ახალი წლის სამზადისთან, ტრადიციებთან, სურვილებთან დაკავშირებით „sputnik–საქართველო“ ცნობილ ადამიანებს ესაუბრა.
ნინო ჩხეიძე – მომღერალი
ახალ წელს ისრაელში ვხვდები, სადაც უნდა გავმართო კონცერტი ქართველი ებრაელებისთვის.
მინდა საქართველოს ვუსურვო მშვიდობა, ბარაქა. მინდა თითოეული ადამიანი ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს. დარწმუნებული ვარ, 2017 წელი იქნება ყველასთვის სიხარულის, ბედნიერების და წარმატების მომტანი.
ნანუკა ჟორჟოლიანი — ჟურნალისტი
ახალ წელს ყოველთვის კარგი განწყობით ვხვდები. ვცდილობ ყოველთვის ასე იყოს, რადგან ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული. ბავშვობიდან მოყოლებული რაღაცნაირად ცრურწმენა მაქვს, მგონია, როგორც შევხვდები ახალ წელს მთელი წელი ასე გამყვება, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ სასიამოვნო განწყობა შევიქმნა. წელსაც ასე ვიზამ, წლევანდელი წელი არ იქნება გამონაკლისი.
ადამიანებს ვუსურვებ ღიმილს სახეზე, რადგან სახეზე ღიმილი ნიშნავს ბედნიერებას, კარგად ყოფნას. სურვილები ძალიან პერსონალურია, ვიღაცას ლუკმა-პური უნდა, ვიღაცას გათხოვება, ვიღაცას რეიტინგი, ვიღაცას ფული, ვიღაცას ჯანმრთელობა, ამიტომ ყველას ვუსურვებ სახეზე ღიმილს. სახეზე თუ ღიმილი ექნებათ, ეს ნიშნავს, რომ რაც მათ სურთ, ის აქვთ. მე მინდა, რომ მომავალი წელი იყოს ღიმილის წელი.
სალომე ბაკურაძე — მომღერალი
წელს განსაკუთრებული ახალი წელი იქნება ჩემთვის, რადგან ჩემი შვილისთვის ეს პირველი ახალი წელია. შეიძლება ითქვას, განსაკუთრებულად ვემზადები ახალი წლისთვის, პატარას საახალწლოდ ელფის ფორმაც ვუყიდე. სამწუხაროა, რომ ჩემი სამუშაო გრაფიკი უცვლელია. მინდოდა ახალ წელს უფრო მეტი დროით ვყოფილიყავი ბავშვთან, ერთად გვეყურებინა ფოიერვერკებისთვის და განათებული ცისთვის.
მაგრამ წელს გალა-კონცერტზე მიწევს ყოფნა, ამიტომ თორმეტ საათზე მასთან ერთად ვერ ვიქნები, თუმცა ამ დროისთვის მას უკვე სძინავს და დიდად არ მწყდება გული.
ახალი წელი განსაკუთრებით მიყვარს და ვგიჟდები ამ დღესასწაულზე. არასოდეს არავის ვუთმობ ნაძვის ხის მორთვას. ყოველ წელს მაქვს განცდა, რომ ჩემ ცხოვრებაში რაღაც ახალი, საუკეთესო იწყება. ნაწილობრივ მართლდება ხოლმე ჩემი მოლოდინი.
მინდა საქართველოში ყველას ბედნიერების მოლოდინი ჰქონდეს, მინდა ყველასთვის ბედნიერი წელი იყოს. სრულიად საქართველოს ხვავს, ბარაქას და, რაც მთავარია, მშვიდობას ვუსურვებ.
გია ჯაჯანიძე — ჟურნალისტი
ბედნიერი, ხალისიანი და იმედიანი განწყობით ვხვდები ახალ წელს. წინასაახალწლო პერიოდში ვხდები ძალიან ოპტიმისტი და ვარ ბედნიერი.
უკვე ოცი წელია მარტო ვხვდები ახალ წელს. სპორტული პიჟამო მაცვია, მზესუმზირას მივირთმევ და ტელევიზორს ვუყურებ. არავითარი ნაძვის ხე, მხოლოდ ერთი პატარა სათამაშო მიკიდია კედელზე, ეს არის ჩემი საახალწლო ატრიბუტი, მაგრამ წელს ვარღვევ ამ ტრადიციას და მივდივარ ისრაელში, გადაღება მაქვს იქ, უნდა ჩავწეროთ საახალწლო გადაცემა.
სრულიად საქართველოს ვუსურვებ ჯანმრთელობას და ჯანსაღ გონს. თუ ჯანმრთელად ხარ და გონიერი ხარ, უკვე ყველაფერი კარგად არის, ფულსაც შოულობ, გახარებულიც ხარ, შეყვარებულიც და, შესაბამისად, ბედნიერიც.
ნიკა წულუკიძე — თეატრმცოდნე
ყოველ წელს რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი ოჯახი ერთად ვხვდებით ახალ წელს. ოჯახში გოგრის მოხარშვის ტრადიცია გვაქვს, რომელსაც თქვენც გაგანდობთ: ოჯახში მთლიანი გოგრა უნდა მოიხარშოს.
თაფლით, მოხალული ნიგვზით, ქიშმიშით და ცოტა კონიაკით გავაკეთოთ ფარში. ამოვავსოთ გოგრა ამ ფარშით და დავაფაროთ თავისივე თავსახური. ეს არის სიმბოლო ხვავისა და დოვლათის. ჩემი ოჯახის მეკვლე მე თვითონ ვარ.
წელს ჩემმა მეუღლემ და შვილმა ჩემ გარეშე მორთეს ნაძვის ხე. ჩვენთან 10 დეკემბერს ნაძვის ხე უკვე მორთული იყო. ჩემმა შვილმა თიხისგან გამოძერწა სათამაშოები და დაალაგა ნაძვის ხესთან, ახლა უკვე თოვლის ბაბუას ელოდება.
ძალიან მინდა ყველა ოჯახს ჰქონდეს საახალწლო განწყობა და ჩემ ქვეყანაში არ არსებობდეს მშიერი ბავშვი. ეს ორი სურვილი მაქვს საახალწლოდ.