ბატონი ვაჟა დღესაც, 80 წლის ასაკშიც ფეხის თითებით: ხატავს, ისვრის თოფს, ხსნის შამპანურისა და კონიაკის ბოთლს… ძველი კლოუნი თავის დროზე მოსკოვის ცირკში იური ნიკულინთან და ოლეგ პოპოვთან ერთად მუშაობდა. მას სახლში ვეწვიეთ, იგი საცირკო ფორმით დაგვხვდა და პატარა წარმოდგენაც კი გაგვიმართა.
- ბატონო ვაჟა, საცირკო ხელოვნების მსახიობები ხშირად ზედმეტ სახელებს ირჩევენ ხოლმე თქვენ თუ გქონდათ ასეთი სახელით?
— რადგან ყველასთან მიმართვის ფორმა მქონდა „პატივცემულო“, ყველა რუსულად „უვაჟაემის“ მეძახდა. ჩემს ნომერში ყველაფერს ვაკეთებ ფეხებით: ყვავილებს ვიღებ, ჰაერში ვისვრი და მერე ისევ ფეხების თითებით ვიჭერ. მერე წიგნს ვფურცლავ ფეხის თითებით, ვითომ ვკითხულობ. ასეთი ნომერი მქონდა: ზარს ვრეკავ ფეხის თითებით, მოდის ოფიციანტი, მოაქვს მენიუ, რომელსაც ვფურცლავ ფეხის თითებით. მერე მას მოაქვს ღვინო, ვართმევ ხრახნისს და ასევე ფეხის თითებით ვხსნი ღვინის ბოთლს, ან შამპანურს ვასხამ და ვსვამ.
- ასეთი ნომერი ადრე სანდრო დადეშქელიანს ჰქონდა, თუ იცნობდით მას?
— ჩვენ ერთად ვმუშაობდით. ერთხელ მას ვკითხე: შეიძლება ასეთივე ნომერი, რასაც თქვენ აკეთებთ, ჩვეულებრივმა ადამიანმაც რომ გააკეთოს-მეთქი? მან სიცილით მითხრა: რას ამბობ, შვილო, მე დაბადებიდან ვარ ასეთიო, შენ კი ამხელა მკლავები გაქვს და ასეთი რამ როგორ უნდა გააკეთოო? კარგი-მეთქი ვუთხარი. რამდენიმე ხნის შემდეგ ცოლთან ერთად შემხვდა ქუჩაში, ვთხოვე: თუ შეიძლება, აქეთ მოდით, რაღაც მინდა გაჩვენოთ-მეთქი. ვაჩვენე ჩემი გაკეთებული ნომერი. გაოცებული ცოლი ეუბნება მას: ხედავ, ეს რა გააკეთაო? მან კი სიცილით მითხრა: ვაჟა, მოდი, შენ ეს არავის აჩვენო და როცა მე აღარ ვიქნები, მერე იმუშავე.
- ეჭვი არ მეპარება, შეუსრულეთ დანაპირები…
— აბა, რას ვიზამდი, მის სიცოცხლეში არასოდეს გამოვსულვარ ამ ნომრით. როცა გარდაიცვალა, რამდენიმე ხნის მერე მოსკოვში, მთავარმა რეჟისორმა მიმიწვია და მითხრა: მსმენია, რომ შენ ფეხებით რაღაცეებს აკეთებ და ახლაც თუ შეგიძლიაო? ვაჩვენე ჩემი ნომერი. მაგ დროს სევასტოპოლში უნდა წავსულიყავი სამუშაოდ. როცა ადგილზე ჩავედი, ადგილობრივ ცირკში ვაჩვენე ჩემი ნომერი და ვინც ნახა, იმ კაცს ისე მოეწონა, ლამის გაგიჟდა. ეს ნომერი საცირკო პროგრამაში მაშინვე ჩართო. არენაზე გოგონასთან ერთად, ვაჟა აზარაშვილის სპეციალურად ჩემთვის დაწერილი მუსიკით გამოვდიოდი.
- სახლში როგორც ვხედავ, ძველი დამბაჩა გიდევთ, ამით რას აკეთებდით?
— ამ იარაღით ერთ ნომერს დღესაც ვასრულებ: ბუშტს დაიჭერს ვიღაც ხელში, მე თავდაყირა ვდგები, ფეხით ვიჭერ იარაღს, ბუშტს ვესვრი და მიზანში ვარტყამ.
- ნუთუ, მიზანში ყოველთვის არტყამთ?
