თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ბრალად იარაღის უკანონო შეძენა-ტარება და შენახვა ედება, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.
მამაკაცის საცხოვრებელი ბინისა და ავტომობილის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს და ამოიღეს „კალაშნიკოვის“ მარკის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 არარეგისტრირებული სანადირო თოფი, ТК მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი, ИЖ-78-7,6 მოდელის პისტოლეტი და СПШ მოდელის სასიგნალო პისტოლეტი.
გარდა იარაღისა, შსს-ს თანამშრომლებმა ასევე ამოიღეს 8 მჭიდი, 285 საბრძოლო და 1 კუსტარულად დამზადებული ვაზნა.
დაკავებულმა ბრალი აღიარა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება და შენახვა“, რაც ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.