თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი წელი ის დროა, როცა ბავშვები საჩუქრებსა და ტკბილეულს ელოდებიან, თუმცა ყველა ოჯახს არ აქვს საშუალება შესაბამისად შეხვდეს ახალ წელს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტ გაჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრები, სურსათი, სათამაშოები, წიგნები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტკბილეული გადასცეს და ახალი წელი მიულოცეს.
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გურჯაანის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრ „Life Line“-საც ეწვივნენ და ცენტრის ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პროდუქტები და საახალწლო საჩუქრები მიუტანეს.
შსს- ს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი დაღუპული პოლიციელების ოჯახები მოინახულეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.
შსს სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას ტრადიციულად, ყოველ წელს ახორციელებს. მსგავსი აქცია მომავალშიც გაგრძელდება.