გივი ბერიკაშვილი: ავიჩემე და წელს ისე მოვრთე ნაძვის ხე, როგორც ბავშვობაში ვრთავდი

გამოწერა
ყველასათვის საყვარელმა მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა ,,Sputnik-საქართველოს“ მკითხველს ახალი წლის დადგომა მიულოცა. თავისი საახალწლო განწყობაც გაგვიზიარა და გაიხსენა, თუ როგორ აღნიშნავდნენ მის ბავშვობაში ახალ წელს. დასძენს, რომ ძველი დრო უფრო მოსწონდა.

,,ეს დღესასწაული ყველაზე ტკბილად ბავშვობის წლებიდან მახსენდება“ – ამბობს ბატონი გივი.

როცა ქვეყანაში მშვიდობაა, ოჯახში ყველა ჯანმრთელად არის,  ახალი წელიც ბედნიერი, ნათელი და მზიანია. პატარა რომ ვიყავი სულ სხვა რაღაცეები მიხაროდა ხოლმე, ეხლა სხვა რაღაცეები მახარებს. შვილებს, შვილიშვილებს და შვილთაშვილებს რომ უხარიათ, მეც ეს მაბედნიერებს.

ძალიან აფორიაქებულები არ ვართ. ჩვენს ოჯახში კეთდება აუცილები და ტრადიციული რაც არის: ლამაზად მორთული ნაძვის ხე, სუფრაზე  ხორცი, საცივი, ტკბილეული, ჩურჩხელა. ამ ბოლო დროს ავიჩემე და როგორც ბავშვობაში ვრთავდი ნაძვის ხეს წელსაც ისე  მოვრთე. ჩემს დროს იცით როგორ იყო? ნაძვის ხეს ვრთავდით  ჩურჩხელებით, ნაირნაირი ჩირით, კანფეტებით, ხილით. მერე ნელ–ნელა ჩამოვჭამდით და ძველით ახალ წელს ცარიელი ნაძვის ხე იდგა ოთახში.  წელს გავიხსენე ბავშვობა, ისევ ძველებურად მოვრთე ნაძვის ხე, ძალიან მოეწონათ ჩემს შვილიშვილებს და გახარებულები არიან. 

© FB/ Givi berikashvili • გივი ბერიკაშვილიგივი ბერიკაშვილი
გივი ბერიკაშვილი - Sputnik საქართველო
გივი ბერიკაშვილი

- ბავშვობაში როგორ ხვდებოდით ახალ წელს?
— ბავშვობაში სოფელში მივდიოდი პაპა-ბებიასთან. საახალწლო სუფრაზე თამადა ოჯახის ყველაზე უფროსი წევრი იყო, ეს კი პაპა გახლდათ… 31 დეკემბერს ჩვეულებრივად ვიძინებდით და დილით ადრე შემოდიოდა ოთახში პაპა ან ბებია… იტყოდა, — შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, თვალი ანგელოზისა — და მოგვაწოდებდა ჩურჩხელას: — ასე ტკბილად დამიბერდითო… ასე ვეგებებოდით ახალი წლის შემოსვლას.

- ახალი წლის სუფრაზე ხშირად ყოფილხართ თამადა?

— თამადობას ყოველთვის ვერიდები, რადგან არ მიყვარს. 

გივი ბერიკაშვილი: მინდა, ბევრი ახალი წელი თქვენთან ერთად გავატარო

- თქვენ იყავით საქართველოში ყველაზე სასურველი მეკვლე…

— დიახ. საქართველოში ჩატარდა გამოკითხვა, ვინ იყო ყველაზე სასურველი მეკვლე. ექვსჯერ დამასახელა ქართველმა ხალხმა სასურველ მეკვლედ. თქვენ წარმოიდგინეთ რა ბედნიერება იყო ჩემთვის, როცა შენი ხალხი ამდენჯერ გირჩევს შენ. კარგი მეკვლეები უმრავლოს უფალმა საქართველოს, რათა კარგი ცხოვრება დაებედოს ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს, ახალგაზრდებს, დიდს და პატარას. იმედი მაქვს 2017 წელი ბედნიერების და წარმატების მომტანი იქნება საქართველოსთვის. დაველოდოთ, რომ მოგვიტანოს ყველაფერი კარგი, ახალი, საინტერესო.  თქვენ გააგრძელებთ ცხოვრებას ბედნიერ საქართველოში. მოვეფეროთ ხალხო ერთმანეთს და ვუსურვოთ ნათელი და მზიანი დღე გაგვითენდეს. სიყვარულით ერთად დავძლიოთ ის ბოროტება და უბედურება, რაც ჩვენს გარშემო ტრიალებს. 

© Flickr / FL/ Levan Gokadzeგივი ბერიკაშვილი
გივი ბერიკაშვილი - Sputnik საქართველო
გივი ბერიკაშვილი

- თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი ახალი წელი იყო?

— ყველა ახალი წელი ჩემთვის დასამახსოვრებელია. ახალ წელს იყო გადაღებები, სასიამოვნო სტუმრობები, მილოცვები. ერთი ახალი წელი მახსოვს ძალიან კარგად. შოთა სხირტლაძე გვყავს მეგობარი, თეატრალურ ინსტიტუტში პედაგოგია, ახალი წლის ღამეს მასთან შევიკრიბეთ, საკუთარი ეზო აქვს. დავსხედით 10 საათზე, 12 საათმა, რომ ჩამოკრა მივუჭახუნეთ ერთმანეთს ჭიქები, მივულოცეთ ახალი წლის დადგომა, შოთას მამამ დაგვიძახა, აბა გარეთ გამოიხედეთო, გავედით და თოვლით იყო გადაპენტილი ირგვლივ ყველაფერი, დაახლოებით 20 სანტიმეტრზე იდო თოვლი. ისეთი სასიამოვნო და ლამაზი იყო ყველაფერი, ისეთი საოცარი გრძნობა იყო ეს, რომ სამუდამოდ დამამახსოვრდა.

— რას უსურვებთ ქართველ ხალხს?
— მიყვარს საქართველო, მიყვარს ქართველი ხალხი და  მინდა, ბევრი ახალი წელი თქვენთან ერთად გავატარო. მინდა ყველასთვის წარმატებული წელი მოვიდეს. ყველა ბედნიერი იყოს. მინდა ჩვენი შვილების მომავალზე ვიფიქროთ, ყველა ნაბიჯი ისე გადავდგათ, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება.

ყველა ახალი ამბავი
0