დავით სხირტლაძე შვილის დაბადებას ვერ მოესწრო

გამოწერა
დავით (დათუნიკა) სხირტლაძე ნანატრი შვილის დაბადებას ვერ მოესწრო. იგი კონცერტის დროს გარდაიცვალა.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ცნობილი მოცეკვავის და მომღერლის, დავით (დათუნიკა) სხირტლაძის გამოსვენებამდე ცოტა ხნით ადრე მისი ვაჟი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ამდენი მწუხარების შემდეგ ერთი კარგი ამბავი მოხდა. დათუნიკას გამოსვენებამდე ერთი საათით ადრე მისი ბიჭი დაიბადა. 60 წლის ხდებოდა დათუნიკა და ეს პირველი შვილია. ასე ელოდა მთელი ცხოვრება შვილს და ბავშვი მისივე დაკრძალვამდე ცოტა ხნით ადრე დაიბადა“, – წერს გიორგი უშიკიშვილი „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

დავით სხირტლაძე ჯგუფ “შინსა” და ანსამბლ “რუსთავში” ცეკვავდა. ნიჭიერი ქორეოგრაფი მშობლიურ ამბროლაურში კონცერტის დროს, სცენაზე გარდაიცვალა.

დავით სხირტლაძე 1958 წელს ამბროლაურის რაიონში დაიბადა. დაამთავრა ამავე რაიონის საშუალო სკოლა. სწავლა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გააგრძელა. მისი შექმნილია ცნობილი რაჭული ცეკვა „ტაში, ბიჭო, გიორგუნა“.

დავით სხირტლაძემ 1978 წელს რესპუბლიკურ ფესტივალზე გაიმარჯვა ცეკვა “ქართულის” შესრულებით. მან  წარუშლელი კვალი დატოვა ქართული ხალხური შემოქმედების განვითარების საქმეში.

ყველა ახალი ამბავი
0