საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი დანიის ჩემპიონატში გადავიდა

© ФК "Виборг"მათე ვაწაძე
მათე ვაწაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მათე ვაწაძე დანიის ჩემპიონატს დაუბრუნდა, სადაც მან ოთხი წელი „ორჰუსში“ გაატარა.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მათე ვაწაძემ დანიურ კლუბ „ვიბორგთან“ კონტრაქტი გააფორმა, აღნიშნულია კლუბის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

28 წლის ფორვარდსა და სკანდინავიურ კლუბს შორის ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. გარიგების ფინანსური მხარე უცნობია, თუმცა, პორტალ Transfer Markt-ის ინფორმაციით, ტრანსფერის თანხა თითქმის 300 ათას ევროს შეადგენს.

ვაწაძე დანიის ჩემპიონატს კარგად იცნობს. ის 2012-2016 წლებში „ორჰუსის“ თავდამსხმელი იყო. ამ გუნდის შემადგენლობაში მან 81 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა.

„ნამდვილად ბედნიერი ვარ დანიის სუპერლიგაში დაბრუნებით. ერთი სული მაქვს მოედანზე გავიდე და კარგი ფორმა დავიბრუნო. პირველ რიგში კი გუნდში ჩემი ადგილი უნდა მოვიპოვო და დავეხმარო „ვიბორგს” მიზნების მიღწევაში. იმედი მაქვს, რომ ბევრ გოლს გავიტან“, — განაცხადა ვაწაძემ კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ.

ქართველ თავდამსხმელს მაღალი შეფასება მისცა „ვიბორგის“ სპორტულმა დირექტორმა მორტენ იანსენმა: „ჩვენ კარგად ვიცით მათე ვაწაძის შესაძლებლობები. იგი სრულყოფილი თავდამსხმელია, რომელმაც უკვე დაამტკიცა თავისი მაღალი დონე დანიის ჩემპიონატში. გვჯერა, რომ იგი დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში“.

„ვიბორგის“ ძირითადი ამოცანა ამ სეზონში სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. გუნდს 21 ტურის შემდეგ სულ 17 ქულა აქვს და ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ბოლოშია. ჩემპიონატი 19 თებერვალს განახლდება.

აღსანიშნავია, რომ ამ დღეებში დანიის ჩემპიონატში გადავიდა კიდევ ერთი ქართველი — საქართველოს ნაკრების წევრი ოთარ კაკაბაძე, რომელიც ესპანური „ხიმნასტიკიდან“ დანიურ „ესბიერგში“ იჯარის საფუძველზე ითამაშებს.

ყველა ახალი ამბავი
0