თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. თბილისში გამოდის მოსკოვში მოღვაწე წარმატებული ქართველი მომღერლის თამრიკო დუდუნიას სიმღერების ახალი დისკი სახელწოდებით „თამრიკო დუდუნიას 13 მეგობარი“. დისკი EYE Studio-შია ჩაწერილი.
ქართველი მეცო-სოპრანოს მუსიკალური მიმართულება მრავალმხრივია: ნიუ-ჯაზი, პოპ-როკი, ფოლკი… ახალ დისკში შესულია მომღერლის მიერ სხვადასხვა ჟანრში შესრულებული სიმღერები, რომლებსაც თამრიკო დუდუნია ასრულებს ცნობილ ქართველ მომღერლებთან ერთად, რომელთა შორისაა გერმანიაში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი მომღერალი ბრენდონ სტოუნი.
ამჟამად მომღერალი თბილისში ახალი დისკის გამოსვლასთან დაკავშირებითაა ჩამოსული.
თამრიკო დუდუნია განათლებით ექიმი-პედიატრია, 2007 წელს დააამთავრა მუსიკალური სკოლა სპეციალობით „საესტრადო ვოკალი“. მომღერალი თბილისში დაიბადა, 1994 წლიდან სმოლენსკში ცხოვრობს. არის არაერთი საერთაშორისო მუსიკალური, ვოკალური კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი. 2007 წელს საერთაშორისო მუსიკალურ კონკურს-ფესტივალში „ღია ევროპა“ ის საუკეთესო შემსრულებელთა ათეულში მოხვდა.
2013 წელს დუდუნიას იტალიის ქალაქ რეჯო დი კალაბრიაში გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე „იტალიის მეგობართა მელოდები“ გრან-პრი მიენიჭა. ამავე წელს გამოიცა თამრიკო დუდუნიას ინგლისურენოვანი სიმღერების მეორე ალბომი Sweet Memories. 2015 წლის 4 იანვარს თბილისში, „ასსა ჰოლში“ მისი სოლო-კონცერტი გაიმართა. მომღერალი მუდმივი მონაწილეა პროექტისა „საქართველოს ხმები“, რომელიც მოსკოვში მაცხოვრის სახელობის ტაძართან არსებულ საეკლესიო კრებების დარბაზში ტარდება. რუსეთში მომღერალი აქტიურად უწევს პოპულარიზაციას ქართულ კულტურას.