თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ბაკურიანში, 30-წლიანი პაუზის შემდეგ, მიტარბის სათხილამურო ტრასა გაიხსნა.
მიტარბიში ორი ახალი საბაგირო გზა და ერთი საბაგირო ამწევი ციგა დამონტაჟდა.
კურორტზე ასევე დაგეგმილია 2 ათას ადგილზე გაანგარიშებული ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. დაგეგმილია სასტუმროების, აპარტ-ოტელების, კოტეჯების, კვებისა და გასართობი ობიექტების მშენებლობა.
მიტარბის სათხილამურო ტრასის სიგრძე 3,5 კმ-ია და პროფესიონალი მოთხილამურეებისთვისაა განკუთვნილი.
მიტარბის სათხილამურო ტრასის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მისი განცხადებით, მიტარბის რეაბილიტაცია სპეციალური საინვესტიციო პროექტის წყალობით გახდა შესაძლებელი.
კოხტა-მიტარბის საბაგირო გზის გახსნაზე ხელისუფლებამ 48 მლნ ლარი გამოყო, ხოლო კერძო სექტორის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ 70 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული პროექტი საქართველოს სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით განხორციელებული ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიციაა.
„ეს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ახალი, საქართველოში უპრეცედენტო მოდელია. ამ ინვესტიციის წყალობით შეიქმნება ბორჯომის, ბაკურიანის, კოხტასა და მიტარბის ერთობლივი კომპლექსი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ლამაზი კურორტი იქნება“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალ წელს ბაკურიანში ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი ბიატლონის ტრასის მშენებლობა დაიწყება. გარდა ამისა, დაგეგმარდება ახალი სატრამპლინო სისტემა და დაიწყება ჰოკეის მოედნის მშენებლობა.
„ვფიქრობთ, 12 თვის მანძილზე არ იქნება დღე, როდესაც ეს კურორტები დატვირთული არ იქნება. ეს ნიშნავს უამრავ ახალ სამუშაო ადგილს", — დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.