თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ცნობილი იტალიელი კინომსახიობი მონიკა ბელუჩი აღაფრთოვანა ქართულმა კომპოზიციებმა, რომლებიც ცნობილმა ქართულმა მუსიკალურმა კოლექტივმა „არაგვი ბენდმა“ შეასრულა.
მსახიობმა ისინი მოსკოვის ლეგენდარულ რესტორან „არაგვში“ მოისმინა, რომლის რეზიდენტებიც ქართველი მუსიკოსები არიან. რუსეთის დედაქალაქში მსახიობი მსოფლიოში ცნობილ რეჟისორთან ემირ კუსტურიცასთან ერთად ჩავიდა თავისი ახალი ფილმის „ირმის ნახტომზე“ პრეზენტაციისთვის.
„ამ რესტორანში ასეთი სტუმრები მუდამ გვყავს. ახლახან იყვნენ ნიკოლას კეიჯი და ჯონ მალკოვიჩი. 20 დეკემბერს კი იყვნენ მონიკა ბელუჩი და ემირ კუსტურიცა. „არაგვი ბენდმა“ ჩვენი სტუმრებისთვის იმღერა „მრავალჟამიერი“, „სულიკო“, „თბილისო“. მე პირადად ვნახე, მონიკა დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყო. ვახშმისა და კონცერტის მერე მათ მადლობა პირადად გადაუხადა“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ბენდის პიარ-დირექტორმა ანა ვოლკოვამ.
„არაგვი ბენდის“, წარსულში „თეატრალურის კვარტეტის“ შემადგენლობაში მღერიან ოთო კოვზირიძე, ლაშა კერვალიძე, კობა ჭეფხოძე და ირაკლი აბჟანდაძე. ჯგუფის მუსიკალური ხელმძღვანელია „ქართული ხმების“ სოლისტი დათო არჩვაძე.
ანსამბლი საქართველოში 2002 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დააარსეს. ბენდის სოლისტია ქეთი გაბისიანი.