თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოზარდებში მართლწესრიგის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, „თბილისი მოლში“ იმიტირებული უსაფრთხო ქალაქი მოაწყო, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
ღონისძიებაში შსს-ს დაქვემდებარებული ყველა სამსახური იღებდა მონაწილეობას.
„შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა წარმოადგინა საბავშვო პროექტი „კოსმოსური ხომალდი“, სადაც ბავშვებს „112-ის“ ოპერატორები ფუტურისტული იმიჯით დახვდნენ და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილი კომპიუტერული თამაშები შესთავაზეს“, ნათქვამია შს სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხომალდის კაპიტანმა გამარჯვებულებს უნივერსალური საშვები გადასცა, რომელთა საშუალებითაც ისინი ნამდვილ „112-ში“ მოხვდებიან და პირადად ნახავენ, როგორ ეხმარებიან ცენტრის ოპერატორები გადაუდებელ სიტუაციაში მყოფ მოქალაქეებს.
„ქალაქში“ შსს-ს მომსახურების სააგენტოს, დაცვის პოლიციისა და „112-ის“ თანამშრომლებმა ბავშვებსა და მოზარდებს უამრავი სიურპრიზი დაახვედრეს.
შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა უსაფრთხო ქალაქში დაცული სახლი წარმოადგინა და მოზარდებს სხვადასხვა საინტერესო შემეცნებითი კონკურსი შესთავაზა. გარდა ამისა, პატარები დაცვის პოლიციელების ფორმებში გამოეწყვნენ და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდები ჩაუტარეს, რათა ველოსიპედის მართვის უფლება მოეპოვებინათ.
მოზარდებს შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახემ, ძარიანი ავტომობილებით რბოლაში ევროპის ჩემპიონმა დათა ქაჯაიამ უმასპინძლა და მოძრაობის უსაფრთხოების წესები გააცნო.