გურამ საღარაძე, რომელსაც დღეს 88 წელი შეუსრულდებოდა და მისი შესანიშნავი მეუღლე ტანიჩკა ბუხბინდერი ერთმანეთისთვის მაღლიდან გაჩენილი წყვილი იყო… ერთი სიამოვნება იყო მათთან ურთიერთობა. გურამი თითქოს ცოტა მკაცრობდა, ტანიჩკა კი პატარა გოგოსავით ცელქობდა და აბრაზებდა ხოლმე. ორივენი ერთმანეთს ისეთი თვალებით უყურებდნენ, ნებისმიერს შეშურდებოდა. თეთრი შურით, რა თქმა უნდა, აბა, შავი შური მათთან რა მოსატანია…
ჩვენ წლების განმავლობაში სულ ერთად ვისვენებდით ხოლმე სინოპში. ჩემი მამიკო ჯემალიკო, გურამი, ტანიჩკა და ჩემი დედიკო გალიჩკა სულ ერთად იყვნენ და თანაც ოთხივე მე მივლიდა. ძირითადად კარტს თამაშობდნენ („კინგს“). კაცები წაგებულს ფულით ისტუმრებდნენ, გალიჩკა და ტანიჩკა კი მაგიდის ქვეშ გაძრომით.
სხვათა შორის, ერთხელ პლაჟზე კარტის თამაშით ისე გაერთნენ, რომ მე გავეპარე (სადღაც 3 წლის ვიყავი) და შევედი ზღვაში. კიდევ კარგი, ბოლო წუთს დამინახა ტანიჩკამ და როცა ამომიყვანეს ზღვიდან, შემეკითხა, სად მიდიოდიო. მე კიდევ ხელით ვაჩვენე შუა ზღვაში მდგარი გემი და იქით-მეთქი.
ბავშვობაში ძალიან მინდოდა ტანიას დავმსგავსებოდი. სულ ვათვალიერებდი, რა ეცვა, როგორ დადიოდა. სხვათა შორის, კლასიკური გაგებით შეიძლება „კრასავიცა“ არც იყო, მაგრამ ყველა ლამაზ ქალს ჯობდა. ვინმე კომპლიმენტს რომ ეტყოდა, ჯემალიკო თუ ახლოს იყო, ტანია ხუმრობდა – ჯემალი, მოუყევი ერთი, რას ვგავარ დილის 6 საათზე გაუკრასკავიო (მამასთან დაქალობდა და ჯემალი ადრე დილით სამსახურში რომ გაუვლიდა ხოლმე, სულ მისი გაღვიძება უწევდა). მეც ერთხელ, პატარა ვიყავი, ვერ მოვზომე და ვკითხე — წოწია ტანიჩკა, ასეთი ულამაზო თუ ხარ დილაობით, გურამ ბიძიამ ცოლად როგორ მოგიყვანა–მეთქი. არ დაიბნა და, იცით, რა მიპასუხა? მთავარი ის არის, ქმარზე ადრე გაიღვიძო, გავარდე აბაზანაში და გალამაზდეო.
სინოპში დასვენებისას გურამ ბიძია ცდილობდა, აფხაზეთის მაღალ საზოგადოებას და სოხუმელ ძმაკაცებს არ გაეგოთ, ჩამოსული რომ იყო, რადგან პლავკებიანს იტაცებდნენ ხოლმე პირდაპირ პლაჟიდან (ჩვენც მასთან ერთად) და ზღვას ვეღარ ვხედავდით ხოლმე. ამიტომ სანატორიუმის ტერიტორიიდან იშვიათად გადიოდა და გემრიელად მიირთმევდა იქაურ საკვებს. ერთხელ საღამოთი ცოტა გაღიზიანებული დაგვხვდა და მამიკომ ჰკითხა — რა ხდებაო. რა ხდება და ამ ჩემმა ცოლმა უპატრონო ძაღლი აღმოაჩინა 6 ლეკვთან ერთად და ორი დღეა ნახევრადმშიერი დავდივარ, ყველაფერი ამ უპატრონო „ნაბიჭ…არ“ ლეკვებთან ჩააქვსო.
ჩვენს ოჯახებს მეგობრობა იმ პერიოდიდან აკავშირებდა, როდესაც გურამი ჯერ ტანიჩკას მეუღლე არ იყო და ორივეს ძალიან უყვარდა ერთი მოგონება…
მოსკოვში საქართველოს კულტურის დღეები ტარდებოდა და ქართველი ხელოვანებისთვის ოთახები იმ დროისთვის ყველაზე კარგ სასტუმრო „როსიაში” გამოყვეს. გურამი და ჯემალიკო ერთ ოთახში შესახლდნენ, გალიჩკა და ტანიჩკა კი მეორეში (საბჭოთა კავშირის პერიოდში, როცა „სექსი არ იყო“, ხელმოუწერელ ქალს და მამაკაცს ერთ ნომერში არ ასახლებდნენ). ბუნებრივია, ორივე წყვილს ღამის იმედი ჰქონდა, მაგრამ ჯინაზე ნომრები ზუსტად „ეტაჟნიცას“ პოსტის წინ ერგოთ. რამდენჯერაც ღამე გურამი ან ჯემალი მოპირდაპირე ნომერში გადასვლას დააპირებდნენ, ქერათმიანი და მაღალპრიჩოსკიანი „ეტაჟნიცა“ ხმამაღლა ჩაახველებდა ხოლმე და ასე გრძელდებოდა მთელი ღამე.
ბატონ გურამთან კიდევ ერთი შესანიშნავი მოგონება მაქვს დაკავშირებული — მარიამობაზე ყოველთვის სინოპში ვიყავით ხოლმე და მთელი დასასვენებელი სახლი ადიოდა ტყეში, სადაც იშლებოდა სუფრა. ბატონი გურამი თამადა იყო და კითხულობდა „დედაო ღვთისა, მზეო მარიამს“. ხოლო როგორ კითხულობდა, ეს კი იცით.
ჩემ ქალიშვილ ნინას გურამ ბიძია მოსკოვში მუშაობის პერიოდში გავაცანი, საელჩოს შენობაში (ტანიჩკა, სამწუხაროდ, აღარ იყო). სულ ერთხელ ნახა და არ ვიცი, ამ პატარა ბავშვმა რა დაინახა, რისი შეგრძნება შეძლო ან მოასწრო, რომ დღემდე ბატონი გურამის სახელის ხსენებაზე თვალები უნათდება… თუმცა, არც მიკვირს, სიყვარული გენებით რომ გადადის და თანაც „ძლიერ-ძლიერ“, ეს ნამდვილად ვიცი…
თქვენი ლელა ანჯაფარიძე