თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. ფრანგული მემარჯვენე პარტია „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი უკრაინაში წასვლას არ აპირებდა, განაცხადა მისმა წარმომადგენელმა უკრაინული მხარის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად. ლე პენს, ყირიმის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო, შესაძლოა, უკრაინაში შესვლა აუკრძალონ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს საგარეო უწყებასთან შეთანხმებით შეუძლია მარინ ლე პენს უკრაინაში შესვლა ხუთი წლით აუკრძალოს.
„ნებისმიერ შემთხვევაში მარინ ლე პენს იქ (უკრაინაში) წასვლა დაგეგმილი არ ჰქონდა. საკითხი დიპლომატიური არხების საშუალების გადაწყდება, როდესაც ის საფრანგეთის პრეზიდენტი გახდება“, — განაცხადა „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერის წარმომადგენელმა სააგენტოსთან საუბრისას.
ადრე ლე პენმა BFMTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყირიმის რუსეთთან მიერთებას უკანონოდ არ თვლის. უკრაინის უშიშროების სამსახურში არ გამორიცხავენ, რომ მას შეიძლება უკრაინაში შესვლა აუკრძალონ. ამის შემდეგ უკრაინის უშიშროების სამსახურმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ლე პენის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის მოთხოვნით წერილიც გაგზავნა.