თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა, რომლის უფლებამოსილება ღამის 12 საათზე იწურება, იხუმრა და თავისი თავი კონკიას შეადარა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო The Associated Press-ზე დაყრდნობით.
სააგენტოს მონაცემებით, ორგანიზაციის დიპლომატების წინაშე გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ თავს გრძნობს „როგორც კონკია, ხვალ ხომ ყველაფერი შეიცვლება".
„ხვალ, ახალი წლის ღამეს, Times Square-ზე ბროლის ბურთის დაშვების ცერემონიას დავესწრები (ყოველწლიური საახალწლო ცერემონია ნიუ-იორკის ცენტრში — რედ.). მილიონი ხალხი დააკვირდება, როგორ ვკარგავ სამსახურს", — იხუმრა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
სააგენტოს ცნობით, მან ასევე თავის კოლეგებს მოუწოდა „ადამიანებზე კონცენტრირება — ადამიანების უფლებებსა და ღირსებაზე".
პან გი მუნი თანამდებობას 31 დეკემბერს ორი ხუთწლიანი ვადის შემდეგ დატოვებს.
მანამდე, სანამ 2007 წელს გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე უფლებამოსილებას შეუდგებოდა და ამ პოსტზე კოფი ანანს შეცვლიდა, პან გი მუნი სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მინისტრის თანამდებობას ის ორი წლის განმავლობაში იკავებდა — 2004 წლის იანვრიდან 2006 წლის დეკემბრამდე.
1 იანვრიდან გაეროს პორტუგალიელი ანტონიუ გუტერეში უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი იყო, ხოლო 2005-2015 წლებში — ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარის თანამდებობას იკავებდა.