Silhouette Jewelry — სამი დაქალის მიერ შექმნილი ქართული სამკაულების წარმატებული ბრენდია. მიუხედავად იმისა, რომ მისი შექმნის დღიდან ერთი წელიც არ გასულა, ის უკვე პოპულარულია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. Silhouette Jewelry დიდი მოთხოვნით სარგებლობს აზერბაიჯანში, რუსეთში, გაერთიანებულ საამიროებსა და კუვეიტში.
ბავშვობის მეგობრებმა ნათია ლაღიძემ, თეკო ურუშაძემ და თამთა ლაზიშვილმა, რომლებიც პროფესიით დიზაინერები არ არიან, გადაწყვიტეს საკუთარი საქმის დაწყება. თუმცა არ ელოდებოდნენ, რომ მათ ნამუშევრებს ასეთი პოპულარობა ხვდებოდა წილად.
„ეს ხელნაკეთი სამკაულებია. ჩვენი ბრენდი ძალზე ახალგაზრდაა. მეგობრობა შემოქმედებას ხელს უწყობს, ჩვენ, უბრალოდ, სასიამოვნო საქმე ძველ მეგობრობას შევუთავსეთ და კარგი შედეგიც მივიღეთ. ჩვენი ბრენდის მიმართ ინტერესი ძალიან სწრაფად გაჩნდა და ეს ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო“, — საუბრობს „Sputnik-საქართველოსთან“ ბრენდის ერთ–ერთი შემქმნელი თამთა ლაზიშვილი.
ულამაზესი გულსაბნევების, სამაჯურების, ბეჭდებისა და კულონების შესაქმნელად გოგონები სხვადასხვა მასალებს იყენებენ — ესაა ტიხრული მინანქარი, ვერცხლი, თითბერი და რქის მასალა.
„აქამდე არასდროს შეგვხვედრია, რომ ვინმე რქის მასალას იყენებდეს. ძალიან საინტერესო მიქსი გამოგვივიდა და, შესაბამისად, მოთხოვნაც დიდია“, — აღნიშნა ლაზიშვილმა.
აქსესუარებს უნივერსალური შეიძლება ვუწოდოთ. ისინი მშვენივრად უხდება როგორც ყოველდღიურ ტანსაცმელს, ისე გამოსასვლელ სამოსს.
ბრენდის ბესტსელერია ე.წ. „თანამედროვე კამეა“, დიზაინერებმა სწორედ ამ სილუეტით დაიწყეს. ბრენდის სახელწოდებაც აქედან მოდის.
„ჩვენი სამკაულები თავდაჯერებული ქალებისთვის არის განკუთვნილი, რომლებმაც იციან, რა სურთ, უყვართ მოდა, იუმორის გრძნობა გააჩნიათ და სურვილი აქვთ განსაკუთრებული იყვნენ“, — ხაზი გაუსვა ლაზიშვილმა.
ახალი ქართული ბრენდი პოპულარობით სელებრითებს შორისაც სარგებლობს, რომელთა შორის არიან რუსი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი, მომღერალი ქეთა თოფურია, მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა, მოდელი რუსკა ჩაჩუა და სხვები.