საქართველოს დედაქალაქი — თბილისი, რომელიც მტკვრის ნაპირებზეა განფენილი, ღამით განსაკუთრებით ლამაზია, ხოლო ახალი წლის დღეებში სულაც სადღესასწაულო ზღაპრად გარდაიქმნება ხოლმე.
თბილისი წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს, რომელთათვისაც ჩვენი დედაქალაქი განსაკუთრებულად მიმზიდველი ახალი წლის დღეებშია. ძველი თბილისის უბნები, ისტორიული და თანამედროვე შენობები, ქართული სამზარეულო, სტუმართმოყვარეობა და თავისებური კოლორიტულობა დიდი ხანია იქცა თბილისის ერთგვარ სავიზიტო ბარათად.
ყოველივე ამის ნახვა და შეგრძნება თბილისის ქუჩებში გასეირნებისას არის შესაძლებელი. ამჯერად გვსურს ქალაქი სხვა მხრიდან დაგანახოთ — სხვადასხვა ფერად განათებული და გაკაშკაშებული თბილისის ხილვა უდავოდ დიდი ბედნიერებაა.