ძალიან დილა მშვიდობისა!
დღეს, ამ კვირა დღეს, თქვენი პირადი და ჩვენი აივნის ჩვეული განრიგი დავარღვიე და ვიცი, ნამდვილად მაპატიებთ, რადგან ვერაფრით გამოვტოვებდი შემთხვეაას, მომეწვია შესანიშნავი ბალერინა, გადასარევი ქალბატონი და არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც მისთვის ბოლომდე ჩვეული ელეგანტურობითა და 49 კილოგრამისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქით ფერიასავით ამოიფრენს ამ კიბეებზე.
ეს არის ქალბატონი, რომელსაც ალექსეი ტოლსტოი უწოდებდა ქალღმერთს — ვისაც ადამიანებისთვის უმაღლესი ბედნიერების, დიდი ხელოვნების ჩუქების ნიჭი გააჩნია.
ბორის პასტერნაკი სწერდა მას, რომ მისი ბებერი გული მასთან ერთადაა, რადგანაც ბალეტის ნაწილებად დაშლილი სამყაროსგან პლასტიკური და სულიერი უწყვეტობის შექმნა შეუძლია.
მისი ახლო მეგობარი, საკმაოდ ცინიკური ფრაზებით ცნობილი ფაინა რანევსაკაია კი, რომელიც არავის ინდობდა, მას მხოლოდ „საყვარელოს“ და „განუმეორებელოს“უწოდებდა.
ეს გახლავთ უდიდესი, ლეგენდარული ბალერინა გალინა ულანოვა, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1910 წლის 8 იანვარს, სანქტ-პეტერბურგში, მარინის თეატრის ბალეტის მსახიობების ოჯახში… და მისი ბედი იმთავითვე გადაწყდა.
ის ბავშვობიდან ოცნებობდა სცენაზე. 9 წლის გალინა ულანოვა მიიღეს პეტროგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, სადაც პირველი სამი წლის განმავლობაში მისი პედაგოგი იყო დედა — მარია რომანოვა, ხოლო შემდეგ ის შეცვალა რუსული ბალეტის ცნობილმა ვარსკვლავმა აგრიპინა ვაგანოვამ.
18 წლის გალინამ დაამთავრა ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებელი და ჩაირიცხა კიროვის სახელობის ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 19 წლისამ კი შეასრულა თავისი პირველი მთავარი პარტია — ოდეტა-ოდილიას პარტია ჩაიკოვსკის „გედების ტბაში“.
კიროვის თეატრში ულანოვა 1944 წლამდე მოღვაწეობდა. აქ მან შექმნა განუმეორებელი სახეები: ჟიზელი ადანის „ჟიზელში“, მაშა ჩაიკოვსკის „მაკნატუნაში“, მარია ასაფიევის „ბახჩისარაის შადრევანში“ და, რაც მთავარია, ღვთაებრივი ჯულიეტა პროკოფიევის „რომეო და ჯულიეტაში“.
მინდა შემოგთავაზოთ ნაწყვეტები ამ ბალეტიდან შესანიშნავი რუსი ბალერინას, ეკატერინა მაქსიმოვას კომენტარებით, რომელიც გალინა ულანოვას მოწაფე გახლდათ.
1944 წელს გალინა ულანოვა გადაიყვანეს სამუშაოდ მოსკოვში, დიდ თეატრში. არ გაგიკვირდეთ სიტყვა „გადაიყვანეს“. მოგვიანებით ის იტყვის, რომ საკუთარი ნებით არასდროს მიატოვებდა მშობლიურ თეატრს, მაგრამ გადაწყვეტილება ამის შესახებ უმაღლეს პარტიულ დონეზე მიიღეს. საქმე ისაა, რომ იმ პერიოდში საზღვარგარეთ გასტროლებზე დადიოდნენ სწორედ დიდი თეატრის მსახიობები და ხელისუფლება ცდილობდა, საუკეთესო კადრები სწორედ მოსკოვში გადაეყვანა.
1944-1960 წლებში გალინა ულანოვა დიდი თეატრის ბალეტის წამყვანი სოლისტი იყო. აქ მის როლებს სწორედ აქ დაემატა ჟიზელი, რომელიც მისი სამსახიობო ხელოვნების მწვერვალად არის აღიარებული.
1960 წელს გალინა ულანოვამ უკანასკნელად იცეკვა „შოპენიანაში“ და დაასრულა სამსახიობო კარიერა. თუმცა ცხოვრების ბოლომდე, 89 წლის ასაკამდე, ის რჩებოდა დიდი თეატრის ბალეტმეისტერად და აღზარდა ისეთი მსოფლიოში განთქმული მოცეკვავეები, როგორიც არიან: ვლადიმერ ვასილიევი და ეკატერინე მაქსიმოვა, სვეტლანა ადიორხაევა, ნინა ტიმოფეევა, ლუდმილა სემენიაკა, ნინა სემიზოროვა, ნიკოლოზ ცისკარიძე და მრავალი სხვა.
