თავდაცვის სამინისტრომ დაღუპული ჯარისკაცების შვილებისთვის საახალწლო კონცერტი გამართა

© FB/საქართველოს თავდაცვის სამინისტროლევან იზორია დაღუპული ჯარისკაცების შვილებთან ერთად
ლევან იზორია დაღუპული ჯარისკაცების შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მამის მეგობრისგან“ — ასე ერქვა საახალწლო კონცერტს, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ მისიებში და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული მებრძოლების მცირეწლოვანი შვილებისთვის გამართა.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik.  საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მისიებში და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული მებრძოლების მცირეწლოვან შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სპეციალურად მათთვის საახალწლო კონცერტი გამართა, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.

„ასორმოცდაათამდე ბავშვის წინასაახალწლო განწყობის შექმნასა და მათთვის დაუვიწყარი სიურპრიზების მომზადებაზე მათივე გმირი მამების მეგობრებმა იზრუნეს. ღონისძიების სახელწოდებაც სწორედ ეს იყო — „მამის მეგობრისგან“, — ნათქვამია თავდაცვის სამინსიტროს ვებგვერდზე.

პატარებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირადად მიულოცა დამდეგი დღესასწაული და ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა.

„ჩვენ, თქვენი მამების მეგობრებს, გვინდა გულით მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება. თქვენ გყავდათ საუკეთესო, სამაგალითო მამები. მინდა ყოველთვის გვახსოვდეს მათი გმირობა“, — უთხრა ლევან იზორიამ დაღუპული ჯარისკაცების შვილებს.

მინისტრის თქმით, მისი უდიდესი სურვილია, რომ  გმირი მებრძოლების შვილები იყვნენ ისეთები, როგორიც მათ მამებს გაუხარდებოდათ.

კონცერტის შემდეგ გმირების შვილებს მინისტრის პირადი საჩუქარი — ნაძვის ნერგები გადაეცათ, როგორც სიცოცხლის სიმბოლო.

პატარებს ასევე გადაეცემათ ფოტოხელოვან გოგა ჩანადირის მიერ სპეციალურად მათთვის, ამ დღის სამახსოვროდ შექმნილი ფოტოალბომები.

საქველმოქმედო ღონისძიება სამინისტროს ორგანიზებით და ქართული ესტრადის წარმომადგენლების მხარდაჭერით ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0