თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ტელეკომპანია „იმედის“ სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი ირაკლი რუხაძე მედიაჰოლდინგის შექმნის შემდეგ ტელეკომპანიების „მაესტროსა“ და GDS-ის ბედის შესახებ საუბრობს.
საქართველოში „იმედის“ ბრენდის ქვეშ მედიაჰოლდინგის შექმნის შესახებ ცნობილი სამშაბათს გახდა. „იმედის“ მფლობელმა, ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ უკვე შეისყიდა „სტუდია მაესტროს“ ძირითადი წილი, რომელიც ტელევიზია „მაესტროს“ მართავს. გარდა ამისა, დასრულების პროცესშია ტელეკომპანია GDS-ის შესყიდვასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებიც.
„საქართველოს მსხვილი ტელეჰოლდინგები იმისთვის სჭირდება, რომ კონცენტრირება მოახდინოს რესურსებზე, რათა ახალი ამბების, გასართობი და სხვა გადაცემების მაყურებლისთვის მიწოდება უფრო პროფესიონალურად მოხდეს“, — განაცხადა რუხაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
რუხაძემ „აზრსმოკლებული“ უწოდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ ნორმას, რომლის თანახმად, ერთ ადამიანს ან მასთან დაკავშირებულ რამდენიმე პირს უფლება არ აქვს ერთ ისეთ ტელევიზიაზე მეტის მფლობელი იყოს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს.
„ჩვენ ამ კანონს ასე არ ვუყურებთ. ეს უაზრო კანონია. თუმცა, ეს კანონი ერთმნიშვნელოვნად ასე არ იკითხება. „მაესტროში“ არ იგეგმება საინფორმაციო სამსახურის გაუქმება. GDS-ს კი როგორც გასართობ არხს, ისე მოვიაზრებთ. ჩვენ რაღაც გეგმები გვაქვს. ჩვენ სხვა ახალი არხების შექმნას ვაპირებთ — ზოგს ნულიდან, ზოგს კი, საინტერესო წინადადებების შემთხვევაში, შევისყიდით. ჩვენ ვმსხვილდებით და ვფართოვდებით“, — დასძინა რუხაძემ.
როგორც მან აღნიშნა, 2015 წელს ქართული ტელევიზიების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ისინი სიხშირეებს აღარ იყენებენ, შესაბამისად, ზემოხსენებული კანონის ნორმა შეიძლება მოძველებულად ჩაითვალოს.
როგორც არ უნდა იყოს, საბოლოო სიტყვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზეა, რომლისთვისაც გუდავაძეს ჯერ არ მიუმართავს.
ირაკლი რუხაძე აშშ-ის მოქალაქეა. ის ფლობს კომპანია Salford Georgia-ს და ასევე არის ტელეკომპანია „იმედისა“ და Liberty Bank-ის სამეურვეო საბჭოების წევრი.
რუხაძე მრავალი წლის განმავლობაში გარდაცვლილი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ბიზნეს-პარტნიორი იყო, შემდეგ კი ბიზნესმენის მეუღლეს ინა გუდავაძეს მეუღლის ბიზნესის მართვაში ეხმარებოდა.