„ახალი წელი ანდრის ლიეპასთან ერთად" სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს შეკრებს

© FB / Denis Shapiroთბილისის პანორამა
თბილისის პანორამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საღამოზე ნაჩვენები იქნება ანდრის ლიეპას მიერ იგორ სტრავინსკის მუსიკაზე დადგმული ბალეტი "ფასკუნჯი".

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. გალა-კონცერტზე „ახალი წელი ანდრის ლიეპასთან ერთად" სცენაზე წარდგებიან ბალეტის მსახიობები რუსეთიდან, აშშ-დან, იტალიიდან და საქართველოდან. კონცერტი 13 იანვარს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართება.

საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტებთან და მოცეკვავეებთან ერთად ლიეპას მოწვევით თბილისის სცენაზე პირველად წარდგებიან მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინები ალიონა კოვალიოვა და იულია სტეპანოვა, იუწყებიან ორგანიზატორები. 

ანდრის ლიეპა - Sputnik საქართველო
ანდრის ლიეპა თბილისელთა წინაშე ძველით ახალ წელს წარდგება

ქართველი მაყურებელი ასევე ნახავს მილანის „ლა სკალას" საოპერო თეატრის ბალეტის მსახიობის იაკოპო ტისის გამოსვლას. ის პარტნიორობას გაუწევს თბილისის თეატრის საბალეტო დასის პრიმა-ბალერინასა და სამხატვრო ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს სპექტაკლში „ვარდის აჩრდილი" (მუსიკა — კარლ მარია ფონ ვებერის, რედაქცია — რაისა სტრუჩკოვასი, დადგმა — ნინო ანანიაშვილის).

გალა-კონცერტზე აგრეთვე გამოვა ვაშინგტონის (აშშ) ბალეტის მსახიობი ბრუკლინ მაკი, რომელიც პარტნიორობას გაუწევს თბილისის თეატრის წამყვან სოლისტს ლალი კანდელაკს.

საღამოზე მაყურებელს შეუძლია ნახოს იგორ სტრავინსკის მუსიკაზე ანდრის ლიეპას მიერ დადგმული ბალეტი „ფასკუნჯი" (ქორეოგრაფია – მიხაილ ფოკინის), პა-დე-დე პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტიდან „მაკნატუნა", ალექსანდრ გლაზუნოვის „რაიმონდა", ადოლფ ადანის „ჟიზელი" და „კორსარი" და სხვა დადგმები.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს უხელმძღვანელებს რუსი დირიჟორი ალევტინა იოფე.

ბალეტის მსოფლიო ვარსკვლავი და ქორეოგრაფი ანდრის ლიეპა ქართველ მაყურებელს ახალ წელს მიულოცავს და აუდიტორიას ბალეტის ისტორიიდან საინტერესო ამბებს მოუყვება. როგორც საღამოს ორგანიზატორები იუწყებიან, საღამო „ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოების" 10 წლის იუბილეს ეძღვნება.

„ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოება" — არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 2006 წელს დაარსდა. საზოგადოების მიზანია ქართული საბალეტო ხელოვნების ინიციატივებისა და განვითარების მხარდაჭერა.

ყველა ახალი ამბავი
0