რა მოდური ტენდენციებია აქტუალური 2017 წლისთვის ქორწილების დიზაინის სფეროში, ვინ ქმნის საქართველოში ქორწილების დიზაინს და რა ჯდება გრანდიოზული ქორწილის გადახდა, ამ თემებზე ქორწილების დიზაინერი ედემი გვარმიანი გვესაუბრება.
– რით იყო გამორჩეული 2016 წელი?
– დავიწყებ იქიდან, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადია დამკვიდრდა ტენდენცია – პატარძლებს „ხაშლამაზე“ მეტად აინტერესებთ ქორწილის ვიზუალური მხარე. უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ დიზაინს, გაფორმებას, ანუ ვიზუალურ მხარეს. წინა წლებთან შედარებით 2016 წელს ნაკლები ქორწილები იყო. იმედია წელს ბევრად მეტი ქორწილი იქნება. გასულ წელს აქტუალური იყო ატმისფერი, წლის მეორე ნახევარში კი ფირუზისფერი, ლურჯი და წყლისფერი დომინირებდა. ეს ეხებოდა როგორც მეჯვარეების კაბებს, ისე თაიგულებს და ინტერიერის დიზაინს. რაც შეეხება ყვავილებს, ტრადიციულად, როგორც გასულ წლებში, 2016 წელსაც თითქმის ყველა სახეობის ყვავილს ვიყენებდით, თუმცა ლიდერობდა ვარდი და იორდასალამი (PAEONIA). პირადად მე ქსოვილი საერთოდ ამოღებული მაქვს დიზაინიდან, რადგან ძალიან არამოდურია. ძირითადად უფრო ჩამოსულები ითხოვენ ქსოვილს, ვიდრე ქართველები.
– დიზაინის შექმნის დროს მხოლოდ ბუნებრივ ყვავილებს იყენებთ?
– დიახ. ხელოვნურ ყვავილებს არ ვიყენებ. ქორწილის ხიბლი არის ყვავილი, ამიტომ ყოველთვის ბუნებრივი ყვავილებით ვაფორმებ, რომ უფრო ცოცხალი, ხალასი და შთამბეჭდავი იყოს ქორწილი.
– ყვავილებს ძალიან დიდი რაოდენობით იყენებთ. საქართველოში ხელმისაწვდომია ამდენი ყვავილის შეძენა?
– ყვავილების მხრივ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე. მით უმეტეს ამ მხრივ რთულად იყო საქმე 2016 წელს. 8 იანვარს იყო ქორწილი და დიდი დილემის წინაშე დავდექით, რადგან ძალიან არის გაძვირებული ყვავილი. ჩემი 15-წლიანი მუშაობის განმავლობაში ყვავილზე ასეთი მაღალი ფასი არ მახსოვს.
– ალბათ ეს ზრდის ქორწილის დიზაინის ფასსაც.
– რა თქმა უნდა, ამან დაახლოებით 30–40 პროცენტით გაზარდა ფასი. შარშანდელთან შედარებით წელს უფრო ძვირი იქნება ქორწილების დიზაინერის მომსახურება.
– პატარძლები გაძლევენ მითითებებს თუ თქვენი გემოვნებით აფორმებთ ქორწილებს?
– იქიდან გამომდინარე, რომ ქორწილი მათთვის ახალი ხილია და ნაკლებად კომპეტენტურები არიან, მე მანდობენ ძირითადად ყველა საკითხს. ამ დროს ცოტა გაურკვეველ მდგომარეობაში არიან, ამიტომ მე ვიღებ ჩემ თავზე ყველა დეტალს.
– ვინ ქმნის საქართველოში ქორწილების დიზაინს?
– არის რამდენიმე ადამიანი, ვინც საქართველოში ქორწილების დიზაინს ქმნის, მათ შორის ერთ–ერთი თქვენი მონა-მორჩილი. შემიძლია გამოვყო სამი კომპანია, რომლებსაც აქვთ კრეატიული ხედვა და იდეები. მე ვთვლი, რომ საქართველოში ძალიან გემოვნებიანად იქმნება ყველაფერი და ეს ძალიან მახარებს.
– რამდენად ძვირი სიამოვნებაა საქართველოში ქორწილების დიზაინერის მომსახურება?
– იაფი ნამდვილად არ არის. კონკრეტული ფასის დასახელება გამიჭირდება. საშუალოდ, ალბათ, მინიმალური ზღვარი არის 1000 ლარი და შეიძლება გაიზარდოს 100 000 ლარამდე, გააჩნია მოთხოვნილებას, სტუმრების რაოდენობას და ა.შ.
– შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენ შემთხვევაში ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი?
– ყველაზე დიდი თანხა, რაც გადამიხადეს, იყო 50 000 ლარი, თუმცა ეს არ იყო ქართველების ქორწილი.
– ქორწილების როგორი დიზაინი იქნება მოდური და აქტუალური 2017 წელს?
– შარშანდელთან შედარებით წელს განსხვავებული ტენდენციები იქნება. ნეფე-პატარძლის მაგიდა ძირითადად კეთდება თაბაშირ-მუყაოსგან და ეძლევა სასურველი ფორმები. როგორც უკვე გითხარით, ქსოვილი საერთოდ ამოღებულია დიზაინიდან. აქტუალურია სარკის თემა, ყვავილებით გაფორმებული, განათებული მაგიდა. წელს აქტუალური იქნება ოთხი ფერი, ეს არის წითელის და შავის სინთეზი, მწვანე და თეთრი. ძირითადად იქნება ვინტაჟური სტილი, ანუ ღია სივრცეში, ბუნების წიაღში ქორწილი. იქიდან გამომდინარე, რომ მამლის წელია, კომპოზიციებში და თაიგულებში აქტუალური იქნება ბუმბულების გამოყენება. ქორწილებზე მოთხოვნა გაიზრდება აღდგომის დღესასწაულის შემდეგ.
– თბილისში არის ისეთი ღია სივრცე, სადაც შესაძლებელია მრავალრიცხოვანი ქორწილის გადახდა?
– რამდენიმე ადგილი არის, თუმცა დადებითი და უარყოფითი მხარე ყველა ადგილს აქვს. სრულყოფილი ღია სივრცე, სადაც არის საშუალება, რომ ამინდიდან გამომდინარე დაზღვეული იყო და უსაფრთხოდ იგრძნოს სტუმარმა თავი, არ არის. ძალიან დიდი კომფორტი ამ მხრივ არ გვაქვს. თუმცა თბილისში არის ორი–სამი ადგილი, სადაც შეიძლება ძალიან ლამაზი ქორწილის გადახდა ღია ცის ქვეშ.