მინდა შემოგთავაზოთ ნაწყვეტი სვიატოსლავ რიხტერისა და მისი მეუღლის, ნინა დორლიაკის გალინა ულანოვასადმი მიწერილი წერილიდან:
„საყვარელო გალინა სერგეევნა, როდესაც თქვენ მიატოვეთ სცენა, ჩვენც შევწყვიტეთ სიარული ბალეტებზე. თქვენ ამის შესახებ გაიგეთ და ერთი სიტყვა თქვით: „ტყუილუბრალოდ“. დღეს ჩვენ ისევ დავდივართ ბალეტის სპექტაკლებზე და უზომოდ გვახარებს თქვენი მოწაფეების წარმატებები. ეს არის უნიკალური და იშვიათი ნიჭი — სხვას გადასცე გულში დაგროვილი სილამაზე. თქვენ ჩვენთვის დღესაც იდეალად რჩებით…“
მშვენიერი სიტყვებია, მართლაც იშვიათი ნიჭია, თუნდაც ასე ჩაატარო რეპეტიციები.
და კიდევ, უზარმაზარი ნიჭია, ბოლომდე დარჩე ფორმაში, ასაკის მიუხედავად.
მშვენიერი ელენა ობრაზცოვა ამბობდა:
„მე ქედს ვიხრი ულანოვა-ქალის წინაშე, რომელიც მუდამ დახვეწილად ელეგანტურია და საოცრად მომხიბვლელი. ამის უნარი ბევრს არ გააჩნია. ის კი სულ ასეთია, მუშაობის დროსაც და ქანცგამომცლელი რეპეტიციების შემდეგაც. რა ბედნიერებაა, რომ ჩვენ გვყავს ულანოვა. ის ყველას გვაკეთილშობილებს“.
მე მხვდა წილად ბედნიერება, გალინა ულანოვა მენახა. მართალია სულ ერთხელ და სულ რამდენიმე წუთით — ბიძაჩემ ზურაბ ანჯაფარიძესთან ერთად დიდი თეატრის ლიფტში. მახსოვს, რომ დანახვისას დავმუნჯდი, ვიგრძენი ზურიკოს უზარმაზარი მოწიწება მის მიმართ და კიდევ მახსოვს, ისეთ ფორმაში იყო… თხელი, წელში გამართული, მაღლა აწეული თავით, რომელსაც ფანტასტიური, მოკლე და ვერცხლისფერი თმის ვარცხნილობა ამკობდა — ერთდროულად ამაყიცა და პატარა ბიჭივით მოუსვენარიც. გამიღიმა, ხელი დამადო მხარზე და სამ წამში ლიფტიდან გაფრინდა. მარტონი რომ დავრჩით, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ მუცელი მქონდა „შესუნთქული“…
ალბათ ძნელია ხელოვნების მოღვაწეთა შორის გალინა ულანოვაზე უფრო მეტად დაფასებულის დასახელება სამშობლოში: სსრკ-ს სახალხო არტისტი, ორგზის სოციალისტური შრომის გმირი, ოთხგზის სტალინის პრემიისა და ლენინის პრემიების ლაურეატი; და უცხოეთში: ბულგარეთში კირილისა და მეთოდეს ორდენი“, ფინეთში „ლომის ორდენი“, იტალიაში ვიოტის პრემია, ჩინეთის, ბრაზილიის, აშშ-ის, გერმანიისა და ვენესუელის ხელოვნებათა აკადემიების საპატიო წევრობა. და ეს ყველაფერი არა პოლიტიკური, არა საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის, არამედ ჯულიეტასათვის, ოდეტასათვის, ჟიზელისათვის…
გალინა ულანოვას ძალიან უყვარდა ცხოველები და ყვავილები, განსაკუთრებით კი ტიტები. ცნობილმა ჰოლანდიელმა მეყვავილემ, თეოდორ ლეფერმა გამოიყვანა მისი სახელობის თეთრი ტიტები, რომლებიც დიდი თეატრის წინ დარგეს. ყოველ დილით ულანოვა ტიტებს რომ ჩაუვლიდა, ეღიმებოდა ხოლმე.
სხვათა შორის, გალინა ულანოვა ერთადერთი ბალერინაა, რომელსაც ჯერ კიდევ ცხოვრებაში დაუდგეს ძეგლი, თანაც ორი. 1984 წელს გაიხსნა მისი ძეგლი სანქტ-პეტერბურგში და იმავე წელს — სტოკჰოლმში.
როდესაც იუნესკოს ძეგლების საერთაშორისო კომისიის პრეზიდენტს, ბენგდტ ჰეგერს დაუსვეს კითხვა, რატომ მაინცდამაინც ულანოვაო, მან უპასუხა:
„ულანოვა ხელოვნებაში ყველაზე მაღალი სიმაღლეა. ის მხოლოდ ბრწყინვალე ბალერინა კი არ არის — ბრწყინვალე მოცეკვავე ბევრია — მისი დიდება იმაშია, რომ მან, როგორც არავინ, შეძლო ჩვენს ძალიან დაუნდობელ საუკუნეში ეჩვენებინა, თუ რა მშვენიერია ბუნებრივი ადამიანური გრძნობები: სიკეთე, სიმართლე და სილამაზე“.
გისურვებთ სიკეთით, სიმართლით და სილამაზით სავსე დღეს!
ლელა ანჯაფარიძე