თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ცენტრალურ იტალიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო რომის ხელისუფლებამ მეტროდან ხალხის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ამჟამად რომის მეტროს მუშაობა შეჩერებულია.
სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, ევაკუაცია განხორციელდა სკოლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში, ასევე რომის გარეუბნებში, სადაც ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა.
საგანგებო სამსახურებმა ვერტმფრენებით დაიწყეს მიწისძვრის არეალის შესწავლა.
ევროკავშირი მზადაა იტალიას ყველა აუცილებელი დახმარება აღმოუჩინოს. ამის შესახებ ჰუმანიტარულ საკითხებსა და კრიზისული დარეგულირების სფეროში ევროკომისარმა კრისტოს სტილიანიდესმა განაცხადა.
„ჩვენ გამუდმებით ვაკვირდებით მიწისძვრისშემდგომ ვითარებას იტალიაში. ჩვენი საგანგებო ცენტრი სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს და მუდმივ კონტაქტშია სამოქალაქო თავდაცვის სამსახურებთან. ევროკავშირი მზადაა დახმარების აღმოსაჩენად“, — დაწერა ევროკომისარმა საკუთარ მიკრობლოგში „ტვიტერზე“.
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ცენტრალურ იტალიაში ძლიერი მიწისძვრა სამჯერ განმეორდა: პირველი 5.3 მაგნიტუდით, მეორე — 5.7 ხოლო მესამე 5.4 მაგნიტუდით. ეპიცენტრი რომიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 100 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა.