ქართული „ოსკარი“, ანუ „დარიკო“ და მისი გადაცემის ცერემონია

© FB/Institut Lumièreერთ-ერთი პირველი კინოკამერა, ლუმიერების ინსტიტუტის მუზეუმი
ერთ-ერთი პირველი კინოკამერა, ლუმიერების ინსტიტუტის მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ძალიან დილა მშვიდობისა!

როგორ არ მინდოდა ზედმეტ ხარჯებში გადამეგდეთ ამ ახალი წლის ზღურბლზე და წკიპზე. თანაც, ამბობენ, მამლის წელთან დაკავშირებით მისი მეუღლის, ანუ ქათმის ხორცის და მისი გარე დეიდაშვილის, ანუ ინდაურის ხორცის მირთმევა არ შეიძლებაო და საცივში, სავარაუდოდ, თევზის ჩაწყობა მოგვიწევს ყველას.

ახლა, საახალწლო სუფრას შედარებით იაფფასიან ხეკს, ჭიჭყინას ან ნაფოტას ხომ არ ვაკადრებთ? არადა, მცირეაზიული ხრამული, შავპირა ღორჯო, ტარაღანა,  კალმახი, კეფალი და ფარფლწითელა, სავარაუდოდ, გოჭზე ძვირი დაგიჯდებათ (რომელიც შემოწმებულია და, საბედნიეროდ, არავითარ კავშირში არ არის მამალთან).

© FB/Institut Lumièreძმები ლუმიერები - სინემატოგრაფის ფუძემდებლები
ძმები ლუმიერები - სინემატოგრაფის ფუძემდებლები - Sputnik საქართველო
ძმები ლუმიერები - სინემატოგრაფის ფუძემდებლები

კიდევ იმასაც ამბობენ, სილამაზე და ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვსო და დღეს, იმასთან დაკავშირებით, რომ კინოს საერთაშორისო დღეა სწორედ ამ დღეს, 1895 წლის 28 დეკემბერს ძმებმა ლუმიერებმა პარიზის Grand Café-ში მოაწყვეს კინოფილმის პირველი ჩვენება ჩვენ აივანზე ამოსასვლელ კიბეზე გაფენილია ჰოლივუდისფერი წითელი ხალიჩა, რომელზეც ქალბატონებისთვის ზაფხულში გავლა გაცილებით იოლია — გაიკეთებ კაბაზე ზედმეტ „პრარეზს“, ან ჩამოგივარდება „შემთხვევით“ შალი, თანაც საჭიროზე ოდნავ მეტად და პრობლემა არ არის. აი ზამთარში კი ეგეთი რაღაცები არ გადის. „რაცხა“ პატარა შინშილის ქურქი მაინც უნდა გქონდეს წამოსხმული, ან წაულის პალანტინი, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ხელში უნდა დაიკავო საერთაშორისო ორგანიზაცია „გრინპისის“ პლაკატი… 

მესამე ვარიანტის ნუ მოგერიდებათ, რადგან მეც პლაკატით დაგხვდებით.

© FB/Institut Lumièreლუი ლუმიერი ლიონის ქუჩაში, 1895 წელი
ლუი ლუმიერი ლიონის ქუჩაში, 1895 წელი - Sputnik საქართველო
ლუი ლუმიერი ლიონის ქუჩაში, 1895 წელი

დღეს თქვენთვის სიურპრიზი მაქვს გამზადებული: ჩვენ აივანზე (პლაგიატი რომ არ დაგვაბრალონ) ჩვენი საკუთარი, „ქართული ოსკარის“ ლაურეატებს დავაჯილდოებთ.

დიდხანს ვფიქრობდი, რა ქანდაკება დამეპირისპირებინა „ბიძია ოსკარისთვის“ და უცებ გამახსენდა პიტერ ო’ტული, რომელმაც „ოსკარი“ მიიღო ძალიან დაგვიანებით და ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ქალბატონმა ქათინაურიც ესროლა, „ოსკარი“ ქალი რომ ყოფილიყო, ყველა ქანდაკება დიდი ხანია თქვენი იქნებოდაო.

ჰოდა, ვიფიქრე, ჩვენ თბილისურ აივანზე გამართულ კინოცერემონიაზე ვითომ რატომ არ შეიძლება დასაჯილდოებელი ქანდაკება ქალბატონი იყოს-მეთქი? ეს კი გადავწყვიტე, მაგრამ, სახელის მოგონება არ გინდოდა?

ათასი ვარიანტი მიტრიალებდა თავში: „ქრისტინე“, „მაგდანა“, „რუსუდანი“, „მზექალა“, “სიდონია“, „ასინეთა“, „მზევინარი“, „მარიტა“, „ფუფალა“…
ბოლოს ვიფიქრე, არავის რომ არ ეწყინოს, შევარჩევ უძველეს, 1936 წლის ფილმ „დარიკოს“-მეთქი, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა შეუდარებელი თამარ ციციშვილი. მით უმეტეს, რომ, როდესაც ბებიაჩემ ალექსანდრას ჩვენი შეთავაზებული ფილმი არ მოეწონებოდა ხოლმე, ვეუბნებოდით, რა ვქნათ, შენ „დარიკოს“  გარდა არაფერი მოგწონსო.

