თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. წყნარი ოკეანის გიგანტური ცისფერი თინუსი ტოკიოს ცნობილ ბაზარ ცუკიძიზე 74,2 მილიონ იენად (640 ათასი აშშ დოლარი) გაიყიდა ხუთშაბათს გამართულ ვაჭრობაზე, რომელიც წელს პირველად შედგა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
აომორის პრეფექტურის ნაპირებთან დაჭერილი თინუსის წონა 212 კილოგრამია და სიძვირით მეორეა ХХI საუკუნეში დაჭერილ თინუსებს შორის.
დღეისათვის ყველაზე ძვირადღირებულად მიიჩნევა აუქციონზე 2013 წელს გაყიდული თინუსი, რომლის ფასიც 155 მლნ იენს (იმ დროისათვის დაახლოებით 1,3 მლნ აშშ დოლარი) შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ იაპონიაში თინუსის პირველი აუქციონი განსაზღვრავს „ქარის მიმართულებას“ ქვეყნის ეკონომიკაში. შესაძლოა მოვლენების შემდგომი განვითარება პროგნოზს არ დაემთხვეს, მაგრამ პირველ თინუსზე მაღალი ფასი მაინც კარგის მომასწავებლად აღიქმება.
თავად ცუკიძის ბაზარი 23 ჰექტარზეა გაშენებული და უკვე 80 წლისაა. ის დაარსებას 1923 წლის მიწისძვრას უნდა უმადლოდეს, რომელმაც თევზის ძველი ბაზარი დაანგრია.
ცუკიძი არა მხოლოდ იაპონიის უდიდესი საბითუმო ბაზარია, არამედ უდიდესადაც მიიჩნევა მსოფლიოში არსებულ თევზის ბაზრებს შორის.