დღეს ჩვენს აივანს ესტუმრება შესანიშნავი მსახიობი, ვინც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ თეატრსა და კინოში – მეფე გიორგი, არზაყანი, ოტელო, ფიროსმანი, გაიოზ გადალენდია, სირანო დე ბერჟერაკი, დონ-კიხოტი, ოიდიპოსი, ანტონიუსი, მეფე ლირი, კრეონი, პილატე, ელიოზი, დათა თუთაშხია და ბევრი სხვა…
მხოლოდ ეს ჩამონათვალი რომ გადაიკითხო, უკვე ყველაფერი გასაგები ხდება, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ გვახსოვს თითოეული ეს როლი, გვიყვარს და განცდილი გვაქვს.
დიახ, დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ ულამაზეს და უნიჭიერეს, ჩვენთვის ყველასთვის ძალიან საყვარელ კაცს, ბატონ ოთარ მეღვინეთუხუცესს, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1932 წლის 16 იანვარს.
ბატონი ოთარი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის, სტანისლავსკის სახელობის რფ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი… დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი სხვა რეგალია გამომრჩა, მაგრამ ამას, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, ის მართლა სახალხო არტისტი იყო და ჩვენ გულებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
მე მარჯანიშვილის თეტრთან ახლოს ვცხოვრობდი და ძალიან ხშირად ვხედავდი ბატონ ოთარს. სხვანაირად მორიდებული და ხიბლიანი კაცი იყო. შორიდან ვტკბებოდი ხოლმე და რომ დამინახავდა, ისე ტკბილად იცოდა მოსალმება და გაღიმება, სულ აქეთ-იქით ვიხედებოდი, მინდოდა ვინმეს შეემჩნია, რომ ცოტა მაინც ვიცნობდი.
ერთხელ, მახსოვს, მე და მამას შეგვხვდა მარჯანიშვილზე. დიდი ხანი არ ვყავდი ნანახი და რომ გაიგო მათემატიკურ ფაკულტეტზე ჩავაბარე, ცოტა კი გაუკვირდა, მაგრამ მითხრა, მეც მიყვარდა და კარგად ვიცოდი მათემატიკა და მეც მინდოდა მათემატიკოსი გავმხდარიყავი, მაგრამ ბოლოს მაინც თეატრალურზე ჩავაბარეო. ისეთი ამაყი წამოვედი, მთელ თბილისს მოვუყევი ეს ამბავი.
მე მისი თითქმის ყველა ფილმი მაქვს ნანახი. ვგიჟდებოდი მის ელიოზზე „ნატვრის ხეში“, რადგან რატომღაც მგონია, რომ „მოკლე“ როლების (სპეციალურად არ ვიხმარე სიტყვა არამთავარი, რადგან, ჩემი აზრით, „ნატვრის ხეში“ ყველა როლი მთავარია) შესრულება ვისაც ასე შეუძლია, ის მართლაც დიდი მსახიობია.
ასევე სხვანაირად მიყვარს დათა თუთაშხია. ალბათ ყველამ იცის, რომ ბატონმა ჭაბუა ამირეჯიბმა გიგა ლორთქიფანიძეს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ დათას როლი ბატონმა ოთარმა შეასრულა. ამაზე მაღალი შეფასება ხომ არ არსებობს.
ბატონი ოთარის კურსელი, ბატონი ნოდარ მგალობლიშვილი იხსენებს, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესი სტუდენტობიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებულად სერიოზული მიდგომით თავისი პროფესიისადმი, მას ძალიან უყვარდა ადამიანებთან ურთიერთობა და მიუხედავად იმისა, რომ ის საოცრად პოპულარული მსახიობი იყო, ბოლომდე რჩებოდა თავმდაბალი და მოკრძალებული.
ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანის აზრით კი: „ყველა გენიალური პიროვნება ასეთია — თავის სიდიადეს რომ არ აღიარებს! ვინმეზე აუგს ვერ ათქმევინებდი, ხოლო თუ ვინმეს სიკეთე ჰქონდა გაკეთებული, აიტაცებდა და სულ იმ კაცზე ლაპარაკობდა“.
საოცარია ბატონი ოთარის ლამაზი რომანის ისტორია, რომელიც მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში გრძელდებოდა. ბატონმა ოთარმა 26 წლის ასაკში გაიცნო ქალბატონი გურანდა გაბუნია, რომელიც მისი ცხოვრების თანამგზავრი და ბევრჯერ სცენიური პარტნიორიც გახდა. მას ქალბატონ გურანდასთან პაემნებზე მუდამ ყვავილები დაჰქონდა. ერთად 54 წელი გაატარეს. ამბობენ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათის იყვნენ, მაგრამ შესანიშნავად ეწყობოდნენ ერთმანეთს. არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც კაცს ასეთი სიყვარული შეუძლია და ასე თავის თავში შეყვარება.
2013 წელს, როდესაც ბატონი ოთარი გარდაიცვალა, დავწერე ლექსი და თქვენის ნებართვით მინდა შემოგთავაზოთ. ერთი წუთითაც არ იფიქროთ, ვთვლიდე, რომ კარგი ლექსია, უბრალოდ, მგონია, რომ ცოტა მაინც თქვენს ემოციებსაც გამოვხატავ მისი საშუალებით:
დიდი თაობა ნელ-ნელა მიდის,
თითქოს არ უნდათ ამ ქვეყნად მოცდა…
ალბათ, ხალხია „იქ“ უფრო დიდი…
დღეს კიდევ ერთი ფოთოლი მოგვწყდა…
დღეს კიდევ ერთი ჩაგვიწყდა მძივი…
დღეს კიდევ ერთი დაგვეცა სეტყვა…
დღეს კიდევ ერთი დაგვაკლდა სხივი…
სხივი, რომელსაც ოთარი ერქვა…
ყველა მთა იყო მასავით დიდი…
ცასაც კი სჯობდა თვალების ფერით…
ის იყო ჩვენთვის ლამაზი ხიდი…
ხიდი, რომელსაც ავყავდით ზევით…
… დღეს კიდევ ერთი ფოთოლი მოგვწყდა…
ბოლოს კი მინდა შემოგთავაზოთ ბატონი ოთარის შესრულებით განუმეორებელი „კინტაური“…
გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და წარმატებულ დღეს!
ლელა ანჯაფარიძე