მეკვლეები — ლაბრადორ ბოსარიონოვიჩი და ტაქსა „ბადრიჯანოვნა“

© FB/Lela Anjaparidzeლაბრადორ ბოსარიონოვიჩი და ქალბატონი ლელა ანჯაფარიძე
ლაბრადორ ბოსარიონოვიჩი და ქალბატონი ლელა ანჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

ძალიან საღამო მშვიდობისა!

ვაგრძელებ ე.წ. „ბედობის“ თემას. წინ მთელი ამხელა წელია და რა მოხდება ვითომ, მეორედ რომ გაგესაუბროთ იმავე თემაზე. ოღონდ ამჯერად ცოტა სხვა პოზიციიდან.

ვისაც გახსოვთ ბატონი გურამ პატარაიას შესანიშნავი ფილმი „კუჩხი ბედინერი“ მიხვდებით, რატომ გავუწყალე გული ჩემს შესანიშნავ ძაღლ ლაბრადორ ბოსარიონოვიჩს და უკვე მე-10 წელია, ახალი წლის შემდეგ რატომ ვაგდებ ეზოში გირლიანდებშებმულს და მერე რატომ შემომყავს უკან მეკვლედ.

არადა, საშინლად არ უყვარს ეს პროცესი, რადგანაც ამ დროს მასაც, როგორც ოჯახის დანარჩენ წევრებს, თავის თეფშზე ვუწყობ ლამაზად გაწყობილ საახალწლო ასორტის, რომლის ერთ წამში გადასანსლის შემდეგ, უახლოვდება ჩვენს სუფრას და იმისთანა თვალებით გვიყურებს, რომ ნამდვილი ფაშისტი უნდა იყო, რომ რამე არ აჭამო. ყველაფერში განუმეორებელია ლაბრადორ ბოსარიონოვიჩი ერთის გარდა — ნამეტანი უყვარს ჭამა…

მოკლედ, სათქმელს დავუბრუნდეთ. დღეს კიდევ ერთი საოცარი მოსკოვური ისტორია გამახსენდა. 

2000 წლის 31 დეკემბერი იყო (იმ პერიოდში ძაღლი არ მყავდა). საელჩოში ხელფასი საღამოს 6 საათზე დაგვირიგეს ოთხთვიანი შესვენების შემდეგ და ბედნიერებისგან თავბრუდასხმულმა მოსკოვის ცენტრალური „ნოვოარბატსკის“ გასტრონომიდან სახლში იმდენი გემრიელი რაღაცეები მოვაცანცარე, რომ ცოტა ხნით თავი ცნობილი „რუბლიოვსკოე შოსეს“ მილიონრადაც კი წარმოვიდგინე. მით უმეტეს, რომ ამ ადგილის მახლობლად ვქირაობდი ბინას.

ჩემმა ნინკამ და მე სუფრა ლამაზად მოვრთეთ. ყველაფერი გამზადებული ვიყიდე: სალათები, სათალი, ხიზილალა, მოხარშული ენა, ანანასი, ნიგვზიანი ბადრიჯანიც კი ვიშოვე!

12-ს სადღაც 15 წუთი აკლდა, როცა გამახსენდა, რომ ნაგვის გადაყრა დამვიწყებოდა.  მინდოდა ახლა მე ძველი„უხელფასო წლის“ დაბედება და სახლში „ჩატოვება?“ და გავვარდი სანაგვისკენ.

სახლში რომ ვბრუნდებოდი წკნავილი შემომესმა. სადარბაზოსთან პატარა და გაქუცული ტაქსა იჯდა და მოთქვამდა.

CC BY-SA 2.0 / Aaron Jacobs / Loving Klausადამიანის გულზე მიკრული ძაღლი
ადამიანის გულზე მიკრული ძაღლი - Sputnik საქართველო
ადამიანის გულზე მიკრული ძაღლი

გავიხედ-გამოვიხედე, არავინ ჩანდა. ხელში ავიყვანე, ჩავიკარი გულში და სახლში წავიყვანე. ნინკა კინაღამ გაგიჟდა სიხარულით.

სავარაუდოდ, მხოლოდ პუტინის ლაბრადორს აქვს გასინჯული ისეთი დელიკატესები, რაც იმ ტაქსამ მიირთვა იმ დღეს. განსაკუთრებით ბადრიჯანი მოეწონა ნიგვზით. ერთი ნაჭერი ძლივს მივირთვი, იმისთანა თვალებით მიყურებდა.

მინდა მოგახსენოთ, რომ ეს „აფერისტულად ნაშიმშილარი“ გამოხედვა ლაბრადორებსაც და ტაქსებსაც ერთნაირი ცოდნიათ.

