პირველად 30 წლის განმავლობაში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში შობადობა გაიზარდა

გამოწერა
დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით შობადობის მაჩვენებლები შემცირდა.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. 2016 წლის იანვარ-ივნისის პერიოდის მონაცემებით, პირველად 30 წლის განმავლობაში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში შობადობის მაჩვენებელი გაიზარდა, განუცხადა ჟურნალისტებს „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ. 

2016 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში რაჭაში 190 ჩვილი დაიბადა, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში კი — 162.

„რაჭისთვის ეს მნიშვნელოვანი ზრდაა და მინდა მივულოცო რაჭველებს. ეს ძალიან გვახარებს, რადგან რამდენიმე წლის წინ სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ეს ადგილები ხალხისგან დაიცლებოდა“, — აღნიშნა ჩიბურდანიძემ.

შობადობის მცირე მატება შეინიშნება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი) და მესტიაში. შობადობის ყველაზე დიდი ზრდა სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა.

ზოგადი მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში, თბილისის ჩათვლით, შობადობა, პირიქით, შემცირდა.

თბილისის მოქალაქეები - Sputnik საქართველო
საქართველოს დემოგრაფიული კრიზისი ემუქრება

ჩიბურდანიძის თქმით, მაღალმთიანეთში შობადობის ზრდა განპირობებულია „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ კანონის მიღებით, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებს გარკვეული შეღავათებითა და პრივილეგიებით უზრუნველყოფს.

კანონის თანახმად, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახები პირველი ან მეორე შვილის შეძენის შემთხვევაში სახელმწიფოსგან ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარის დახმარებას იღებენ. მესამე და მეტი შვილის დაბადების შემთხვევაში დახმარების მოცულობა ორი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ფიზიკური პირები გათავისუფლებული არიან საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან, მეწარმეები კი — ათი წლის განმალობაში ქონებისა და მოგების გადასახადისგან.

ჩიბურდანიძის თქმით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 1682 სოფელს მიენიჭა, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი 227,4 ათასმა პირმა მიიღო. მაღალმთიან დასახლებაში მოქმედი საწარმოს სტატუსი საქართველოში 88 საწარმოს აქვს.

ჩიბურდანიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 72 წელს აღწევს, რაც კარგ მაჩვენებელს წარმოადგენს და ჯანდაცვის სისტემაში დადებით რეფორმებზე მიუთითებს.

საქართველოს ყველა რეგიონის მიხედვით 2016 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებს ჩიბურდანიძე იანვრის ბოლოს წარადგენს, ხოლო მთლიანად 2016 წლის მიხედვით შობადობის მაჩვენებლები მარტში გამოქვეყნდება. ამჟამად საქართველოში დაახლოებით 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ყველა ახალი ამბავი
0