თბილისი, 3 იანვარი— Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაუქმებულია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-საქართველო".
უწმინდესი დაბადების დღეს 4 იანვარს აღნიშნავს. ამ დღისათვის დაგეგმილი იყო მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში საიუბილეო კონცერტი. პატრიარქის 84 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოზე ცნობილი ქართველი და უცხოელი შემსრულებლები უნდა გამოსულიყვნენ. გაუქმებულია ასვე საპატრიარქოში საზეიმო მიღება.
„ყველანაირი ღონისძიება, ოპერაში ხვალ გასამართი კონცერტი გაუქმებულია, მიღებებიც არ იქნება. მადლობა ღმერთს, რომ უწმინდესი კარგად არის და ბევრად უკეთ გრძნობს თავს, მაგრამ მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, ვიზღვევთ თავს და დავასვენებთ. უწმინდესის საიუბილეო კონცერტისა და მიღებების გამართვა, სავარაუდოდ, გაზაფხულისთვის დაიგეგმება“, — განაცხადა საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.
რაც შეეხება საშობაო წირვას, მას კათოლიკოს-პატრიარქი აღასრულებს.