– ნანუკა, გილოცავთ ამ წარმატებას, რაც თქვენი აღიარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია…
— დიდი მადლობა, ძალიან მიხარია ჩემი ხელოვნების ასეთი აღიარება, ეს ფაქტი ჩემთვის გასული წლის ერთგვარად შემაჯამებელი შედეგიც არის. ჩემთან ერთად ძალიან კარგი ადამიანები დაჯილდოვდნენ და მინდა მათაც მივულოცო. მადლობას მოვახსენებ სააგენტო „პროფილის“ ხელმძღვანელს, ქალბატონ მანანა გეგიძეს, რომელმაც დააფუძნა იგი და მასვე ეკუთვნის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა „ქართული ბრენდის დღე“.
– როგორც ვიცი, ამ დღეს საზოგადოებას თამარ მეფის ყელსაბამი და სამაჯური წარუდგინეთ…
— დიახ, ეს არის ყელსაბამი და სამაჯური, რომელიც მნიშვნელოვან თარიღს – შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850-ე წლისთავს მივუძღვენი. ჩემი ნახელავი ქართულმა საზოგადოებამ პირველად სწორედ „ქართული ბრენდის დღეს“ იხილა.
– თამარ მეფის ყელსაბამი და სამაჯური თქვენი ფანტაზიის ნაყოფია თუ უკვე არსებული ორიგინალის მსგავსი ნაკეთობა?
— დიდი ხანია, რაც ამ სამკაულზე ფიქრი და მუშაობა დავიწყე. სამკაულის საცდელი ვარიანტი რამდენიმე წლის წინაც დავამზადე და გამოფენაზეც გავიტანე. ამის შემდეგ ერთგვარი კვლევა ჩავატარე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ბიზანტიის დედოფლებს გურჯი ხათუნსა და თამარ მეფეს დაახლოებით ერთი სტილის სამკაულები მოსწონდათ და ეკეთათ. ანუ მათი ფერები და ფორმა მსგავსი იყო. რაც შეეხება ჩემ მიერ დამზადებულ სამკაულს, მასალად გამოვიყენე მწვანე, ლალისფერი და ლურჯი ფერები, რაც, სხვათა შორის, თამარის სხვა სამკაულებშიც დომინირებს. გარდა ამისა, ჩემ სამკაულში ბუნებრივი მარგალიტიც გამოვიყენე, რაც თამარის ორიგინალურ ყელსაბამში ხშირად გვხვდება. დანარჩენი უკვე ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია.
– ნანუკა, მინდა შემოქმედებითი წარმატებები მომავალი წელსაც გისურვოთ…
— გმადლობთ, ეს ფაქტი ერთგვარი ტრამპლინია ჩემ შემოქმედებაში და ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ, მომავალში უფრო საინტერესო და მასშტაბურ პროექტებს ვგეგმავ. იმედია, გავამართლებ იმ ნდობას, რაც ქართულმა საზოგადოებამ და კონკრეტულად სააგენტო „პროფილმა“ გამომიცხადა.