მე-9 კლასელი ბიჭი შუაფხოდან, რომელიც „ბავშვმრავალ“ სკოლაზე ოცნებობს

გამოწერა
ბოლო 20 წელიწადში უკანაფშავში მდებარე 23 სოფლიდან მხოლოდ 12 დარჩა. ამ სოფლებშიც მოსახლეობის უმრავლესობა ზაფხულში ადის. ზამთარში იქ ძირითადად მოხუცები რჩებიან. 12 სოფელს მხოლოდ ერთი სკოლა და ერთი სამედიცინო პუნქტი აქვს.

სოსო ჯაბანიშვილი მე-9 კლასის მოსწავლეა. იგი შუაფხოს საშუალო სკოლაში სწავლობს. სოსო სკოლაში არსებულ პრობლემებს ძალიან განიცდის. სკოლა ცხრაკლასიანია, რის გამოც სკოლიდან უკვე ძალიან ბევრი ბავშვი წავიდა, მათ შორის სოსოს და ბარბარაც. ის ახლა მაღაროსკარში სწავლობს და ბებოსთან ცხოვრობს. ნაწილი წასვლას ახლო მომავალში გეგმავს. ბავშვები განათლებას სხვაგან იღებენ, უკან კი აღარ ბრუნდებიან… ასე ცარიელდება მთის სოფლები.

© FB/ სოსო ჯაბანიშვილისოსო ჯაბანიშვილი
სოსო ჯაბანიშვილი - Sputnik საქართველო
სოსო ჯაბანიშვილი

მე-9 კლასის მოსწავლისთვის ძალიან მტკივნეულია, როცა ხედავს, როგორ იცლება სოფელი, ცარიელდება სკოლის კედლები, აღარ ისმის ბავშვების ჟრიამული. მისი ოცნებაა შუაფხოში საშუალო სკოლა გაიხსნას, რადგან სოფელში არიან ბავშვები, რომლებიც მეგობრების მსგავსად სასწავლებლად სხვაგან ვერ მიდიან და უსწავლელები რჩებიან.
— სოფელი არის მცირერიცხოვანი. უკანაფშავის საკრებულოში შედის თორმეტი სოფელი, ახლა მხოლოდ რამდენიმე სოფელშია შემორჩენილი ერთი ან ორი კომლი. მხოლოდ შუაფხო და თხილიანაა „მრავალრიცხოვანი“. სკოლა არის შუაფხოში, საიდანაც სამი ბავშვი დადის სკოლაში, თხილიანიდან კი ათი ბავშვი. სკოლა საბაზო საფეხურისაა. გვყავს თითქმის ყველა საგანში კვალიფიციური პედაგოგები, ისინი თავდაუზოგავად ზრუნავენ ჩვენ განათლებაზე.

ჩემი, და არა მარტო ჩემი, ოცნებაა, ჩვენი სკოლა იყოს საშუალო, რომ  ჩვენც აქ დავამთავროთ სწავლა, დაბრუნდნენ ის ბავშვებიც, სხვაგან რომ გადავიდნენ სასწავლებლად, იმ ბავშვებსაც მიეცეთ საშუალება სრულყოფილი განათლება მიიღონ, ვინც სხვაგან ვერ გადადიან სასწავლებლად.

ყველა მოსწავლის სახელით თხოვნით მივმართავ განათლების სამინისტროს, გულთან მიიტანონ ჩვენი სათხოვარი.

სოსო ჯაბანიშვილი: ვოცნებობ, ჩემი სოფელი და სკოლა ბავშვებით გაივსოს

– ვინ გინდა გახდე?
– ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ მინდა ისეთი განათლება მივიღო, ისეთ სპეციალობას დავეუფლო, რომელიც ჩემთვისაც და სოფლისთვისაც უფრო გამოსადეგი იქნება.
— როცა უმაღლეს განათლებას მიიღებ, დაბრუნდები შენს სოფელში?
– რა თქმა უნდა, დავბრუნდები. მე თუ ვისწავლი, ვისწავლი იმას, რაც ჩემს სოფელს გამოადგება. მე თუ წავალ სოფლიდან, ის თუ წავა, აქ ვინღა დარჩება? დაცარიელებული მთის სოფლები ჩემი გულისტკივილია.

© FB/ სოსო ჯაბანიშვილისოსო ჯაბანიშვილი
სოსო ჯაბანიშვილი - Sputnik საქართველო
სოსო ჯაბანიშვილი

– რა არის შენი ოცნება?
— ჩემი დიდი ოცნებაა სოფელი სოფელს ჰგავდეს, ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს, ხალხს შეეძლოს სოფლად ცხოვრება, შექმნან დოვლათი, ჰქონდეთ შემოსავალი. ხალხმრავალი სოფელი მინდა და, შესაბამისად, სკოლაც ბავშვმრავალი. ვოცნებობ ჩემ სკოლაში ყველა კლასი ბავშვებით გაივსოს, ახმაურდეს კედლები, რომ ჩვენც მეტი ხალისით და შემართებით შევუდგეთ სწავლას. იცით, ბავშვებით სავსე სკოლა ბევრჯერ მინახავს სიზმარში…
სოსო ჯაბანიშვილს 10 დედმამიშვილი ჰყავს, მისი დედა ირმა ცქიფაშვილი უკვე რამდენიმე წელია, შუაფხოს სკოლის დირექტორია. ქალბატონ ირმას სულ 17 მოსწავლე ჰყავს, აქედან 6 მისი შვილია.

ყველა ახალი ამბავი
0