თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ბათუმის „დინამოს“ ორი ქართველი ფეხბურთელი — მცველი ლევან გეგეჭკორი და თავდამსხმელი ელგუჯა ლობჟანიძე რუსულ კლუბ „ორენბურგში“ შერჩევას გაივლიან, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ რუსული გუნდის პრეს-სამსახურში.
ზამთრის პირველ შეკრებას „ორენბურგი“ 10-22 იანვარს თურქეთის ანტალიაში გამართავს. ორივე ქართველი ფეხბურთელი რუსულ კლუბს წინასასეზონო მზადების დროს შეუერთდება. შეკრების დასრულების შემდეგ გუნდები გეგეჭკორთან და ლობჟანიძესთან კონტრაქტის დადების გადაწყვეტილებას მიიღებენ, ან მათ, შესაძლოა, ამისთვის კიდევ დასჭირდეთ დრო, დასძინეს პრეს-სამსახურში.
„იმის პერსპექტივა, რომ რუსული პრემიერ-ლიგის კლუბის მოთამაშე შეიძლება გავხდე, ძალიან სასიამოვნოა. გასაგებია, რომ ჯერ შეკრებაზე გვნახავენ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ შევძლებ ჩემი საუკეთესო მხარის გამოვლენას და „ორენბურგთან“ კონტრაქტის გაფორმებას“, — განაცხადა ლობჟანიძემ.
ლობჟანიძემ ასევე აღნიშნა, რომ მას წინადადებებით სხვა ქვეყნებიდანაც მიმართეს, მაგრამ, მისი აზრით, რუსეთის ჩემპიონატი — ეს მაღალი დონის ტურნირია და სწორედ ამიტომ შეაჩერა არჩევანი „ორენბურგზე“.
ამჟამად რუსეთის ჩემპიონატში 17 ტურია ჩატარებული. „ორენბურგს“ აქტივში 12 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა.
2016/2017 წლების რუსეთის ჩემპიონატი 3 მარტს განახლდება.