Facebook-ის მომხმარებლებმა ათობით შეკითხვა გამოგზავნეს. „Sputnik–საქართველოს“ რედაქციამ ყველაზე საინტერესო კითხვები შეარჩია, რომლებსაც ნიკოლოზ ცისკარიძემ ინტერვიუში უპასუხა.
— ძალიან საინტერესოა თქვენი პირადი ცხოვრება. მოყევით, ვინ შეიძლება გახდეს თქვენი რჩეული? (მომხმარებელ Mari Kistauri-ს კითხვა)
— პირადი ცხოვრება იმიტომ არის პირადი, რომ მასზე არ უნდა ილაპარაკო. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობენ. არასდროს არც ერთ ინტერვიუში არ მისაუბრია ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ. მას ხომ „პირადი" და არა „საზოგადოებრივი" ჰქვია. საზოგადოებრივი ცხოვრება — ეს არის ის, რასაც სცენაზე ვაკეთებ, ის, რომ სადღაც დავდივარ. ამაზე შემიძლია ვისაუბრო. იმას, რასაც ჩემი სახლის კარს მიღმა ვაკეთებ, არ განვიხილავ.
– თბილისში გასტროლებზე ხომ არ აპირებთ ჩამოსვლას? ძალიან მიყვარხართ, თქვენი გამოსვლები მარტო ტელევიზიით და ინტერნეტით მინახავს. ამიტომ ძალიან მინდა თქვენი ცხოვრებაში ნახვა. (მომხმარებელ Irina Shakulashvili-ს კითხვა)
— დიდი ხანია უკვე არ ვცეკვავ. სანამ ვცეკვავდი, თბილისში ჩამოვდიოდი. თუ თბილისიდან სხვა ფორმატის წინადადებები იქნება, მე ყოველთვის თანახმა ვარ — ადამიანებს უპრობლემოდ ვხვდები. თუმცა, ახლა დრო საერთოდ არ მაქვს. ძალიან ბევრი სამუშაოა. ამიტომ თბილისში ცოტა ხნით თუ მოვხვდები სახლში, მაგრამ, დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ვერც კი წარმომიდგენია – როდის.
– ოდესმე თუ გქონიათ ცეკვის პრაქტიკა ჰიტების შესრულების თანხლებით? თუ გქონიათ, ვისთან ერთად? (მომხმარებელი Нана Лобжанидзе-ს კითხვა)
— არ ვიცი, სიტყვა „ჰიტში" რას გულისხმობთ. მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტაში" ვმუშაობდი. არ ვიცი, ეს თქვენთვის ჰიტია თუ არა. „საახალწლო ოგონიოკებზე" რეგულარულად გამოვდივარ. საესტრადო შემსრულებლებთან, ასე თუ ისე, მაქვს შეხება.
– საქართველოში საბალეტო სკოლის გახსნის სურვილი ხომ არ გაქვთ? (მომხმარებელ Диана Диана-ს კითხვა)
— არა. მე ვმუშაობ სახელმწიფო, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში. ამიტომაც არაფრის გახსნის სურვილი არ მაქვს.
– თეატრში ხშირად დადიხართ? რომელია თქვენი საყვარელი სპექტაკლი? ბოლოს რომელი სპექტაკლი ნახეთ (იგულისხმება დრამატული თეატრი)? ასეთივე კითხვა წიგნების შესახებ: თქვენი საყვარელი წიგნები, უკანასკნელად წაკითხულიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონათ? (მომხმარებელ Nini Japaridze-ს კითხვა)
— ხშირად. ვერ ვიტყვი, რომელია საყვარელი სპექტაკლი – რაღაც მომწონს, რაღაც არა. ზეპირად სპექტაკლების დასახელება არ მახსოვს. თქვენ თუ წარმოგიდგენიათ, რამდენს დავდივარ თეატრში?! რაც შეეხება წიგნებს, დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს, იმიტომ რომ დრო არ მაქვს. საყვარელი წიგნი, ალბათ, მოემის "თეატრია".