— თქვენ წარმოიდგინეთ, მიზანს არასდროს ამიცდენია. დღეს ჩემზე ამერიკელები ფილმს იღებენ. როცა ნახეს ჩემი ნომერი, ძალიან მოეწონათ. ფილმის გადაღებები სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც მითხრეს, ის ეკრანზე 2017 წელს გამოვა.
- ბატონო ვაჟა, იური ნიკულინთან გაქვთ ფოტო გადაღებული… როდის იყო ეს ამბავი?
— ნიკულინი ძალიან კარგი ადამიანი იყო, მეგობრული. მოსკოვის ცირკში, რომლის დირექტორი შემდეგ თავად გახდა, ყველაზე პატარა მე ვიყავი. ერთხელ ნოვოსიბირსკში ჩამოვედით, ჩვენი ოთახები ერთმანეთის გვერდით იყო, შემოიხედა ჩემთან და გრიმიორს ეუბნება, ჯერ ამას გაუკეთე გრიმი და მერე მეო. ამ ფოტოზე მასთან ერთად რომ ვარ გადაღებული, სოჭში ვართ, ცირკში გამოსვლის წინ, თხილს ჭამდა და უცებ ცოტათი კბილი ჩამოტყდა, მომიახლოვდა და მითხრა, მოდი, სამახსოვრო ფოტო გადავიღოთო, სულ ერთად ვიყავით. მერე ავად გახდა.. ოლეგ პოპოვთანაც მქონდა შეხება. მას ჩემთან მუშაობა უნდოდა. მოსკოვის ცირკში ასეთი ნომერი გვქონდა, ის გამოდიოდა ოფიციანტის, მე კლიენტის როლში, მაგრამ მალე გერმანიაში წავიდა, სადაც დარჩა კიდეც. ამის შემდეგ მასთან შეხება არც მქონია. მოსკოვში „ილუზიის თეატრში“ ვმუშაობდი. ჩვენი შეფი სოციალისტური შრომის გმირი, მოცეკვავე მაჰმუდ ესამბაევი იყო, რომელიც მსოფლიოს ცეკვებს ასრულებდა. მახსოვს ათი წელი შეუსრულდა თეატრს და ყველა შეიკრიბა. ჩემმა ხელმძღვანელმა, ვინც ეს ნომერი დამიდგა, ჩემზე უთხრა: ეს არ სვამსო!. მან გაოცებულმა შემომხედა და ღიმილით მითხრა: ვინც არ დალევს, ის მოკვდებაო. მე კი საერთოდ არ ვსვამ, 11 საათზე ვდგები და არც თავი მტკივა და არც ხელები და ფეხები.
- ცირკში თუ შეხვედრიხართ ახალ წელს?
— ცირკში ბევრი გამოსვლა გვქონდა ახალ წელს, მხიარული ახალი წლები მახსოვს, რადგან ჩემი პროგრამა მქონდა და წარმატებით გამოვდიოდი. ყველაზე ბოლოს მოსკოვის ცირკში 1958 წელს შევხვდი ახალ წელს, მაშინ ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს დღეების დეკადაზე გამოვედი. რა დამამახსოვრდა იცით? ჩვენმა მთავრობამ მაშინ უმაღლესი საბჭოს სიგელით დამაჯილდოვა…
- დარწმუნებული ვარ, თქვენგან ყოველთვის მხიარულ ამბებს ითხოვენ. სევდიანი როდესმე ხართ?
— სევდიანი მაშინ ვარ, როცა სამუშაო არ მაქვს, არ ვარ იმას ჩვეული, რომ ვიღაცას ხვეწნა დავუწყო: სამსახური მომეცი-მეთქი, მოსკოვში ძალიან ბევრი გამოძახება მქონდა ხოლმე. აქ კი ვინ იცის, ვინ ვარ და სად ვარ?… ადრე ჩემს სფეროში ცნობილი ვიყავი და პატივსაც მცემდნენ..
- ახალი წელი ოცნებებთან და სურვილებთან ასორცირდება?
— ახალ წელს ოჯახურ გარემოში შევხვდი. ამ ახალ წელს, პირველ რიგში, ბავშვებს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, წარმატებები სწავლაში და ბედნიერი ბავშვობა, უფროსების პრობლემები მათ არ შეეხოთ და სულ მხიარული იყვნენ.. მარად თქვენი ვაჟა ნატროშვილი, ალე, ჰოპ!…