აღიარეთ, რამდენჯერ მოგისმენიათ ირგვლივ მყოფთა წუწუნი თემაზე, რომ ახალი წელი მხოლოდ ერთი დიდი და უსასრულო ქეიფია. და ეს ყველაფერი ძველ ახალ წლამდე გრძელდება.
მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ყოველ ახალ წელს ვყიდულობთ უამრავ პროდუქტს და ვამზადებთ კერძებს. ასეთი ტრადიცია გვაქვს. თანაც იმდენს ვამზადებთ, რომ ამდენის ათვისება არარეალურია. ჩვენ გვინდა, რომ სუფრაზე კერძები ერთმანეთზე სართულებად ელაგოს. ნათქვამია, ახალ წელს როგორც შეხვდები, ისევე გაატარებო. და ამის გვჯერა! აბა, ნათელი მომავლის იმედს ხომ არ დავკარგავთ?! ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროპისკენ და მისი ტრადიციებისკენ მივილტვით, და ამავე დროს კავკასიურად არაფერში ზომა არ ვიცით. ამიტომ როდესაც ახალი წელი მოდის, ფულს ნავთობის მაგნატებივით ვფლანგავთ. აქ მთავარია დროულად შევჩერდეთ, მერე გვიანი რომ არ იყოს. მით უმეტეს, რომ ლარი დიდი სისწრაფით უფასურდება.
მაგრამ დღესასწაული დღესასწაულია. და გემრიელი კერძების დაგემოვნების სურვილიც დიდია. ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვეთვალა, რა დაგვიჯდება ეს სიამოვნება.
საცივი
საახალწლო სუფრაზე სამეფო ადგილი ეთმობა საცივს. საცივის მომზადების რეცეპტი ინდაურის ყიდვას მოითხოვს. ინდაური, მისი ზომიდან გამომდინარე, საშუალოდ 60-100 ლარი ღირს. ინდაურის ნაცვლად ქათამიც გამოგადგებათ, რომლის ერთი კილოგრამის ფასი 6-7 ლარია.
საცივის შემდეგი აუცილებელი კომპონენტი ნიგოზია. ერთი კილოგრამი ნიგოზი 22-28 ლარი ღირს, ნიორი — 8-10 ლარი, ორი-სამი ლარის სანელებლებიც და თქვენი საცივი დაახლოებით 95 ლარი დაჯდა.
ფხალი
ყველაზე პოპულარულია ისპანახის ფხალი, რომლის ერთი კილოგრამი 1,5-2 ლარი ღირს. ბადრიჯნის ფასი ბაზარშიც და სუპერმარკეტების ქსელებშიც 3,5 ლარს შეადგენს.
მწნილი
მწნილი საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია. მისი არომატი გულგრილს არავის დატოვებს. ერთი კილოგრამი მწნილი საშუალოდ 3-7 ლარი ღირს.
"ოლივიე"
ეს სალათი, როგორც წარსულის ნოსტალგია, ბევრ ოჯახში უყვართ და საახალწლოდ მზადდება. ეს ნოსტალგია დაახლოებით ათი ლარი დაგიჯდებათ.
ხაჭაპური
გადავდივართ ცხელ კერძებზე. კარგი სახაჭაპურე იმერული ყველი 9 ლარი ღირს, სულგუნი — 12-14 ლარი. თუ ცომისთვის საჭირო მასალის ღირებულებასაც მივუმატებთ, ხაჭაპური დაახლოებით 20 ლარი დაგვიჯდება.
ტოლმა
ტოლმისთვის ერთი კილოგრამი ძროხის ან ღორის ხორცი საშუალოდ 12 ლარი ღირს. ამას ვაზის ფოთოლი, ბრინჯი, ხახვი, მწვანილი მივუმატოთ. ტოლმის ფასი სადღაც 20 ლარის ფარგლებში გამოვა.
ლაბა
აქ დაგვჭირდება ღორის ფეხები და თავი, საქონლის არტალის ნაჭერი. ჯამში ეს ყველაფერი 30 ლარის ფარგლებში დაჯდება.
გოჭი
ითვლება, რომ გოჭის სიმსუქნეზე ოჯახის კეთილდღეობაა დამოკიდებული. და ეს კეთილდღეობა 80 ლარიდან და ზემოთ დაჯდება.
მწვადი
მწვადისთვის დაახლოებით ორი კილოგრამი ღორის ხორცი დაგჭირდებათ. ხორცის არჩევას აქ დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწვადე ხორცი (სუკი) უფრო ძვირი ღირს — 16-18 ლარი.
გოზინაყი
ამ ზღაპრული ტკბილეულის გასაკეთებლად დაგვჭირდება ნიგოზი და თაფლი. ნამდვილი თაფლი (ერთი კილოგრამი) 20-25 ლარი ღირს, ნიგოზი უკვე ზემოთ ვახსენეთ. შესაბამისად, გოზინაყის გასაკეთებლად 35 ლარი დაგვჭირდება.
დაგვრჩა ჩურჩხელები (1,5-3 ლარი), ჩირი (7-10 ლარი), კანფეტები და ნამცხვრები. ამ ყველაფრისთვის სადღაც 30 ლარი დაგვჭირდება.
სასმელები
ქარხნის ღვინის ფასის დიაპაზონი ძალიან ფართოა, იგივე შეიძლება ითქვას არაყზეც. ოჯახის ღვინო კი სამიდან ხუთ ლარამდე ღირს, სახლის ჭაჭა — 4 ლარი. ერთლიტრიანი ლიმონათის ბოთლი 1,5 ლარი ჯდება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. საახალწლოდ ფასებმა შიძლება მოიმატოს, ამიტომ იჩქარეთ!
თუ ყველაფერს შევაჯამებთ, საახალწლო სუფრა მინიმუმ 500 ლარი დაჯდება!
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!