– ვინ არის თქვენი საყვარელი კომპოზიტორი და რატომ? (მომხმარებელ Elena Semenets-ის კითხვა)
— ჩაიკოვსკი. იმიტომ რომ ეს ლამაზია.
– მადლობა თქვენი შემოქმედებისთვის, იუმორისა და ინტელექტისთვის! რა არის უფრო რთული: ცეკვა თუ ცეკვის სწავლება? (მომხმარებელ Sophia Gvidani-ს კითხვა)
— მადლობა! ეს აბსოლუტურად სხვადასხვა პროფესიებია, მათი შედარება არ შეიძლება. უბრალოდ, იყო დრო, როდესაც ვცეკვავდი, ახლა კი, მადლობა უფალს, შემიძლია ვასწავლო ცეკვა. ამის კეთება შემიძლია. მე ეს მასწავლეს, ეს ძალიან რთულია. ადვილი სულაც არ არის, ეს ბევრს არ შეუძლია. მე კი გამომივიდა. ამიტომ ეს დიდი ბედნიერებაა.
– ბედნიერი ხართ? (მომხმარებელ GU GA-ს კითხვა)
— ამის თქმა ასე არ შეიძლება. ეს აბსოლუტური სისულელეა. ზოგჯერ ბედნიერი ხარ, ზოგჯერ არა. მე ხომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. უბრალოდ, ასეთი რამ არ არსებობს, ასე ვერ იტყვი — ბედნიერი ხარ თუ არა. ბედნიერება ტაქსი ხომ არაა, რომელიც გამოძახებით მოდის.
– თუ მომხდარა თქვენ შემოქმედებით ცხოვრებაში რაიმე მისტიური და აუხსნელი? (მომხმარებელ Nini Japaridze-ს კითხვა)
— მე ბალეტში მოვხვდი — ეს უკვე მისტიკაა.
– როგორ ფიქრობთ, რა მდგომარეობაში იმყოფება ახლა ქართული ბალეტი? და, თქვენი აზრით, რით არის გამოწვეული ჩვენთან ბალეტის მსახიობი მამაკაცების ნაკლებობა? (მომხმარებელ Nini Japaridze-ს კითხვა)
— არ ვიცი, დიდი ხანია არ მინახავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ჯერ დაახლოებით 20 წლის არის, მაშინ არ ვიცი. ის ძალიან ახალგაზრდაა, ჯერ ახლა ყალიბდება. არ უნდა დაივიწყოთ, რომ თავიდან ეს საიმპერატორო ბალეტი იყო, მერე საბჭოთა. ქართული ბალეტი საბჭოთა ბალეტის საფუძველზე მხოლოდ 1991 წელს შეიქმნა. ქართული ბალეტიდან დიდი ხანია არაფერი მინახავს, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს ჩადებული საფუძველი შთამბეჭდავია. რაც შეეხება ბალეტის არტისტების ნაკლებობას — საქართველოს მამაკაცებისთვის ეს მოდური პროფესია არ არის.
– გულზე ხელი დაიდეთ და გულახდილად მიპასუხეთ: მენტალურად უფრო რუსი ხართ თუ ქართველი? არაფერი პირადი! პრინციპში, შეგიძლიათ ისარგებლოთ "დუმილის უფლებით". (მომხმარებელ Tamaz Cheishvili-ს კითხვა)
— მე აბსოლუტურად რუსი ადამიანი ვარ. უკრაინელი ძიძა მზრდიდა. ჩვენ სახლში, ძირითადად, რუსულად საუბრობდნენ. შეიძლება ითქვას, რუსულადაც და ქართულადაც. ასევე სომხურად, რადგან ჩემი მამინაცვალი სომეხია. ბავშვობაში სომხურად თავისუფლად ვლაპარაკობდი… მაგრამ მთავარი ენა მაინც რუსული იყო. და ჩემი ჩამოყალიბება სერიოზულად მოსკოვში მოხდა, მენტალობით მოსკოველი ვარ. და სულაც არ მრცხვენია, უბრალოდ, ასე მოხდა. სხვა საქმეა ის, რომ წარმოშობით ქართველი ვარ, ასე მოხდა. სისხლს ვერ შეიცვლი.