოლოს უკან რომ დავბრუნდი, უკვე სხვა თბილისი დამხვდა. ერთ ღამეში 500 შენობა იყო ნანგრევებში, ქალაქი უჟმური, ნაღვლიანი, საშიში და ბოროტი იყო. როცა ბნელდებოდა, ქუჩაში გასვლის გვეშინოდა, ზოგს ქურქს, ზოგს ჩექმებს ხდიდნენ, შინ შუადღის 3-5 საათისთვის ვბრუნებოდი. ერთ დღეს ჩემ ბინაში ზარი დაირეკა, კარი რომ გავაღე, შეიარაღებული ახალგაზრდა შემოიჭრა. მას ფიზიკური წინააღმდეგობა გავუწიე. ამ ბრძოლაში სახე და კბილები დამიზიანდა, კარგა ხანი ჩალურჯებული დავდიოდი. იცით, ყოველთვის ვცდილობდი, სიმართლე მეჩვენებინა და მეთქვა…

© FB / Nana Gongadzeსოხუმი, 1993 წლის მარტი, ჟურნალისტ თენგიზ პაჭკორიას სახლის ნანგრევებთან.
სოხუმი, 1993 წლის მარტი, ჟურნალისტ თენგიზ პაჭკორიას სახლის ნანგრევებთან.  - Sputnik საქართველო
სოხუმი, 1993 წლის მარტი, ჟურნალისტ თენგიზ პაჭკორიას სახლის ნანგრევებთან.

 

მიკერძოებული არასდროს ვყოფილვარ. სოხუმის დაცემის შემდეგ უაზროდ მომეჩვენა ცენტრალურ ტელევიზიაზე ჩემი მუშაობა. ისე გამოვიდა, რომ ჩემს ქვეყანას ვერაფრით დავეხმარე… საკუთარი სურვილით გათავისუფლების განცხადება დავწერე და დავემშვიდობე სამსახურს, რომელსაც თითქმის 20 წელი შევალიე. გეზი ამერიკისკენ ავიღე, იქით, სადაც ჩემი ქალიშვილი, მისი ახალშობილი გოგონა და ჩემი ჯერ კიდევ გაურკვეველი ცხოვრება მელოდებოდა…

დღეს უკვე ამერიკაში ვცხოვრობ, თავიდან აქ რომ ჩამოვედი, გამიჭირდა. წარმოიდგინეთ 47 წლის ქალი, რომელმაც ინგლისური ენა არ იცის. ამერიკაში რომ ჩამოვედი, ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა და ექვსი თვე, კადრში რომ ვიყავი, ვერ ვიღიმებოდი, ლოყები გვერდით ვერ გამდიოდა, რადგან სტრესულ სიტუაციას თავი ადვილად ვერ დავაღწიე… დღეს საოცრად ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ, როგორც იქნა, ასრულდა ჩემი ოცნება და შემხვდა ისეთი მამაკაცი, რომელიც პატივს მცემს. ჩემი ამერიკელი მეუღლე ფრენკი ტელევიზიის პროდიუსერია, ჩვენ ერთ სფეროში ვმუშაობთ, ერთი ინტერესი გვაქვს და ალბათ ამან დაგვაახლოვა. კიდევ იმით ვარ ბედნიერი, რომ ჩემ ქალიშვილთან ლიკასთან და შვილიშვილებთან თიკასა და ლუკასთან ახლოს ვარ. ვამაყობ, რომ ბავშვები ქართულად საუბრობენ და საქართველოზე გიჟდებიან.

© FB/ Nana Gongadzeნანა ღონღაძე ამერიკაში
ნანა ღონღაძე ამერიკაში - Sputnik საქართველო
ნანა ღონღაძე ამერიკაში

 

– ქალბატონო ნანა, რა გასწავლათ ცხოვრებამ?

— უკვე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 50 წლიდან ადამიანს ისეთი ტკბილი ასაკი ეწყება, ვერც წარმოიდგენს. მერე და მერე ხდება ცხოვრება უკეთესი. ადამიანს არა აქვს სიბრაზისა და წყენის შეგრძნება და ისეთ რაღაცეებს აქცევს ყურადღებას, რასაც წინათ არ ან ვერ ამჩნევდა. მაგალითად, როგორიცაა მზის ამოსვლა-ჩასვლა, ყვავილის გაფურჩქვნა, თოვლის მოსვლა… ვინც გაგაბრაზებს, ის კი არ შეგზიზღდება, შეგებრალება. ხშირად მინდა ასეთ უბრალო, ჩვეულებრივ მშვენიერ ამბებზე ვწერო და ახალგაზრდებს ეს შევაგნებინო. აქედანაც გეუბნებით ყველას: დატკბით ცხოვრებით, რადგან დღევანდელი დღე განსხვავებულია და არასოდეს განმეორდება…

ყველა ახალი ამბავი
0