ასე რომ, ჩვენი დღევანდელი ცერემონიის მთავარი ჯილდო, „ოსკარისგან“ განსხვავებით, გახლავთ „დარიკო“.

აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს თითოეული თქვენგანი შედის ჟიურის შემადგენლობაში, მაგრამ საპატიო სტუმარი და ჟიურის თავმჯდომარე გახლავთ შეუდარებელი მერილ სტრიპი.

მე ის მხოლოდ იმის გამო კი არ შევარჩიე, რომ ჩემი და ბევრი თქვენგანის საყვარელი მსახიობია და საერთოდაც ძალიან ღირსეული ქალბატონი, უბრალოდ, სხვა არავინ დამთანხმდა ამ ყინვაში აივანზე ამოსვლაზე.

მერილის უამბიციობის, თავმდაბლობისა და სხვა შესანიშნავი თვისებების ამბავი ხომ იცით და თანაც მანამდე სისტემატურად ვუგზავნიდი ქართული ფილმების ბმულებს და ჩვენი შეხვედრის ბოლოს ის საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს.

მანამდე კი, როგორც ადრე კინოთეატრებში იცოდნენ ხოლმე მთავარი ფილმის ჩვენების წინ, მინდა გაგახალისოთ და ერთი ძველი და შესანიშნავი მულტფილმი გაგახსენოთ, რომელიც ძალიან უხდება კინოს საერთაშორისო დღეს:

ახლა კი მოგახსენებთ, რომ დანარჩენი პრესტიჟული კინოფესტივალებისგან განსხვავებით, ჩვენს „დარიკოს“ საკუთარი ნომინაციები აქვს.

მაგალითად, არ არსებობს „დარიკო“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, რადგან თუ რომელიმე ფილმში ქალმა როლი შეასრულა საუკეთესოდ, ესე იგი, გვერდით ჰყავდა მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი, ან საუკეთესო რეჟისორი, ან საუკეთესო მუსიკის ავტორი ან…

ამიტომაც ჩვენ კინოფესტივალზე არის სულ 4 ნომინაცია: 

•    „ძალიან კარგი ფილმი“

•    „შესანიშნავი ფილმი“

•    „გადასარევი  ფილმი“

და კიდევ ერთი დამატებითი ნომინაცია:

•    „საუკეთესო ეპიზოდური როლი“.

თქვენ დაგირიგდათ ანკეტები, რომლებიც აუცილებლად უნდა შეავსოთ, რადგან კენჭისყრის საბოლოო შედეგები მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

სანამ არჩევანს აკეთებთ, შემოგთავაზებთ კლიპს იმის შესახებ, როგორ იღებენ ფილმებს ჰოლივუდში. კერძოდ, რა დგას რეალურად, მაგალითად, მრავალგზის ოსკაროსანი „ტიტანიკის“ ლამაზი და გრანდიოზული კადრების მიღმა.

ახლა კი სიტყვას გადავცემ მერილ სტრიპს, რომელიც მოგვახსენებს თავის გადაწყვეტილებას…

მაგრამ ქალბატონმა მერილმა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, განაცხადა, რომ პირველად ცხოვრებაში ვერ აკეთებს არჩევანს, რადგან ჩემი გაგზავნილი ყველა ქართული ფილმი მოსწონს და უყვარს – ოთარ იოსელიანის „იყო შაშვი მგალობელიც“ და „გიორგობისთვეც“, მიხეილ კალატოზიშვილის „ჯიმ შვანთეც“, ელდარ შენგელაიას „არაჩვეულებრივი გამოფენაცა“ და „ცისფერი მთებიც“, მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველიც“, თენგიზ აბულაძის „ვედრება“ — მთელი ტრილოგია, მიხეილ კობახიძის „ქორწილიცა“ და „ქოლგაც“, დავით რონდელის „დაკარგული სამოთხეც“, გიორგი შენგელაიას „ფიროსმანიცა“და კიდევ ბევრი, ბევრი სხვა.

ბოლო, განსაკუთრებულ ნომინაციაშიც კი — „საუკეთესო ეპიზოდური როლი“, ორი მთავარი ნომინანტიდანაც ვერაფრით შეარჩია საუკეთესო.

ეს არც გამკვირვებია. ან როგორ გინდა შეარჩიო რომელი სჯობს – უკვდავი კადრები სესილია თაყაიშვილის შესრულებით თუ ვერიკო ანჯაფარიძისა?

მოკლედ, მე როგორც მივხვდი, ჩვენი აივნის კინოფესტივალი უნდა გავაფართოოთ საერთაშორისომდე და მკაცრად შევზღუდოთ მასში ქართული ფილმების კვოტა, ანუ პროგრამაში უცხოური ფილმებიც შევიტანოთ, თორემ ასე „დარიკოს“  ქანდაკებები არ გვეყოფა…

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და წარმატებულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0