მართალი გითხრათ, ტაქსები მაინცდამაინც არ მიტაცებდა ამ ტაქსას ახლოს გაცნობამდე, მაგრამ ეს საოცრება იყო. ადამიანივით თვალებში გიყურებდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა ან თხოვნა. დასაძინებლად რომ გავემზადეთ, დელიკატურად შემომხედა. მეც მოვიპატიჟე და ფეხებში ჩამიწვა.

შუა სიზმარში ვიყავი, რომ აწკმუტუნდა. ავდექი. შემოსასვლელ კართან იყო ატუზული. ხელში ავიყვანე, არა და არ გაჩერდა. მერე აკანკალდა და შინაგანად ვიგრძენი, რომ ვიღაც ენატრებოდა და იმასთან წაყვანას მთხოვდა. არ დამეზარა — ჩავიცვი და ეზოში გავედი.

მანამდე კი ერთხელ კიდევ, საბოლოოდ  შევუშვი სახლში, ამჯერად მეკვლედ.

© FL/ dmblue444მინდა მოგახსენოთ, რომ ეს „აფერისტულად ნაშიმშილარი“ გამოხედვა ლაბრადორებსაც და ტაქსებსაც ერთნაირი ცოდნიათ
მინდა მოგახსენოთ, რომ ეს „აფერისტულად ნაშიმშილარი“ გამოხედვა ლაბრადორებსაც და ტაქსებსაც ერთნაირი ცოდნიათ - Sputnik საქართველო
მინდა მოგახსენოთ, რომ ეს „აფერისტულად ნაშიმშილარი“ გამოხედვა ლაბრადორებსაც და ტაქსებსაც ერთნაირი ცოდნიათ

ვისაც პირველ სართულზე შუქი ენთო, ყველას შევეხმიანე, არავინ იცოდა, საიდან გაჩნდა ტაქსა აქ და ბოლოს იქვე ავტოფარეხის დარაჯი შევამჩნიე — ხელს მიქნევდა შორიდან. რომ მივედი, მითხრა, ამის პატრონი ვალოდია-ლოთია და მთელი დღეა, ეძებს, სულ ასე კარგავს, ახლა აგერ „გარაჟში“ ძინავსო.

შევედით. ავტოფარეხში მოცუცქნულ კაცს ეძინა. ვითომ ჩემი ტაქსა ხელიდან გადამიხტა და მივარდა. მაგრამ ვალოდიას ტაქსა კი არა, „ზმეი გარინიჩი“ ვერ გააღვიძებდა. ჰოდა, მიუწვა ტაქსა გვერდით თავის პატრონს და ცხვირი მიადო ცხვირზე. და მაშინ მივხვდი, როგორ ცალ თათზე ეკიდა ჩემი სუფრაც და ჩემი მყუდრო ბინაც…

შინ უძაღლო დილა და ნამტირალები ნინკა მელოდა. დავპირდი, სხვა ძაღლს გიყიდი-მეთქი, მაგრამ ვინ მაცალა — იმავე დღეს გაუბედურებული შავი კნუტი მოიყვანა.

მთავარი კი იცით რა არის? ის, რომ ბევრი წლის შემდეგ უკვე ლაბრადორ ბოსარიონოვიჩს რომ ვასეირნებდი მოსკოვში, უცებ ეცა ტაქსა და კბილებით ყურზე ჩამოეკიდა.

ლაბრადორების ამბავი ხომ მოგეხსენებათ? გაკვირვებისგან დაჯდა მხოლოდ. ტაქსას პატრონმა ძლივს ააგლიჯა თავისი ბრაზიანი ძაღლი ლაბრადოროვიჩის  გასისხლიანებულ ყურს და ბოდიშების მოხდა დაიწყო. ვაპატიე, რადგან ის ტაქსა გამახსენდა.

შინ რომ დავბრუნდით, ბოსარიონოვიჩს ავუხსენი, რატომ არ მოვკალი მისი დამჩაგვრელი უცნაური და გრძელი არსება და იმანაც გამიგო.
ვისაც გყავთ ძაღლები, ვიცი, არ გაგეცინებათ, ვისაც არ გყავთ და არც გყოლიათ, უბრალოდ გთხოვთ, არ გაგეცინოთ. ძაღლებმა საოცარი მოსმენა იციან — ზოგჯერ ადამიანებზეც უკეთესი. ამიტომ, ვისაც გყავთ ძაღლები, კატები, ცხენები და განსაკუთრებით, მამლები, მიულოცეთ მათაც ჩემგან ახალი წელი. ნამდვილად არიან ამის ღირსნი.

ჩვენ კი გავიხსენოთ იაკობ ბობოხიძის შესანიშნავი და საყვარელი სიმღერა ფილმიდან „კუჩხი ბედინერი“.

 

ლელა ანჯაფარიძე


ყველა ახალი ამბავი
0