თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთის მონაწილე ვეტერანებსა და იუნკერებს უმასპინძლებს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
გიორგი მარგველაშვილი დააჯილდოებს ომის ვეტერანებს. პრეზიდენტის სასახლის ეზოში საქართველოს დროშის ორიგინალს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილი საპატიო ყარაულთან ერთად აღმართავს.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ტრადიციულად, დედაქალაქსა და ქვეყნის რეგიონებში 14 იანვარს აღინიშნება. გასულ წელს მარგველაშვილის ინიციატივით პრეზიდენტის რეზიდენციაში სპეციალურად დამზადდა სახელმწიფო დროშის ეტალონური ნიმუში, რომლის პარამეტრები საქართველოს კანონმდებლობაშია აღნიშნული.
კანონი „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს დაამტკიცა. საქართველოს დროშაზე თეთრ ფონზე ხუთი წითელი ფერის ჯვარია გამოსახული, რომელიც იესო ქრისტესა და ოთხი მახარობლის სიმბოლოს წარმოადგენს.