თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
„გზის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მაშტაბური სამუშაოები გასწია, შესაბამისი სამსახურები უწყვეტად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სტიქიის მოცულობის მიუხედავად საავტომობილო მოძრაობის უმოკლეს ვადაში აღდგენა“, — იუწყება დეპარტამენტის პრესსამსახური.
6 იანვარს ღამით სოფელ შორაპანთან გზის სავალ ნაწილზე დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა (დაახლოებით 8000 კუბი) ჩამოიშალა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო.
ჩამოშლილი მასიდან დაახლოებით 100 ტონამდე დიდი ზომის ქვები იყო, რამაც მეტად გაართულა სამუშაო პროცესი. ადგილზე მუშაობდა 15-მდე სპეცტექნიკა.