დღეს რუსთაველის გამზირი თბილისის სავიზიტო ბარათია, ქალაქის მთავარი ქუჩა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი ქვეყნის დედაქალაქში. იხილეთ ფოტოკადრები, თუ როგორ გამოიყურებოდა გამზირი ასი წლის წინ, როდესაც მას გოლოვინის გამზირი ერქვა.
XIX საუკუნის დასაწყისში ახლანდელი რუსთაველის გამზირის ტერიტორია ცარიელი ადგილი იყო, სადაც იშვიათად შეხვდებოდით ადგილობრივი გლეხების ძველ შენობებს. აქ ჰყავდათ საქონელი, მოჰყავდათ ბოსტნეული და ხილი.
ქვით ნაშენი პირველი შენობები აქ მაშინ გამოჩნდა, როდესაც კავკასიაში რუსი იმპერატორის მეფისნაცვალის სასახლის შენება დაიწყო. XIX საუკუნის შუა პერიოდში, იმ დროს, როდესაც მეფისნაცვალი გრაფი მიხაილ ვორონცოვი იყო, მშენებლობის პროცესი საგრძნობლად გააქტიურდა და რაიონმა ქალაქის განაშენიანების გეგმა მიიღო.
1863 წელს გოლოვინის გამზირზე ქვაფენილი დაიგო, გაკეთდა ქვეითთა ბილიკები და დაირგო ხეები. ძველი ქოხები დაანგრიეს და მათ ადგილებზე ქვით ნაშენი სახლები გამოჩნდა, რომლებიც კავკასიის დედაქალაქის ცენტრალური გამზირის სტატუსს შეესაბამებოდა.
XX საუკუნის დასაწყისში გოლოვინის გამზირი საბოლოოდ ჩამოყალიბდა: მას ამშვენებდნენ თეატრისა და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ულამაზესი შენობები, სავაჭრო და საფინანსო სახლები. ის ქალაქის საქმიან ხალხს შორის პრესტიჟულ ადგილად იქცა. აქ იხსნებოდა ყველაზე ძვირფასი და ლამაზად გაფორმებული მაღაზიები, ფეშენებელური სასტუმროები და ცნობილი ფირმების კანტორები.